ეკა ლალიაშვილი: არა მხოლოდ ტექინსპექტირების საკითხზეა საჭირო, არამედ გამონაბოლქვის ცალკე კონტროლია მნიშვნელოვანი

მთავარი აქცენტი რაზეა გასაკეთებელი, რაც მეტად საყურადღებოა ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ისაა, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლები იქნებიან, თუ ნებისმიერი კატეგორია, გადიან ტექინსპექტირებას, მაგრამ კვლავ აბინძურებენ გარემოს, – ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმაზე საუბრისას, განაცხადა.
ლალიაშვილის თქმით, არა მხოლოდ ტექინსპექტირების საკითხზეა საჭირო კონტროლი, არამედ გამონაბოლქვის ცალკე კონტროლია მნიშვნელოვანი, რაც დღეს პრაქტიკულად არ ხდება.
მანვე აღნიშნა, რომ არ ეთანხმება მოსაზრებას, რომლის თანახმადაც ტექდათვალიერების რეფორმა ჩავარდა.
„ვერ გეტყვით, რომ ტექინსპექტირების რეფორმა ჩავარდნილია. ვერ დავეთანხმები ამ მოსაზრებას. პროცესი, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით და მუდმივად გვაქვს კონსულტაციები, თუ როგორ მიმდინარეობს, სტატისტიკისა თუ მძღოლების მზაობის თვალსაზრისით. მიმდინარეობს საკმაოდ ნორმალურად. მძღოლები მიდიან ტექდათვალიერების ცენტრებში და გადიან შემოწმებას.
მთავარი აქცენტი რაზეა გასაკეთებელი, რაც მეტად საყურადღებოა ხელისუფლების მხრიდან, სწორედ ისაა, რომ სამარშუტო ტაქსის მძღოლები იქნება, თუ ნებისმიერი კატეგორია, გადიან ტექინსპექტირებას, მაგრამ კვლავ აბინძურებენ გარემოს. ეს არის ხაზგასასმელი საკითხი, აქ ვაწყდებით ადმინისტრირების სისუსტეს. არა მხოლოდ ტექინსპექტირების საკითხზეა საჭირო კონტროლი, არამედ გამონაბოლქვის ცალკე კონტროლია მნიშვნელოვანი, რაც დღეს პრაქტიკულად არ ხდება. ამიტომ გვინდა, მივიქციოთ შესაბამისი საჯარო უწყებების ყურადღება, რომ 193-ე მუხლის, მესამე ნაწილი, რომლის მიხედვითაც ჩვენ გვეძლევა საშუალება, დავაჯარიმოთ ეს ადამიანები და ცალკე გავაკონტროლოთ გამონაბოლქვი, იქნას აღსრულებული. პრაქტიკულად, დღეს, ამის ადმინისტრირება არ ხდება. თუ ჩვენ ვერ გავაკონტროლეთ ცალკე გამონაბოლქვი ჭკვიან კამერებთან უნდა იყოს ბმაში მთლიანად ტექინსპექტირების გაკონტროლება, მაშინ მივიღებთ შემდეგ სურათს – ტრანსპორტი გაივლის შემოწმებას, მაგრამ კვლავ იქნება ჰაერის დამაბინძურებელი. შესაბამისად, ამ რეფორმის დისკრედიტაცია მოხდება.
არის ძალიან საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ მძღოლები ახერხებენ გარკვეული ხელოვნური ჩარევებითა და მანიპულაციებით იმ მომენტში გაიარონ ინსპექტირება გამონაბოლქვზე, როცა ეს არ გამოჩნდება. როცა ისინი გამოდიან ტექსინპექტირების ცენტრებიდან კვლავ რჩებიან დამაბინძურებლებად. ეს უნდა აღიკვეთოს. როცა მძღოლებს მოლოდინი გაუჩნდებათ, რომ ქუჩაშივე ხდება გამონაბოლქვის შემოწმება, ეს მანიპულაცია აზრს დაკარგავს”, – განაცხადა ლალიაშვილმა.
ცნობისთვის, „საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, დავით მესხიშვილმა, რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის პირველი ეტაპი ჩავარდა. როგორც მესხიშვილმა აღნიშნა, ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებები გზებზე კვლავ მოძრაობენ.
შეგახსენებთ, რომ პირველი ივლისიდან ტექნიკური ინსპექტირების გავლას, სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანები ექვემდებარებიან.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში 2018 წლის პირველ იანვარს დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება.
პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების გავლის ვალდებულებას ექვემდებარება საქართველოში რეგისტრირებული (ქართული ნომრების მქონე) ყველა სატრანსპორტო საშუალება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
ა) 2018 წლის 3 იანვრიდან, ტექნიკურ ინსპექტირებას გადიან სამგზავრო (8 ადგილის ზემოთ) და სატვირთო (3,5 ტ. ზემოთ) ავტომობილები;
ბ) 2018 წ. I ივლისიდან დაიწყო სახელმწიფო უწყებებისა და იურიდიული პირების კუთვნილი ავტომანქანების ინსპექტირება.
გ) 2018 წ. I ოქტომბრიდან M1 – 3000 კუბურ სანტიმეტრისა ან მეტი მოცულობის ძრავების მქონე ავტომობილების ინსპექტირება.
დ) 2019 წ. I იანვრიდან – M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალების ინსპექტირება.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები