მარიამ ჯაში გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს (IAP) შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელ ექსპერთა საბჭოს (IAP) 2018 წლის ანგარიში გამოქვეყნდა, რომელიც დედათა, ბავშვთა და ახალგაზრდების ჯანმრთელობის სფეროში კერძო სექტორის პასუხისმგებლობას ეხება.
შეხვედრას საერთაშორისო საპარლამენტო კავშირის, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის, გაეროს სააგენტოებისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.
დამოუკიდებელ ექსპერტთა საბჭოს მთავარი რეკომენდაცია ჯანდაცვის, ფარმაცევტული და კვებითი მრეწველობის სფეროებში კერძო სექტორის პასუხისმგებლობასა და რეგულირების აუცილებლობას ეხება. ანგარიშში ასევე შესულია საქართველოს გამოცდილება 2018 წლის თებერვალში IAP საბჭოს წევრების თბილისში ვიზიტის შემდგომ.
მარიამ ჯაშმა შეხვედრაზე ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის დომინანტური როლის გათვალისწინებით, ქვეყნის გამოცდილება წარადგინა.
„სრულად ვიზიარებ IAP რეკომენდაციას, რომ ჯანდაცვა არ არის ეკონომიკური ბაზრის სტანდარტული პროდუქტი. ჯანდაცვის სფეროში კერძო სექტორის რეგულირება აუცილებელია სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარისხის უზრუნველსაყოფად. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგულურება დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყნებში, სადაც მტკიცებულებაზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკა ჯერ კიდევ არ არის ფართოდ დანერგილი. საქართველოში უკვე მოქმედებს სავალდებულო რეგულაციები კერძო სექტორის სერტიფიცირების, ანგარიშვალდებულებისა და მართვის საინფორმაციო სისტემების მიმართულებით. თუმცა ჩვენ გვჭირდება დამატებით საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ შეიძლება ჯანდაცვის სფეროში ხარისხისა და დანახარჯების უფრო ეფექტური მართვა. ასევე გვჭირდება წარმატებული მოდელები – თუ როგორ შეიძლება კერძო სექტორის დაინტერესება ჯანმრთელი საკვები პროდუქციის საწარმოებლად და მისაწოდებლად საგანმანათლებლო გარემოში. დაბოლოს, ნება მომეცით, ხაზი გავუსვა კერძო სექტორის როლს დამატებითი ფინანსური რესურსების მოზიდვის კუთხით. ჩვენ შეგვიძლია ერთობლივად ვიმუშაოთ და ხელი შევუწყოთ კერძო სექტორს არა მხოლოდ მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის, არამედ ახალი დაფინანსების პლატფორმების შესაქმნელად ქალთა, ბავშვთა და ახალგაზრდობის ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით“, – აღნიშნა კომიტეტის თავმჯდომარემ.
მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ინოვაციური დაფინანსების გლობალური სამდივნოს პრეზიდენტის რანგში, მთავარ შეხვედრას დღეს გამართავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები