“სადგური მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ” – შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

“სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებს განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ”, – ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, 2025 წლის 30 აპრილს თბილისში, სადგურის მოედნის ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებული მეწარმეების მიერ, შემოსავლების სამსახურის გადამხდელის ავტორიზებული გვერდიდან განცხადებით (დაუძლეველი ძალის ზემოქმედების შედეგად განადგურებული/დაკარგული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერა) მომართვის შემთხვევაში, მომსახურების საფასურის გადახდის გარეშე, 10 სამუშაო დღის ვადაში ჩამოაწეროს ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები.

“ამასთან, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ”, – წერია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, სადგურის მოედნის ბაზრობაზე ძლიერი ხანძარი დღეს დილით გაჩნდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით, დადასტურებული არ არის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები