მთავარ პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხების საერთაშორისო ექსპერტთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავარ პროკურატურაში სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და დისკრიმინაციისგან დაცვის საკითხების დამოუკიდებელ ექსპერტთან ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილე გიორგი გაბიტაშვილი და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია.
დამოუკიდებელი ექსპერტი სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებისა და დისკრიმინაციასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებებით დაინტერესდა. ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზს მიეწოდა ინფორმაცია პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროკურორებისთვის ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციის შესახებ.
„ექსპერტის განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იყო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, აგრეთვე სტატისტიკური მონაცემების შეგროვებაზე. ექსპერტს მიეწოდა ინფორმაცია, რომ სისხლის სამართლის საქმეებში გაიზარდა სიძულვილის მოტივის გამოკვეთის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებათა ხარისხი და ეფექტიანობა. აგრეთვე, მიეწოდა სტატისტიკური მონაცემები იმ სისხლის სამართლის საქმეების შესახებ, სადაც შეუწყნარებლობის კონკრეტული ნიშანი გამოიკვეთა და პროკურორებმა ბრალდების შესახებ დადგენილებაში იმსჯელეს დისკრიმინაციულ ნიშანზე.
სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოს პროკურატურის პრიორიტეტს წარმოადგენს და მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება აღნიშნული მიმართულებით ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება“,- აცხადებენ პროკურატურაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები