“კარგია, ერთი ფერის ტაქსები, მაგრამ, აქცენტები უნდა დავსვათ იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომლებიც ყველას გვაწუხებს“

კარგია, იყოს ერთი ფერის ტაქსები, მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფერთან ერთად, აქცენტები უნდა დავსვათ იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელიც ელემენტარულია და რომელიც ყველას გვაწუხებს, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ლალიაშვილი ტაქსების რეგულაციის საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ რეფორმას მხარს უჭერს.
„ სწორი მიდგომაა რომ ეტაპობრივად ხდება რეფორმის განხორციელება. როცა ვსაუბრობთ ტაქსების ლიცენზირებაზე, მნიშვნელოვანია მოთხოვნების წაყენება როგორც ავტოტრანსპორტის გამართულობის თუ უსაფრთხოების მიმართულებით, ასევე მძღოლის კვალიფიკაციის, ჯანმრთელობის მდგომარეობის და სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ასევე ის, თუ როგორ ხდება ამ ყველაფრის ადმინისტრირება. ეს მიმართულებებია ჩვენი მოლოდინი, რომ გავიგოთ თბილისის ხელმძღვანელებისგან“, – განაცხადა ლალიაშვილმა.
მისივე თქმით, მისასალმებელია ის, რომ ტაქსის მომსახურება ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით იკრძალება.
„უბრალოდ მეტი ინფორმაცია გვინდა ვიცოდეთ, რა ხდება მძღოლების მიმართულებით, ეს რეფორმა გვჭირდება იმისთვის, რომ ავამაღლოთ გზებზე უსაფრთხოება, დღეს როცა გვაქვს უკმაყოფილება, ან შიშის განცდა ტაქსით სარგებლობისას, მაგალითად ის, რომ მძღოლი არის გაუწონასწორებელი, ის ვერ მართავს სათანადოდ, არ არის ტაქსებში ჰიგიენური პირობები დაცული, სწორედ ამ გამოწვევებს უნდა გავცეთ პასუხი ამ რეფორმით. აქ ძალიან დიდი წილი აქვს მძღოლების მდგომარეობას, რამდენად ჯანმრთელად არიან ისინი, რამდენად გაწონასწორებულები არიან, როგორც მინიმუმ, ფსიქიატრიულში არ უნდა იყვნენ აყვანილი აღრიცხვაზე, იმიტომ, რომ დღეს არ მოწმდება მძღოლების ფსიქიკური მდგომარეობა. არ უნდა იყვნენ ნასამართლევი კრიმინალზე. შესაძლოა, ყველა ადამიანს ჰქონდეს პრობლემა ცხოვრების განმავლობაში, მაგრამ ადამიანი, რომელიც საშიშია საზოგადოებისთვის, ბუნებრივია მძღოლებად ვერ უნდა მივიღოთ. მნიშვნელოვანია ცოდნა, კვალიფიკაცია. ქალაქის რუკა უნდა იცოდეს, ასევე უსაფრთხოდ მართვა, ავტომობილის ელემენტარული საკითხები.
ბუნებრივია, ძალიან კარგია, იყოს ერთი ფერის ტაქსები, მაგრამ, ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მოდით, ასევე ფერთან ერთად აქცენტები დავსვათ იმ უსაფრთხოების ნორმებზე, რომელიც ელემენტარულია და რომელიც ყველას გვაწუხებს. იმიტომ, რომ გავა დრო და ამ პერიოდის შემდეგ აუცილებლად დაისმება კითხვა – მივიღეთ გარკვეული შედეგები? . თუ ჩვენ არ გავამახვილეთ ყურადღება ამ პრობლემებზე, დაგვრჩება მხოლოდ თეთრი ტაქსები, რომელთაც ეყოლებათ მძღოლები კვლავ აგრესიულები, კვლავ უცოდინრები, კვლავ გაუწონასწორებლები“, – განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ტაქსის მომსახურების ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილებით გაწევა იკრძალება. ამის შესახებ თბილისის მთავრობის გუშინდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ტაქსებთან მიმართებაში ახალი ვიზუალური სტანდარტი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან ამოქმედდება.
კალაძემ ტაქსების ვიზუალურ მხარეზე მთავრობის გუშინდელ სხდომაზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, დაადასტურა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ტაქსის ფერთან დაკავშირებით, რომელიც თეთრი იქნება.
მისივე თქმით, ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლებისთვის ქალაქში გამოიყოფა სპეციალური პარკირების ადგილები, რომელიც მათთვის უფასო იქნება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები