„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა სამუშაო შეხვედრის ფორმატში მიმდინარეობს

პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, კომიტეტისა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ჩართულობით, „ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ კანონპროექტის შემაჯამებელი განხილვა იმართება.
საქართველოს რეგიონებში დოკუმენტის საჯარო-საყოველთაო განხილვების შემდეგ, კანონპროექტის ავტორებმა, კომიტეტს პროექტის სამუშაო ვარიანტი წარუდგინა.
სამუშაო შეხვედრა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ ყაველაშვილმა გახსნა.
„კანონპროექტის განხილვა მოსახლეობის უპრეცენდენტო ჩართულობით ჩატარდა. საქართველოს ათი რეგიონის მუნიციპალიტეტებში გამართულ შეხვედრებზე, რომლებსაც დაახლოებით 1500-მდე სპორტის სფეროთი დაინტერესებული ადამიანი დაესწრო, მოსახლეობას კანონპროექტის ძირითადი პრინციპები და ახალი მიდგომები გავაცანით. დღევანდელი ჩვენი შეხვედრა კი საჯარო განხილვების დროს მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული მოსაზრებებისა და წინადადებების პროექტში ასახვის შესაძლებლობების განხილვას ეთმობა. ეს პროცესი კი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სპორტის შესახებ ახალი კანონი, სწორედ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის სპორტში ჩართულობის გაზრდას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უკავშირდება“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
კანონპროექტის მომზადების და მისი საჯარო განხილვების პროცესზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, მიხეილ გიორგაძემ ისაუბრა.
„დოკუმენტის ხანგრძლივი განხილვების შემდეგ დღეს ვიმყოფებით ფინალურ ეტაპზე, როდესაც საჯარო შეხვედრების შედეგად გამოთქმული შენიშვნები და მოსაზრებები უნდა აისახოს პროექტში. შემდეგი სამუშაო პროცესი კანონპროექტის რედაქციის დახვეწას და მის სრულყოფას ითვალისწინებს. რაც შეეხება უშუალოდ კანონპროექტის შემუშავებას, მისი მიზანია დარგის უფრო ეფექტური და ღია მმართველობა, ასევე მასობრივი სპორტის ხელმისაწვდომობა და მისი განვითარება“, – განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.
სამუშაო შეხვედრა კანონპროექტის მუხლების დეტალური განხილვით გაგრძელდა. კომიტეტის და სამინისტროს წარმომადგენლებმა პუნქტობრივად გაიარეს ყველა ის წინადადება, რაც საჯარო განხილვების პროცესში იქნა გამოთქმული. კანონპროექტის შეჯერებულ ვარიანტზე მუშაობა ხვალ დასრულდება და მისი საბოლოო რედაქცია საქართველოს მთავრობას გადაეგზავნება.
კანონპროექტის საჯარო განხილვები და შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI), დიდი ბრიტანეთის საელჩოს(UKaid) ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები