სასწრაფო დახმარების ცენტრი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი გუშინ, ივერთუბანში მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც „კვირა“ უცვლელად გთავაზობთ:
„სოციალურ ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია თბილისში, ივერთუბანში მომხდარი ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ, რომელსაც 3 წლის ბავშვის გარდაცვალება მოჰყვა. თვითმხილველის მონაყოლზე დაყრდნობით, აღნიშნული პიროვნება აცხადებს, რომ შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა 40 წუთის დაგვიანებით მივიდა და მას არ ჰქონდა ჟანგბადის ბალონი.
სრული პასუხიმგებლობთ ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და არის სრული ტყუილი.
ავტოავარიის შესახებ შეტყობინება 112-ში 17 საათსა და 03 წუთზე შევიდა. ზუსტად სამ წუთში ექიმები ადგილზე იყვნენ და პაციენტებისთვის პირველადი დახმარების აღმოჩენა დაიწყეს. სამწუხაროდ, ერთ-ერთი არასრულწლოვანი ექიმებს გარდაცვლილი დახვდათ. დაშავებულთა რაოდენობა დიდი იყო – 3 არასრულწლოვანი და ორი ქალბატონი, ცხადი გახდა, რომ საჭირო იყო დამატებით ბრიგადების მობილიზება, რაც პროტოკოლის სრული დაცვით განხორციელდა.
15 წუთის განმავლობაში შემთხვევის ადგილზე კიდევ 4 ბრიგადა მივიდა. დაშავებულები ოპერატიულად გადაანაწილეს საავადმყოფოებში და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყო შემთხვევის ადგილზე პირველად მისულმა ბრიგადამ საჭირო დოკუმენტაციის შევსება, რაც, ასევე, პროტოკოლით არის გათვალისწინებული. რაც შეეხება ჟანგბადის ბალონებს: თითოეულ მანქანაში განთავსებულია ჟანგბადის ხუთი ბალონი – სამი პორტატიული და ორი – სტაციონარული.
თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრი უსამძიმრებს გარდაცლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.
ცენტრი აცხადებს, რომ თითოეული ბრიგადის ქმედება იყო სწორი – ექიმები მუშაობდნენ ოპერატიულად და პროფესიულად. ამის მიუხედავად, ერთი ადამიანის გადაუმოწმებელ, ცრუ ინფორმაციას მოჰყვა სასწრაფოს ექიმების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი განცხადებები.
გვინდა შევახსენოთ ჩვენს მოქალაქეებს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ექიმები ყოველდღიურად დგანან ადამიანის სიცოცხლის სადარაჯოზე და ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვიან, ხოლო ასეთი სახის დეზინფორმაცია ღირსებას ულახავს მათ“,- ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები