სოფო კილაძემ და მელიტონ ბენიძემ თანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელ

მოქალაქეთათვის სწრაფი და ეფექტიანი იურიდიული დახმარების მიღების მიზნით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტისა და სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ მომზადდა თანამშრომლობის დოკუმენტი, რომელზეც დღეს ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
თანამშრომლობის დოკუმენტით, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურმა ვალდებულება აიღო, კომიტეტის მიმართვის საფუძველზე, მოქალაქეს, კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს ხარჯზე გაუწიოს იურიდიული დახმარება/კონსულტაცია, შეუდგინოს სამართლებრივი დოკუმენტი, ან გამოიყენოს იურიდიული დახმარების სხვა ფორმა. სამსახური უზრუნველყოფს მოქალაქეს კვალიფიციური მომსახურებით უმოკლეს ვადაში, ან გადაამისამართებს სხვა, შესაბამისი სერვისის მქონე ორგანიზაციაში.
თანამშრომლობის დოკუმენტით, ასევე, რეგულირდება კომიტეტის ზედამხედველობის ფორმა და სამსახურის ანგარიშგების სიხშირე მოქალაქეთათვის გაწეული საქმიანობის შესახებ.
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის განცხადებით, იურიდიული დახმარების სამსახურთან თანამშრომლობის დოკუმენტის გაფორმება ემსახურება იმ ადამიანების უკეთესად და უფრო ეფექტიანად დაცვას, რომლებიც კომიტეტს იურიდიული დახმარების გაწევის თხოვნით მომართავენ. „ჩვენ ამ სამუშაო დოკუმენტით დავნერგეთ ისეთი სისტემა, რომლითაც მოქალაქეები, რომლებიც კომიტეტს მომართავენ, იურიდიულ დახმარებას მიიღებენ მაქსიმალურად სწრაფად. ამიტომ ეს ჩვენი მოქალაქეების გარკვეული სეგმენტის უფლებების დაცვას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს“, -განაცხადა სოფო კილაძემ. მისი ინფორმაციით, დოკუმენტზე ხელმომწერი მხარეები ამ მანდატის კიდევ უფრო გაფართოებაზე ზრუნვას გააგრძელებენ.
სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის, მელიტონ ბენიძის განცხადებით, აღნიშნული უწყება მზად არის ამ გამოწვევისთვის როგორც ადამიანური რესურსების, ასევე ტექნიკური თვალსაზრისით. „მინდა აღვნიშნო, რომ შედარება არ არის იმ მდგომარეობასთან, რაც 2012 წლამდე იყო. საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამ და სამსახურისთვის დამოუკიდებელი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული უწყების სტატუსის მინიჭებამ ახალი ბიძგი მისცა ამ პროცესის განვითარებას და, ჩვენ არამც თუ დამოუკიდებლად ვმართეთ ჩვენი სამსახური, არამედ ახალი ვალდებულებებიც ავიღეთ“, – განაცხადა მელიტონ ბენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები