ნინო ლომჯარია: სახალხო დამცველის წარმომადგენელი აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში გუშინ, რუსთაველის ქუჩაზე, ზაზა სარალიძის აქციაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. როგორც მან “ფეისბუქის” პირად გვერდზე დაწერა, სახალხო დამცველის წარმომადგენელი აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა.
“მინდა გამოვეხმაურო პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე გუშინ მომხდარ ინციდენტს, რა დროსაც სახალხო დამცველის წარმომადგენელი აქციის მონაწილეების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა, კერძოდ, მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, ზემოქმედებდნენ ფიზიკურად და ხელს უშლიდნენ კანონით მინიჭებული მანდატის განხორციელებაში.
აღსანიშნავია, რომ ინციდენტის დროს აქტიურობდნენ ცალკეული პოლიტიკოსები, რომელთათვისაც ძალიან კარგად არის ცნობილი სახალხო დამცველის მანდატი, რომ არც თავად ნინო ლომჯარიას და არც მის რომელიმე წარმომადგენელს უფლება არა აქვს ფიზიკური თუ სხვაგვარი წინააღმდეგობა გაუწიოს პოლიციას, არ მისცეს მათ რაიმე ქმედების განხორციელების შესაძლებლობა, ან აქციის მონაწილეებთან ერთად განახორციელოს რაიმე ქმედებები ანუ იყოს ე.წ. “სუპერგმირი”.
რაც შეეხება განვითარებულ მოვლენებზე ჩვენს რეაგირებას, სახალხო დამცველმა არაერთხელ გააკეთა ოფიციალური განცხადება თუ კომენტარი კარვების დადგმის ხელის შეშლის ფაქტის თაობაზე, ერთ-ერთ ინციდენტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიების დაწყების მოთხოვნით წინადადების შემუშავება, ჩვენი თანამშრომლები 24-საათიან რეჟიმში აკვირდებიან აქციას, ასევე, მთელი ღამის განმავლობაში მოვინახულეთ ყველა დაკავებული პირი.
მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ წარმომადგენელს, მანანა მარტაშვილს, რომელმაც სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფის მიუხედავად, შეინარჩუნა სიმშვიდე და იმოქმედა მანდატის შესაბამისად!
მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, მათ წარმომადგენლებს, პატივი სცენ სახალხო დამცველის მანდატს და სახალხო დამცველის წარმომადგენელთან ურთიერთობის დროს თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან პოლიტიკური ქულების ჩაწერის მიზნით!”, – წერს ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები