თსუ-ში ჩატარებული კონკურსის მონაწილეები: აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი არაობიექტურად ჩატარდა, – ამის შესახებ კონკურსის მონაწილეებმა მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
თსუ-ში ჩატარებული კონკურსის შესახებ ეკონომიკის დოქტორებმა: ავთანდილ ჩუთლაშვილმა, თეა კასრაძემ, ეკატერინე გულუამ,ვახტან ჭარაიამ, ეკა ჩოხელმა, ნინო პაპაჩაშვილმა და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორმა დავით ნიჟარაძემ ისაუბრეს.
„ათამდე ადამიანია, რომელსაც სხვადასხვა ტიპის პრობლემა შეექმნა, თუმცა არსი ერთია, რომ უსამართლო კონკურსების შედეგად, რომელიც თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდა , დაიჩაგრნენ ადამიანები, რომლებიც არ უნდა დაჩაგრულიყვნენ და რომელთა წინააღმდეგაც არ უნდა გამოეყენებინათ ის ბერკეტები, რომელიც გამოიყენეს. საუბარია იმაზე, რომ კონკურსები ჩატარდა არაპროფესიონალურად, კონკურსებზე იყო გარკვეული ჩაწყობები, მორიგებები, უსამართლო შერჩევის წესი, ზოგადად. კანდიდატებისადმი არ იყო მკაფიოდ გამოკვეთილი და გამჭვირვალე პროცედურები. მარტივად რომ ვთქვათ, კომისიის წევრებს ჰქონდათ შესაძლებლობა ნებისმიერი, მათთვის სასურველი კანდიდატი აერჩიათ, მიუხედავად იმისა, იყო, თუ არა ის ადამიანი ძლიერი კონკურსანტი ნამდვილად და შემდგომ უკვე როცა გამოქვეყნდა ოქმები, იქ ჩაიწერა სისულეები, მაგალითად ჩემს შემთხვევაში ჩაიწერა, რომ მე არ შემიძლია, შევაფასო პროგრამა , რომელიც მე არც მევალებოდა , იმიტომ, რომ რომ ასოცირებული პროფესორის ვაკანსიაზე მქონდა შეტანილი ჩემი განაცხადი.
მინდა, ერთ რამეს ხაზი გავუსვა, რომ ზოგადად, ახალგაზრდებთან დაპირისპირებაა უნივერსიტეტში ეს თუნდაც იმაში გამოიხატება, რომ ახალგაზრდა მეცნიერები მთლიან ფაკულტეტზე მთელი შტატის მხოლოდ 3 %-ს შეადგენენ“- განაცხადა ეკონომიკის დოქტორმა ვახტან ჭარაიამ.
მისივე თქმით, ეს უნივერსიტეტს განვითარების საშუალებას არ მისცემს. როგორც ჭარაიამ აღნიშნა, უნივერსიტეტში ახალგაზრდა და უფროსი თაობები ერთობლივად არ მუშაობენ, რაც პირველ რიგში სტუდენტებს აზარალებს.
კონკურსის მონაწილეების თქმით, საკონკურსო კომისია დააკომპლექტა და წარადგინა ფაკულტეტის დეკანმა, მაშინ როდესაც თავად დეკანი იყო კონკურსანტი. მათივე განცხადებით, მიმართეს სააპელაციო კომისიას, მაგრამ კითხვებზე პასუხი ვერ მიიღეს.
„კომისიის მუშაობა არ იყო გამჭვირვალე, კითხვის ნიშნები გვიჩნდება, კომისიის წევრები გამოვიდნენ და საჯარო სივრცეში გვიპასუხონ , გასცენ კითხვებზე პასუხი, რატომ იყო არაერთგავროვანი კრიტერუმები სხვადასხვა კონკურსანტის მიმართ გამოყენებული, ასევე გვაინტერესებს, როგორ მოახერხა საკონკურსო კომისიამ შეაფასოს ის მიმართულება და ის სპეციალობა, რომლის სპეციალისტები არ არიან? ასევე, საინტერესოა, რამდენად ეთიკურია, როცა კომისიის უმრავლესი წევრები არიან ასოცირებული პროფესორები და ისინი ახდენენ სრული პროფესორების შერჩევას “- განაცხადა ავთანდილ ჩუთლაშვილმა.
კონკურსის მონაწილეების თქმით, გამომდინარე იქიდან, რომ უნივერისტეტმა ვერ უზრუნველყო კონკურსის ჩატარება საჯაროობის, ღიაობის, გამჭირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით და ისინი იძულებულები არიან სასამართლოს მიმართონ.
აღნიშნულ ბრალდებებს უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში უპასუხეს. როგორც „კვირას“ უნივერსიტეტში განუცხადეს, აკადემიურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსები ყველა წესის დაცვით ჩატარდა.
„სულ, უნივერსიტეტის მასშტაბით, გამოცხადებულ ვაკანსიებზე 450-მდე განაცხადი იყო შემოსული, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება კი მხოლოდ ორმა მონაწილემ გაასაჩივრა სასამართლოში. ზოგადად, კონკურსის ბუნება კი ვიცით, გულისხმობს არჩევანის გაკეთებას და ისიც გვესმის, რომ ამ პროცესს თან ახლავს კონკურსში მონაწილეების მხრიდან ვნებათაღელვა. სწორედ ამიტომ, უნივერსიტეტში საკონკურსო კომისიის პარალელურად, სააპელაციო კომისიაც მუშაობდა და ვინც არ ეთანხმება საბოლოო გადაწყვეტილებას, იციან, რომ მათ აქვთ უფლება მიმართონ სასამართლოს”- განაცხადეს თსუ-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები