დავით სონღულაშვილი: მთავარია, რომ ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პროგნოზი არის ზრდადი და პოზიტიური

“მიუხედავად იმისა, რომ წინასაარჩევნო პერიოდში, ნებისმიერ ქვეყანაში, ეკონომიკური აქტივობები შედარებით შენელებულია, არაფერი არაბუნებრივი არაა, მთავარია, რომ ტენდენცია და პროგნოზი არის ზრდადი და პოზიტიური.
წინასწარი შეფასებით, 2018 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში, საქართველოს მშპ 4.8%-ით გაიზარდა”, – ასე აფასებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სტატისტიკის სამსახურის მიერ გავრცელებულ მონაცემებს.
დავით სონღულაშვილის განცხადებით, ხელისუფლების სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, საქართველოს ეკონომიკის ზრდა ერთ-ერთი ყველაზე მდგრადია რეგიონში.
“აღსანიშნავია, რომ წინა წლის შესაბამისი თვის მაჩვენებელთან შედარებით, 2018 წლის აგვისტოში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 8.8%-ით მეტია და 6 105.7 მლნ. ლარს შეადგენს, ხოლო ახალ დარეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა 4 387 ერთეულს გაუტოლდა, რაც 21.1%-ით მეტია 2017 წლის აგვისტოს თვის მონაცემთან შედარებით. მისასალმებელია, რომ ბოლო პერიოდში რამდენიმე საფინანსო ინსტიტუტმა (აზიის განვითარების ბანკი; საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი) საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გაზარდა, რაც 2018 წლის პირველ ნახევარში მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდით და ინვესტიციების ზრდით იყო განპირობებული”, – განაცხადა სონღულაშვილმა.
ცნობისათვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის რვა თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,8 პროცენტით განისაზღვრა.
2018 წლის აგვისტოში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა.
ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები