ათეა-ს ორგანიზებით კონფერენცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“ გაიმართა

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) ორგანიზებით, ევროკავშირის პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, კონფერენცია თემაზე – „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება“ გაიმართა.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, მზია გიორგობიანთან და ათეა-ს პირველ ვიცეპრეზიდენტთან, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან, გიორგი ტყემალაძესთან ერთად, ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ – კატალინ გერმანმა და საქართველოში ნორვეგიის საელჩოს მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ვეგარდ სტენსრუდმა მიმართეს.

ღონისძიების მონაწილეებმა კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და პარტნიორ ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

“დეცენტრალიზაციის სტრატეგიის შემუშავების პროცესში და შემდგომ, ამ სტრატეგიის განხორციელების ეტაპზე, აუცილებელია, მუნიციპალიტეტების მიერ თვითშეფასების ინსტრუმენტის დანერგვა, რაც მნიშვნელოვანია, მათ შორის, მოსახლეობისთვის სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ამასთან, აღნიშნული, ერთის მხრივ დაეხმარება თავად მუნიციპალიტეტებს მუდმივად იზრუნონ სერვისების მიწოდების გაუმჯობესებაზე, მეორეს მხრივ კი, ცენტრალურ ხელისუფლებას დაეხმარება სათანადო პოლიტიკის განსაზღვრაში”, – განაცხადა მზია გიორგობიანმა.

გიორგი ტყემალაძემ მუნიციპალიტეტებს შორის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებასა და საზოგადოების მონაწილეობაზე ისაუბრა და აღნიშნულ პროცესში ასოციაციის (NALAG) ჩართულობას გაუსვა ხაზი.

,,ჩვენ, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, კარგად გვესმის მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი სისტემის განვითარების აუცილებლობა. ვფიქრობ, პროექტი დაგვეხმარება დავხვეწოთ მუნიციპალიტეტების საქმიანობის შესრულების ეფექტიანობა. ასევე მნიშვნელოვანია მოსახლეობამ აქტიურად გამოავლინოს საკუთარი შეჯერებული ინიციატივები, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივ განვითარებას. ამ მხრივ თბილისის მუნიციპალიტეტმა გადადგა გარკვეული ნაბიჯები. ამჟამად ფუნქციონირებს ელექტრონული პორტალი ,,შენი იდეა ქალაქის მერს“, რომელიც მოქალაქეების ინიციატივების საფუძველზე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზანს ემსახურება “, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.

ათეა-ს ექსპერტებმა, კახა გურგენიძემ და ნინო ზურაბიშვილმა დამსწრე საზოგადოებას მოქალაქეთა მონაწილეობის ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე და საუკეთესო პრაქტიკის შეფასების მეთოდოლოგიაზე მიაწოდეს ინფორმაცია. როგორც მათ აღნიშნეს, პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში განხორციელდება, წამოყენებულია საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით, თვითმმართველობებისთვის ახალი მექანიზმების შემოტანას ითვალისწინებს.

კონფერენცია, რომელიც კითხვა-პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, დავით მელუამ შეაჯამა.

მისი განცხადებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის მონიტორინგისა და შეფასების“ სისტემა მნიშვნელოვანი და ეფექტური მართვის ინსტრუმენტია, რომლის გამოყენებითაც ორგანიზაციების და სისტემების მუშაობის შეფასება, სისუსტეების გამოვლენა და შემდგომში, საჭიროების არსებობის შემთხვევაში, ვითარების გამოსწორება გახდება შესაძლებელი.

პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივაა, რომელსაც საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (NALAG), კვლევით ცენტრ – PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALRG) თანამშრომლობით ახორციელებს.

კონფერენციას, რომელიც სასტუმრო „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა, საქართველოს სახვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და მკვლევრები ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები