საქართველოში კიბერსპორტში პირველი ტურნირი ჩატარდა

ახალგაზრდა, პერსპექტიული მოთამაშეების აღმოჩენისა და საქართველოში კიბერსპორტის განვითარების მიზნით, კლუბში Cyber-ში ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მხარდაჭერით, კიბერსპორტულმა ორგანიზაციამ ”ზი ლაქი უანზ”(The Lucky Ones) კიბერსპორტში ტურნირი ჩაატარა.
ტურნირის მიზანს, საქართველოში, სხვადასხვა სათამაშო დისციპლინაში, კიბერსპორტული გუნდების შეგროვება და საუკეთესო მოთამაშის გამოვლენა წარმოადგენდა. გამარჯვებულ გუნდს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ დაწესებული თასი გადაეცა.
ტურნირი სოხუმის დაცემის 25 წლისთავს მიეძღვნა. აღსანიშნავია, რომ მისი ორგანიზატორები ალექსანდრე ჯღამაია და ირაკლი მინდიაშვილი, აფხაზეთიდან დევნილები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებული საბრძოლო მოქმედებების ვეტერანთა შვილები არიან. ახალგაზრდებს სურვილი აქვთ, საქართველოში განავითარონ კიბერსპორტი და გამოავლინონ საუკეთესო მოთამაშეები, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, საქართველოს სახელით იასპარეზებენ. მათ, ასევე, განზრახული აქვთ, რაც შეიძლება, მეტი ვეტერანის შვილი დაასაქმონ და წარმატებისკენ გზა გაუხსნან.
„ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. ჩვენი მამები საქართველოსთვის იბრძოდნენ. ვეტერანების შვილები ვართ და გვინდა, ამ საქმეში, სხვა ვეტერანების შვილები ჩავრთოთ, მივცეთ მათ განვითარების საშუალება. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 25 წელიწადი შესრულდა, რასაც ჩვენს მშობლებთან ერთად, ჩვენც მტკივნეულად განვიცდით. ჩვენ არასოდეს ვყოფილვართ სოხუმში და იმედი გვაქვს, რომ მალე დავადგამთ ფეხს წინაპართა მიწას. დიდი მადლობა გვინდა, გადავუხადოთ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, რომლის მხარდაჭერის და თანადგომის გარეშეც, ამ ტურნირს ვერ ჩავატარებდით. ეს ჩვენთვის უდიდესი თანადგომაა. ვეცდებით, გავამართლოთ მათი და ყველა ვეტერანის იმედები და ეს სპორტი, რომელიც მთელს მსოფლიოში, უფრო და უფრო პოპულარული ხდება, საქართველოშიც განვავითაროთ, მაქსიმალურად ჩავრთოთ ჩვენი მშობლების თანამებრძოლთა, ვეტერანთა შვილები“,- განაცხადა ტურნირის ორგანიზატორმა, ალექსანდრე ჯღამაიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები