პერუში მეწყერმა ორი ადამიანი იმსხვერპლა
პერუში, ანკაშის შტატის ქალაქ ჰუარასში, მეწყერს ორი ადამიანი ემსხვერპლა, ხუთი კი დაკარგულად ითვლება,- ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს.
პერუს სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, შემთხვევის შედეგად, დაახლოებით, 100 ადამიანი დაშავდა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ დაზიანდა რამდენიმე სახლი, დანგრეულია სამი ხიდი, გაითიშა ელექტროენერგია და ჩამოინგრა ადგილობრივი გზები.
მცხოვრებლები და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები ტერიტორიის ნანგრევებისა და ტალახისგან გაწმენდას ცდილობენ.
მყინვარისა და მთის ეკოსისტემების კვლევის ეროვნული ინსტიტუტის (INAIGEM) ცნობით, მეწყერი მყინვარული ლაგუნის, მდინარე კასკაში გადმოდინებით იყო გამოწვეული.