თეა წულუკიანი: იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული

იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იუსტიციის მინისტრმა,თეა წულუკიანმა განუცხადა.
„რადგან დღეს არის პარასკევი და კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით იყო დადგენილი, რომ 1 ოქტომბრამდე უნდა აეღოთ ტაქსის ლიცენზია, რომელიც, სხვათა შორის, პირველი ოქტომბრის შემდეგაც შეუძლიათ აიღონ − ეს იმ მოქალაქეების საყურადღებოდ, ვინც ჩქარობს და დღეს ცდილობს, დღის ბოლომდე მიიღოს ეს სერვისი, დღევანდელი დღე იყო განსაკუთრებულად გადატვირთული, რადგან დღეს კანონით დადგენილი ვადის ბოლო დღეა.
რატომღაც, მოქალაქეების დიდმა ნაწილმა მოიცადა ბოლო დღემდე, მიუხედავად იმისა, რომ მანამდეც შეეძლოთ, მშვიდ გარემოში ეს სერვისი მიეღოთ. მაგრამ მინდა, სიმშვიდისკენ მოვუწოდო ყველას. ჩვენ დღეს 16 საათამდე 6. 600 მოქალაქეს მოვემსახურეთ, მაშინ, როდესაც ჩვეულებრივ დღეს დღეში 8.500 ადამიანს ვემსახურებით. რიგში დგას კიდევ ბევრი, იმიტომ, რომ ეჩქარებათ, 1-ლ ოქტომბრამდე მიიღონ სერვისი.
მინდა, ყველას ვუთხრა, რომ იუსტიციის სახლები დღეს არ დაიკეტება მანამ, სანამ ყველა მოქალაქე არ მიიღებს იმ სერვისს, რომლისთვისაც არის მისული იუსტიციის სახლში. ამიტომ ვნებათაღელვის საფუძველი არ არსებობს. უბრალოდ, მომავლისთვის ყველას ვურჩევ, რომ ბოლო დღემდე ნუ მოიცდიან. როდესაც კანონი გვიდგენს ვადას, ამ ვადის განმავლობაში მივიდეთ იუსტიციის სახლებში”, – განაცხადა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები