ბექა დავითულიანი: ტაქსების რეგისტრაციისთვის სტანდარტების დაწესება არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ტაქსების რეგულაციების საკითხს გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰაერის დაბინძურება და სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, ყველა კვლევის მიხედვით, თბილისის პირველი რანგის გამოწვევებს შორისაა.

„რა თქმა უნდა, ბევრი კვლევა არ სჭირდება იმის მიხვედრას, რომ საცობებში დგომა და დაბინძურებული ჰაერის სუნთქვა გვიწევს. ტაქსები სატრანსპორტო სისტემის ნაწილია და ახალი ავტობუსების შემოყვანის, მეტროს რეაბილიტაციის, პარკირების სისტემის მოწესრიგების პარალელურად, ტაქსების რეგისტრაცია-ლიცენზირებისთვის მინიმალური სტანდარტების დაწესება და კრიტერიუმების თანამედროვე მოთხოვნებთან ეტაპობრივი დაახლოვება, არათუ სასურველი, არამედ აუცილებელია,”- განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ.

ბექა დავითულიანის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, მოთხოვნილი იყო მხოლოდ და მხოლოდ რეგისტრაცია, ისიც ყოველგვარი კრიტერიუმების გარეშე. დღეის მონაცემებით, თბილისში უკვე დარეგისტრირებულია 6200 ტაქსი.

„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ლიცენზიის მქონე ტაქსის მძღოლები გარკვეული პრივილეგიებით ისარგებლებენ. ისინი მიიღებენ უფასო საპარკინგე ადგილს, გამოეყოფათ ტაქსის მანათობლები და შეეძლებათ ავტომობილზე განათავსონ რეკლამა, რისი საშუალებითაც დამატებითი შემოსავლებს მიიღებენ.

2019 წლის ოქტომბრიდან ორკარიანი და მარჯვენასაჭიანი ავტომობილები ვეღარ შეძლებენ ამ სერვისის გაწევას. რაც შეეხება 2019 წლის ოქტომბრიდან ერთიანი ვიზუალური სტანდარტის დაწესებას, ესეც მიღებული პრაქტიკაა და ძალიან ბევრ ქალაქშია აპრობირებული. დარწმუნებული ვარ, ყველას გვსურს თბილისში ცხოვრება და გადაადგილება კომფორტული იყოს, რაც შეუძლებელია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგების გარეშე,”- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები