თბილისის იუსტიციის სახლი დღეს მომხმარებელს საგანგებო რეჟიმში 22:00 საათამდე მიიღებს

“იუსტიციის სახლი დღეს საგანგებო რეჟიმში იმუშავებს და მომხმარებელს 22:00 საათამდე მიიღებს”, – ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სახლი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მომხმარებლები, რომლებმაც არ გამოიყენეს ვადები, რომლებიც შესაბამის მომსახურების მისაღებად ჰქონდათ მიცემული და მხოლოდ დღეს მიმართეს იუსტიციის სახლს, რამაც იუსტიციის სახლში ნაკადების მკვეთრად ზრდა გამოიწვია, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განკარგულებით მომსახურების მიღებას დღეს 22:00 საათამდე შეძლებენ. იუსტიციის სახლი მუშაობის საგანგებო რეჟიმზეა გადასული.

“იუსტიციის სახლი 16:00 საათის მდგომარეობით უკვე მოემსახურა 7000-ზე მეტ მომხმარებელს, მათგან 2263 მომხმარებელს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სერვისებზე, ხოლო ტაქსით მომსახურების ნებართვის მიღების მიმართულებით – 753 მომხმარებელს. ამჟამად, საჯარო რეესტრის სერვისების მიმართულებით რიგს კიდევ 2073 მომხმარებელი ელოდება. აღსანიშნავია, რეკორდულია არა მარტო დღეს იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლის, არამედ ანალოგიურ დროში გაცემული სერვისების რაოდენობაც. იუსტიციის სახლი მაქსიმალური დატვირთვის პირობებში ცდილობს მომხმარებლის მომსახურებას და მუშაობას გააგრძელებს მანამ, ვიდრე ყველა მათგანი არ მიიღებს სასურველ მომსახურებას.

გადაჭარბებული ნაკადები იუსტიციის სახლში ორი კონკრეტული სერვისითაა განპირობებული, რომელთა გაცემის ვადა პირველ ოქტომბრამდე იწურება.
როგორც ცნობილია, ყველა ის პირი, რომელიც ახორციელებს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს, ვალდებულია შესაბამისი საქმიანობის ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დაიწყო (მთავრობის 27.07.2018წ. N381 დადგენილების ძალაში შესვლისთანავე) და 1 ოქტომბრამდე გრძელდებოდა.

პირველ ოქტომბრამდე ეწურება ვადა ასევე, რომელიც 21 აგვისტოდან თბილისის იუსტიციის სახლშიც გაიცემა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1 ოქტომბრიდან არალიცენზირებული ტაქსი დაჯარიმდება, თუმცა ლიცენზიის გაცემა გაგრძელდება ისე, როგორც ამ დრომდე მიმდინარეობდა.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე სერვისი მინიმუმ თვეზე მეტია მშვიდ ვითარებაში გაიცემა, ვინაიდან 1 ოქტომბრამდე სრულდება მათი გაცემის ვადები, მომხმარებლის დიდმა უმრავლესობამ იუსტიციის სახლს სწორედ სერვისის გაცემის ბოლო დღეს მიმართა.

იუსტიციის სახლი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მომხმარებლის ნაკადი მართოს, თუმცა რეკორდული ოდენობის გამო, ცხადია მომსახურების დრო საგრძნობლად გაზრდილია. ჩვენ ვთხოვთ მომხმარებელს სიმშვიდესა და თანამშრომლობას, რადგან როგორც იუსტიციის სახლის პერსონალი, ასევე მომხმარებელი არაორდინალურ ვითარებაში ვიმყოფებით. ჩვენ ყველა ძალას ვხმარობთ იმისათვის, რომ არცერთ მომხმარებელს პრობლემა არ შეექმნას”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები