მიხეილ ბატიაშვილი: თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის „ოქროს ფონდი“, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია და სახელმწიფო თქვენზე შესაბამისად იზრუნებს

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა ტექნოპარკში საერთაშორისო და რეგიონალურ ოლიმპიადებში მონაწილე და გამარჯვებულ მოსწავლეებთან მეცნიერების განვითარებაზე და ამ პროცესში ახალგაზრდების როლზე ისაუბრა.
შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა და მინისტრმა მათთან ერთად მიმდინარე გამოწვევები განიხილა. მიხეილ ბატიაშვილი ახალგაზრდებს დაპირდა, რომ მეცნიერების პოპულარიზაციისთვის ახალი იდეების გენერირება და პროექტების განხორციელება მათი ჩართულობით განხორციელდება, რადგან საქართველოს მეცნიერების წარმატებულ მომავალზე ზრუნვა, სწორედ მათ ხელშია.
„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ოქროს ფონდი, ყველაზე ძვირფასი, რაც გაგვაჩნია. დავიწყოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის მეცნიერულ მომავალზე, პრესტიჟის ამაღლებასა და პოპულარიზაციაზე. სხვანაირად, ქვეყნის წარმატება წარმოუდგენელია“, – მიმართა ბატიაშვილმა ტექნოპარკში შეკრებილ მოსწავლეებს.
 ახალგაზრდებთან საუბრისას მიხეილ ბატიაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყნის განვითარებაში მათ უზარმაზარი როლი ენიჭებათ. სწორედ ამიტომ, სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ მოხდეს მათი პოტენციალის მაქსიმალური გამოვლენა, განვითარება და რეალიზება, რადგან ქვეყნის განვითარების პროცესებში მათი ჩართულობა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
 მინისტრის თქმით, მეცნიერებაზე, როგორც ქვეყნის სტრატეგიულ პრიორიტეტზე ზრუნვა ყოველდღიურ რეჟიმში განხორციელდება. შესაბამისად, მოსწავლეებთან შემდეგი შეხვედრა უახლოეს მომავალში შედგება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები