“ბომბზე დასვეს ქვეყანა“ – მანჩო გიორგობიანი ნარკოტიკების წინააღმდეგ აქციას აანონსებს

21 ოქტომბერს თბილისში, რუსთაველის გამზირზე ნარკოტიკების ლეგალიზების წინააღმდეგ აქცია გაიმართება, – ამის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებისა და მართლმსაჯულების სისტემის რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა, მანჩო გიორგობიანმა და გიორგი ქებურიამ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
როგორც გიორგობიანმა აღნიშნა, მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უპასუხისმგებლოა.
„რაც შეეხება მარიხუანას კულტივაციის საკითხს – ამაზე ძალიან ნაადრევად მიმაჩნია საუბარი. პატრიარქის პოზიციას ვიზიარებ, რომ ეს ძალიან სერიოზულად დასაფიქრებელი თემაა. რაც შეეხება ჩვენს საინიციატივო ჯგუფს, ნარკოტიკთან მიმართებაში ჩვენ პარლამენტში შევიტანეთ 2 კანონპროექტი, ერთი შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს, ზაფხულში, როდესაც მიიღეს ყოვლად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ეს იყო რეალურად დეკრიმინალიზაცია, მაგრამ ეს დეკრიმინალიზაცია იყო გატოლებული ლეგალიზაციასთან. ამან ქვეყანა დააყენა უზარმაზარი რისკის ქვეშ. ვეთანხმები შსს-ს კანონპროექტს, სადაც გაწერილია ისიც, რომ აიკრძალება აგიტაცია- პროპაგანდა ტელევიზიებიდან. იმიტომ, რომ უკონტროლო გახდა ტელევიზიებში, თოქ-შოუებში მარიხუანაზე, ნარკოტიკეზე არაპროფესიონალების ლაპარაკი, ეს არის კატასტროფა. ამ ადამიანებს ტვინი არ გააჩნიათ თავში და ვერ ხვდებიან, რომ ამას არასრულწლოვანებიც უყურებენ. საიდან მოიტანეს, რომ მარიხუანა მსუბუქი ნარკოტიკია? მარიხუანაზე მჯდომი ადამიანი არის ერთ-ერთი მძიმე ნარკომანი, რომელსაც უყალიბდება საკმაოდ სერიოზული ფსიქიკური გადახრები“, – განაცხადა გიორგობიანმა.
მანვე აღნიშნა, რომ საინიციატივო ჯგუფის კანონპროექტებს პარლამენტში „პატრიოტთა ალიანსი“ ლობირებს.
„ჩვენს კანონპროექტებს ლობირებს ირმა ინაშვილის პარტია. მათ ძალიან გულთან ახლოს მიიტანეს ეს პრობლემა, ერთობლივად კარგად ვმუშაობთ. საინიციატივო ჯგუფში შედიან ხათუნა ჟორდანია, ნინი ქარსელაძე, კობა დავითაშვილი. კობამ იპოვა იურიდიული მხარე, ეს როგორ შეიძლება მოგვარდეს. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება, ხვალ რომ შეიტანოს ვინმემ ჰეროინზე, იგივე დადგენილება უნდა გამოიტანოს, რაც მარიხუანაზე. ბომბზე დასვეს ქვეყანა. კობა დავითაშვილმა იურიდიულად ჩამოაყალიბა ის, რომ უნდა მოხდეს მუხლის ცვლილება. საქმე ეხება ყოფილ მე-16 მუხლს, რომელიც მე-12 მუხლად ყალიბდება ახალი კონსტიტუციის მიხედვით. მე-16 მუხლში იყო, რომ ადამიანს აქვს თვითგანვითარების უფლება და აქ მთავრდება. მაშინ, როცა ყველა განვითარებულ ქვეყანაში ამას აქვს გაგრძელება, თვითდაზიანების და დეგრადირების შემთხვევაში სხვა მიდგომაა. მუხლი როგორც კი შეიცვლება, რა მუხლითაც იხელმძღვანელა საკონსტიტუციო სასამართლომ, გაუქმდება მათ მიერ მიღებული კანონი.
ვაგროვებთ ხელმოწერებს, 10 ცენტრალურ მეტროსადგურთან განთავსდება ბანერები, შეგროვდება ხელმოწერები. მოქალაქეებს შეუძლიათ ოფისშიც მივიდნენ, ყოფილი კრილოვის ქუჩაზე, 9 ნომერში“, – განაცხადა გიორგობიანმა.
ცნობისთვის, საქართველოში მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა. მოხმარებაზე სანქციები გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება საკონსტიტუციო სასამართლომ 30 ივლისს მიიღო. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეთა კოლეგიამ „გირჩის“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ზურაბ ჯაფარიძისა და ამავე პარტიის წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის ერთობლივი სარჩელი განიხილა, რომელიც მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით, ადმინისტრაციული ჯარიმის გაუქმებას გულისხმობდა.
„მარიხუანის მოხმარება, წარმოადგენს პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებით დაცულ ქმედებას”, – წერია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.
მარიხუანას მოხმარება აკრძალული იყო ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსის 45-ე მუხლის ჩანაწერით, რომლითაც ამ ნივთიერების “ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება” სამართალდარღვევას წარმოადგენდა. მისთვის სანქცია 500 ლარს შეადგენდა.
მარიხუანას მოხმარების ლეგალიზაცია არ ნიშნავს ამ პროდუქტის სრულ ლეგალიზებას. ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში კვლავ რჩება ჩანაწერები, რომელიც სანქციებს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები