როგორ ტაქსებზე აღარ გაიცემა ნებართვა 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან – თბილისში ტაქსების რეფორმა დაიწყო

0

თბილისში ტაქსების რეფორმის პირველი ეტაპი პირველ ოქტომბერს სრულდება. ის, ვინც  არ დაარეგისტრირებს ტაქსს და არ მოიპოვებს ლიცენზიას, მუშაობას ვეღარ შეძლებს. საჯარიმო სანქცია უნებართვოდ მუშაობისთვის 200 ლარია. რეგისტრაციის მიზანი, თბილისის მერიისთვის, რომელიც ტაქსებთან დაკავშირებით, უფრო მასშტაბურ ცვლილებებს ერთ წელიწადში გეგმავს, ტაქსების რაოდენობის განსაზღვრა იყო. რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს  ტაქსი 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან, ძალიან მალე დაანონსდება. სავარაუდოდ, გაუმართლა მას, ვისაც თეთრი ავტომობილი ჰყავს. რეფორმირებული ტაქსი  თეთრი, ოთხკარიანი და მარცხენასაჭიანი იქნება. ტაქსის მძღოლები, ასევე, უნდა დაემორჩილონ ჰიგიენის გარკვეულ ნორმებს. ჰეგელის წაკითხვას არა, მაგრამ მათ, ვინც „გუგლმეფს“ და „ჯიპიეს“ სისტემას არ გამოიყენებს, თბილისის ქუჩების დასახელების ცოდნას აუცილებლად მოსთხოვენ. იგივე რეგულაციებში მოყვებიან კერძო ტაქსოკომპანიებიც, რომლებიც ბაზარზე საკუთარი ავტომობილებით ოპერირებენ.

როგორ მოხდება ტაქსის მძღოლების მონიტორინგი და მოეთხოვებათ თუ არა ტაქსის მძღოლებს ტრენინგების გავლა თბილისის გეოგრაფიაში, გაზეთი „პრაიმტაიმი“ მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს ესაუბრა.

– დღევანდელი მონაცემებით, გაცემულია 3236 ნებართვა, დინამიკა არის მზარდი. რეგისტრაციის პროცესს ყველას შეუძლია, მიადევნოს თვალი  ვებგვერდზე: www.taxi.tbilisi.gov.ge,  სადაც ხდება ელექტრონული განცხადებების შევსება აპლიკაციის მეშვეობით. ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ რაც შეიძლება მარტივად მომხდარიყო ნებართვების გაცემა, შევქმენით დამატებითი სერვისები, მათ შორის იუსტიციის სახლში, გამგეობებში. ჩვენი სამსახურის მიერ ჯერ არ მომხდარა ანალიზი, რა სახის ავტომობილებზეა გაცემული ნებართვები, ამის დახარისხებას მოვახდენთ 1-ელი ოქტომბრის შემდეგ, თუმცა იმის თქმა შეიძლება, რომ ავტომობილების უმეტესობა, რაც ტაქსით მომსახურებისთვის გამოიყენება, არის 15 წლის და უფრო მეტი ასაკის.  ამ ეტაპზე ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ ავტომობილის წლოვანებაზე, მოდელების დახარისხება ჯერ არ მომხდარა. ავტომობილების მეტი წილი მოდის შიდა წვის  ძრავიან ავტომობილებზე, მაგრამ  გვაქვს მოლოდინი, იმ წახალისების შემდეგ, რაც  ჩვენ მოვახდინეთ, რომ ელექტრომობილებისა და ჰიბრიდებისთვის იქნებოდა შეღავათები, როგორც რეგისტრაციის, ისე პარკირების პროცესში,  მათი რიცხვი გაიზრდება.

– არაოფიციალური ინფორმაციით, თბილისში 50 000-ზე მეტი ტაქსი მუშაობს. როგორც ჩანს, ჯერ ხუთ პროცენტსაც არ გაუვლია რეგისტრაცია, ნებართვის გარეშე  მუშაობას შეძლებენ?

– ეს არ არის რეალური რიცხვი, ჩვენ არ ვიცით სტატისტიკა, არავის  დაუთვლია ტაქსების რაოდენობა, არ გვაქვს არანაირი ინფორმაცია. შესაძლოა, დილით 3 ათასი ტაქსი მოძრაობდეს, საღამოს – 14  ათასი.  რეგისტრაცია მოგვცემს საშუალებას, გავიგოთ, რეალურად რამდენი ტაქსია დედაქალაქში. ვინც ვერ მოასწრებს ნებართვის აღებას, ის ვერ იმუშავებს. ყველა ტაქსის მძღოლმა იცის, რომ ნებართვის გარეშე მუშაობისთვის 200 ლარით დაჯარიმდება. ტაქსების რეფორმა შემადგენელი ნაწილია იმ  სატრანსპორტო პოლიტიკისა, რაც ჩვენ დავაანონსეთ. ჩვენი მთავარი  მიზანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ჩვენ დავგეგმეთ ახალი ავტობუსების ყიდვა, შევიძინეთ 90 ავტობუსი და შეიძლება ითქვას, რომ  ეს ავტობუსები გზაშია. იმედი გვაქვს, რომ 2019 წლის ბოლომდე მთლიანად გამოიცვლება საავტობუსო პარკი. ასევე, იქმნება დამატებითი ხაზები. ბრიტანული კომპანია „სისტა“ ატარებს კვლევას, სატრანსპორტო ქსელის ოპტიმიზაციის მიზნით გამოიკითხნენ თბილისელები, რის მიხედვითაც ვგეგმავთ მთელ რიგ  ღონისძიებებს.  ჩვენ უნდა შევძლოთ, რაც შეიძლება მეტი მგზავრის მომსახურება საზოგადოებრივი ტრანსპორტით. ამასთან არის დაკავშირებული პარკირებისა და ზონალური სისტემის შემოღება. ამ კონცეფციაში განიხილება მრავალდონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომები, რომ ქვეითი კომფორტულად გადაადგილდეს და  საზოგადოებრივ ტრანსპორტს გადაადგილების დროს არ შეფერხდეს. ჩვენ უნდა შევქმნათ ის, რაც არ იყო, და რამაც გამოიწვია ის, რომ დღეს ამდენი ტაქსი გვყავს.  ეს იქნება ახალი საავტობუსო პარკი, მეტი კომფორტი მეტროში. როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაიმართება, თუ ტაქსმა თავად  არ შესთავაზა კომფორტი მომხმარებელს, მოქალაქე მას არ აირჩევს და აქცენტს რვა, ათ, თორმეტმეტრიან ევროავტობუსზე გააკეთებს, რომელიც სპეციალურად მისთვის გამოყოფილ ადგილზე ივლის, იქნება უფრო იაფი, ზამთარში თბილი და ზაფხულში გრილი. როდესაც გაჩნდება ასეთი ალტერნატივა, ტაქსის მძღოლები  შეეცდებიან, თვითონაც კომფორტული პირობები და სერვისი შესთავაზონ მომხმარებელს, რომ კლიენტი არ დაკარგონ.

– როგორია ამ  ეტაპზე ლიცენზიის პირობები?

– მძღოლი ვალდებულია, უზრუნველყოს მომსახურება მხოლოდ ნებართვაზე მითითებული მსუბუქი ავტომობილით. ამ ეტაპზე ნებართვის ასაღებად არ ყოფილა არანაირი შეზღუდვა, არც ფერის, არც კარების რაოდენობის, არც საჭის მიხედვით.  ხდება მხოლოდ არსებული ავტომობილების იდენტიფიცირება, თუმცა ჩნდება ვალდებულება, რომ ტაქსის საცნობი ნიშანი განთავსებული იყოს სახურავზე. აქამდე ავტომობილების დიდ ნაწილს მხოლოდ მანათობლები ჰქონდა, ისიც წინა საქარე მინაზე, რომელიც მხოლოდ ღამით ჩანდა, ახლა ტაქსის მძღოლს ევალება, ტაქსის ფირნიში დამაგრებული ჰქონდეს  მანქანის სახურავზე და ნებართვა, რომელშიც მისი სახელი და გვარია მითითებული, გაკრული სალონში, რომ მგზავრმა მძღოლის იდენტიფიცირება მოახდინოს.

– 2019 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის  მძღოლებს, რომელთაც ნებართვის აღება სურთ, მოუწევთ დაექვემდებარონ ახალ საერთო რეგულაციებს. რა ტიპის მანქანებზე აღარ გაიცემა ნებართვები ერთი წლის შემდეგ? 

– ნოემბერში  ჩვენ გამოვაქვეყნებთ იმ სტანდარტებს, რასაც უნდა დაექვემდებარონ ტაქსის მძღოლები 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან. ერთწლიანი პერიოდი საკმარისია იმისთვის, რომ მძღოლები, ვინც წლებია, კეთილსინდისიერად მუშაობენ, მოემზადონ ამ ცვლილებებისთვის. ის, რაც ამ ეტაპისთვის ზუსტად  შეგვიძლია ვთქვათ, არის ის, რომ შეზღუდვა იქნება ტაქსის ფერზე. ასევე, რეგისტრაციას ვერ გაივლიან და ნებართვას ვერ მიიღებენ ორკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე. ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილის საერთო ვიზუალი.

– ფერზე მოხდა შეთანხმება?

– ზუსტად ვერ გეტყვით, ფერი შესაძლოა იყოს თეთრი, ან ყვითელი, მე პირადად თეთრი უფრო მომწონს, როგორც ტრანსპორტის სამსახურის უფროსს. თუ ორი ხმის უფლებას მომცემენ, თეთრ ფერზე გავაკეთებ არჩევანს.

– როგორც ჩანს, ეს არჩევანი უკვე გაკეთებულია, და რა უნდა მოიმოქმედონ მათ, ვისაც თეთრი ავტომობილი არ ჰყავს? უნდა გადაღებონ ავტომობილები?

– კი, უნდა გადაღებონ, ერთი წელი აქვთ პერიოდი, რომ მოემზადონ, მანქანას მაქსიმუმ ერთი კვირა სჭირდება, რომ იმ კონდიციამდე და ისეთ ვიზუალამდე მიიყვანო, რა მოთხოვნაც იქნება. დარწმუნებული ვარ, მას, ვინც დღეს კეთილსინდისიერი  და პატიოსანი მძღოლია, ვისთვისაც ეს გზა არის  შემოსავლის წყარო და იცის, როგორ იმუშაოს, თუ შექმნის იმ კომფორტს, რა მოთხოვნაც დადგება, გაცილებით მეტი კლიენტი ეყოლება, ვიდრე ჰყავს.

– მან ჯერ 1500 ლარი უნდა გადაიხადოს ავტომობილის გადაღებვაში. 

– ავტომობილის გადაღებვა არ ღირს 1500 ლარი, ეს ძალიან გაზრდილი ციფრია. მანქანა მთლიანად რომ დაიშალოს, შერემონტდეს, გამოვიყენოთ ე.წ. სვარკის აპარატი, თუ დამპალია, შეცვალოთ მისი ძირი და ა.შ., მხოლოდ ასეთ დროს  ჯდება რემონტი 2000 ლარამდე, თორემ თუ მანქანას არ აქვს ბევრი დაზიანება, „დაშპაკვლას“, გრუნტის დასხმას და შეღებვას შეიძლება 600 ლარიც კი ეყოს. თანხა დამოკიდებულია ავტომობილის მდგომარეობაზე.  არსებობს უფრო იაფი გზაც, ვიდრე გადაღებვაა. ეს არის სპეციალური პლასტიკატები, რომელშიც ექცევა მანქანა სასურველ ფერში მოსაყვანად.

– როგორც ითქვა, შეზღუდვა იქნება მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე, 2019 წლიდან იწყება ტექნიკური ინსპექტირება, რომელსაც ისედაც ვერ გაივლიან მარჯვენასაჭიანი ავტომობილები. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავტომობილის საჭე გადატანილია?

– თუ  საჭე უკვე გადატანილია  წესების დაცვით და მანქანა  გაივლის ტექნიკურ ინსპექტირებას, მძღოლი უპრობლემოდ მოიპოვებს ტაქსის ნებართვას. იგივე მოთხოვნა გავრცელდება იმ ავტომობილებზეც, რომლებიც აირზე არიან გადაყვანილი დადგენილი წესით. მათ უნდა ჰქონდეთ გავლილი შემოწმება აკრედიტებულ ცენტრებში, რომლებიც გასცემენ საბუთს, რომ კონკრეტული ავტომობილი, რომელშიც დამონტაჟებულია გაზის  მოწყობილობა, არის უსაფრთხო და შეესაბამება სტანდარტს.

– იქნება თუ არა სავალდებულო  ტაქსებში მრიცხველის დაყენება? ჩვენ ჩავატარეთ კვლევა და აღმოჩნდა, რომ  ტურისტებს ყველაზე მეტი პრობლემა ტაქსის მძღოლებთან აქვთ. ვიცით ისტორია, როდესაც აეროპორტიდან თბილისის ცენტრამდე  უცხოელ მგზავრს 100 დოლარი გადაახდევინეს მგზავრობაში.

– მრიცხველის დაყენება საწყის ეტაპზე სავალდებულო არ იქნება. ავტომობილს შესაძლოა, ეყენოს მრიცხველიც, მაგრამ მძღოლს ჰქონდეს თავისი ტარიფი – უნდა ას ლარს მოსთხოვს კლიენტს, უნდა 50 ლარს. ამ ეტაპზე მრიცხველთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ არის მიღებული, თუმცა მერე დავამატებთ თუ არა ამ საკითხს, ჯერ ვერ გეტყვით. ეს არ იქნება პრობლემა. დღეს ტაქსის მძღოლების უმეტესობა, მათ შორის ასაკოვანი ადამიანებიც, იყენებს ჯიპიესის სისტემას, რომელიც შესაძლოა, მრიცხველადაც იყოს გამოყენებული.

– მძღოლებს, რომლებიც „ჯიპიეს“ სისტემასა და „გუგლმეფს“ იყენებენ,  მაინც  უნდა მოვთხოვოთ  ქუჩების დასახელების ცოდნა? ითქვა ისიც,  რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა მათ უნარ-ჩვევებს, ჰიგიენური ნორმების დაცვას, თბილისის გეოგრაფიის ცოდნას.

 – ასე არ არის, ერთ-ერთმა ექსპერტმა თქვა ეს და სხვებმაც აიტაცეს. ჩვენ ადამიანებს ვერც პირის გაპარსვას მოვთხოვთ და ვერც სუნამოს გამოყენებას, ეს მათი პირადი ამბავია. სენსორიანი ტელეფონი საკმარისია იმისთვის, რამდენიმე ღილაკზე ხელის დაჭერით მივხვდეთ, სად უნდა მივიყვანოთ მგზავრი. ბაზარი თვითონ დაარეგულირებს ტაქსებთან  დაკავშირებულ მოთხოვნებს. მძღოლმა თვითონ უნდა შექმნას ისეთი კომფორტი და შესთავაზოს მომხმარებელს ისეთი ფასი, რომ ის არ გაიქცეს ავტობუსისკენ. ჩვენ ვამბობთ, რომ მკვეთრად უნდა შევამციროთ კერძო ავტომობილების მოხმარება, ამაში მოიაზრება ტაქსიც და მიკროავტობუსიც, რომელსაც უკვე აქვს პრობლემები. თუ მიკროავტობუსებმა სწრაფი ტემპით არ დაიწყეს განვითარება, მათი რიცხვი შემცირდება და ავტობუსები მათ ავტომატურად ჩაანაცვლებს. იმის მიუხედავად, რომ მიკროავტობუსი დაშვებული შეცდომებით ჩატარებული ტენდერის საფუძველზე მუშაობს, მათ მუშაობის ვადა 2031 წლამდე აქვთ.  ჩვენ მათ ვაძლევთ საშუალებას, განვითარდნენ.  თუ ასე არ იქნება, მათ უფრო მეტი პრობლემა შეექმნებათ. მათი მხრიდან უკვე არის მოთხოვნა, შევუმციროთ მარშრუტები, გადავიტანოთ ხაზები, სადაც არის  დუბლირება ავტობუსის და მიკროავტობუსის. ხალხი აღარ ადის მიკროავტობუსში, იაფი და კომფორტული ავტობუსი ურჩევნია, რომელშიც ჩვენ უკვე უცხოელ ტურისტებს ვაძლევთ საშუალებას, გადაიხადონ მგზავრობის ღირებულება ნებისმიერი ვიზა, მასტერქარდით. ეს მექანიზმი ახლა ამუშავდა, რაც კარგი ალტერნატივაა, უცხოელი ტურისტისთვის.

 – დარჩებათ თუ არა მძღოლებს ავტომობილებზე რეკლამის განთავსების უფლება, რაც მათთვის დამატებითი შემოსავლის ნაწილია?

– ეს მექანიზმი უკვე კარგად მუშაობს, ჩვენ დავუტოვებთ მძღოლებს  რეკლამის განთავსების უფლებას ავტომობილის ვიზუალის გარკვეულ ნაწილში, თუმცა ამაზე კონკრეტულად  ჯერ ვერ ვისაუბრებ. ყველა მძღოლს მოუწევს, დაიცვას კანონი რეკლამის შესახებ.

– შეიცვლება თუ არა დაწესებული ტარიფები ნებართვებზე, რაც არის დღეს – შიდა წვის ძრავიან ავტომობილებზე ერთწლიანი ნებართვა 100 ლარია, ჰიბრიდულ ავტომობილებზე – 50 ლარი.

– ჩვენი ვარაუდით, ეს თანხა უცვლელი დარჩება. პირიქით, ვთქვით, რომ 2029 წლამდე ელექტროტაქსებზე ნებართვის აღება იქნება უფასო. 2019 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის ის ადამიანები, ვინც ახლა იღებენ ნებართვას, თავიდან აიღებენ ნებართვებს, ფასი დამოკიდებული იქნება, როგორ წარიმართება ეს რეფორმა. თუ ვერ მივიღეთ კომფორტი და მომხმარებელი ვერ დაკმაყოფილდა, რეგულაციები შეიცვლება, ეს მომავლის თემაა.

– სად გაჩერდება ტაქსები ქალაქში? მათთვის ცალკე იქნება გამოყოფილი  ადგილები თუ კვლავ საერთო ავტოსადგომებზე დაიკავებენ ადგილებს საათობით?

– არა, ეს აღარ იქნება ასე, დღეს ტაქსის მძღოლები საათობით ითვისებენ ადგილს ავტოსადგომებზე, ისე, რომ ვერც კი მოსთხოვთ, რომ ადგილი გაათავისუფლოთ. ჩვენ  ვმუშაობთ პოტენციური ადგილების განსაზღვრაზე, სადაც ტაქსის მძღოლებს საშუალება ექნებათ, გაჩერდნენ, ეს ადგილები სპეციალური ფირნიშებით იქნება აღნიშნული, ასეთი ადგილები გამოყოფილი იქნება თეატრებთან, სასტუმროებთან, სასწავლო დაწესებულებებთან, სავაჭრო ქსელებთან და ოფისებთან.

– რა ბედი ელით კერძო ტაქსოკომპანიებს, ისინი როგორ მოექცევიან რეგულაციებში?

– კერძო ტაქსოკომპანიებს მოუწევთ ამ რეგულაციებში მოქცევა, ავტომობილების ვიზუალის შეცვლა, მიყვანა დაწესებულ კონდიციამდე. კომპანიებს, რომელთაც ტაქსები უკვე  ნაყიდი ჰყავთ, ერთი წელი ექნებათ მოსამზადებლად, მათ ისევე მოუწევთ ტაქსის ვიზუალზე ზრუნვა, როგორც კერძო ავტომობილების მძღოლებს. არ დავუშვებთ, რომ რომელიმე კომპანია გახდეს მონოპოლისტი, ისე როგორც მოხდა მიკროავტობუსის შემთხვევაში. უამრავი ადამიანი ვიცით, ვინც მუდმივად სარგებლობს ერთი  კონკრეტული ტაქსოკომპანიის მომსახურებით, მათ მოგება აქვთ ხარისხის ხარჯზე. მგზავრთა გამოკითხვებსაც კი ატარებენ  ყოველდღე, როგორ მოემსახურათ  მათ ტაქსი. მგზავრი გადაჰყავთ სუფთა ავტომობილებით, სთავაზობენ ნორმალურ ტარიფს, ისინი არ გაიჩერებენ ისეთ ტაქსს, ვისაც არ ექნება კომფორტული მომსახურება.  რეალურად პრობლემას შექმნის კომფორტი მეტროსა და ავტობუსების ნაწილში. თუ ტაქსი და მიკროავტობუსი მათ ვერ გაუწევენ კონკურენციას, ფიზიკურად არ იქნება მათი ადგილი და ეს გამოიწვევს მათი რაოდენობის შემცირებას.

  – ვინ გააკონტროლებს  რეფორმირებულ ტაქსებს?

– საპატრულო პოლიცია, რომელსაც ექნება უფლებამოსილება,  გადაამოწმოს ავტომობილი, აქვს თუ არა მას ნებართვა. მოქალაქეებს ნებისმიერ საკითხზე შეუძლიათ დარეკონ მერიის ცხელ  ხაზზე, რომელიც სისტემურად ანაწილებს ზარებს ქვემდებარე სამსახურებში. ჩვენ მიერ  მოხდება კონკრეტული პრეტენზიების შესწავლა, როდესაც მგზავრს შეეძლება მძღოლის იდენტიფიცირება, მას ექნება უსაფრთხოების მეტი განცდა. დღეს რომ მგზავრს ტაქსში რაიმე ნივთი დაეკარგოს, მას ვერ მიაკვლევს, ნებართვაგაცემულ ტაქსში მგზავრი შეძლებს მძღოლთან დაკავშირებას. რაც შეეხება ტაქსის მძღოლების გარეგნულ ფორმასა და უნარ-ჩვევებს, ამას ვერც პოლიცია გააკონტროლებს და ვერც ჩვენ მოვთხოვთ ტაქსის მძღოლებს, წაკითხული ჰქონდეთ ჰეგელი. რაც შეეხება ჰიგიენის ნორმების დაცვას, მგზავრმა თვითონ უნდა დაარეგულიროს, ჩაჯდეს თუ არა ტაქსიში, რომელიც სუფთა არ არის.

დავით მესხიშვილი, ექსპერტი ტრანსპორტის საკითხებში:

– ტაქსების რეფორმა რომ გასატარებელი იყო, ამაზე არავინ დაობს. მე ჩართული ვიყავი სამუშაო ჯგუფში, რომელიც ჯერ კიდევ დავით ნარმანიას დროს მუშაობდა ამ საკითხზე, გვქონდა ჩვენი რეკომენდაციები, რომელთა გათვალისწინება არ მომხდარა, ახალი მერია მიდის ნარმანიას დროს შემუშავებული პროექტის მიხედვით. აზრთა სხვადასხვაობა იყო და  დღემდე არის ტაქსის მძღოლებშიც, მათი  ნაწილი ფიქრობს, რომ ეს ცვლილებები კარგი არ არის, ნაწილი ფიქრობს, რომ კარგია, თუ რეგისტრაციას გაივლიან. აგერ რამდენიმე დღე დარჩა ამ პროცესის დასრულებამდე და როგორც მაქვს ინფორმაცია, საკმაოდ ცოტა ტაქსმა გაიარა რეგისტრაცია. არა მგონია, ამ დღეებში რეგისტრაციაზე რიგები დადგეს. ამას აქვს თავისი ახსნა. ტაქსის მძღოლების დიდი ნაწილი ამ პროცესს სკეპტიკურად უყურებს, არ არიან განწყობილები დადებითად, ვერ ხვდებიან, რა პრობლემები მოგვარდება ამ გზით.  ახლა, როცა გაცხადებული იყო, რომ  რეგისტრაცია დაიწყო იმისთვის, რომ დადგენილიყო თბილისში ტაქსების რაოდენობა, რატომ იხდის ხალხი ას ლარს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტაქსების რაოდენობა დადგინდეს, მაშინ როცა მათ ერთ წელიწადში თავიდან მოუწევთ ნებართვების აღება?

 – ის, რომ ტაქსი გახდება ტექნიკურად გამართული და  უსაფრთხო, არ არის საკმარისი  არგუმენტი?

– როგორ? ამ ღონისძიებებით ეს პრობლემები ვერ მოგვარდება. ჩემთვის გაუგებარია, რატომ აიძულებენ მძღოლებს თუნდაც  ერთ ფერს, რაც არის მოთხოვნა 2019 წლის 1-ელი ოქტომბრიდან. მას, ვისაც ჰყავს ახალი ავტომობილი, მაგრამ არ არის თეთრი, ეკისრება ვალდებულება, ავტომობილი გადაღებოს და დახარჯოს 1000 ლარზე მეტი. საგზაო უსაფრთხოებაში იმდენი პრობლემაა, ტაქსის ფერი არ უნდა იყოს პრიორიტეტი. ტაქსის მძღოლებს პირდაპირ, სრულიად გაუაზრებლად, სთხოვენ, რომ დახარჯონ ათას ლარზე მეტი. ერთი ხელის მოსმით ავტომობილების გადაღებვა არ არის სწორი. როგორ აპირებს მერია, რომ მიიღოს უსაფრთხო ტაქსი?

– თუნდაც ტექნიკური ინსპექტირებით. 

– ეს ისედაც სავალდებულო ხდება და რა კავშირი აქვს მას ლიცენზიასთან? ჩვენთვის გაუგებარია, რას აწესრიგებს ერთწლიანი ლიცენზია, მაშინ როდესაც ტექნიკური ინსპექტირება 2019 წლიდან ისედაც ხდება სავალდებულო? არ იყო საჭირო ლიცენზია, შესაძლებელი იყო, ადმინისტრაციული სასჯელებითაც დარეგულირებულიყო. ევროკავშირის ქვეყნებში, ჩვენი მერიისგან განსხვავებით, არავინ უარყოფს, რომ ეს არის საგადასახადო რეგულაციები. სტოკჰოლმში, თელ-ავივში ტაქსების საქმიანობა არის რეგულირებული, ლიცენზიის მოპოვება არის საკმაოდ  ძვირი, მაგრამ  არც ერთ ქვეყანაში არ მალავენ, რომ ეს არის საგადასახადო რეგულაციები. მოთხოვნების უმეტესობა, მაგალითად, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ავტომობილის  ტექნიკური გამართულობა, მძღოლის ნასამართლობა რეგულირდება სხვადასხვა მექანიზმით, იმიტომ რომ ამ ქვეყნებში თვლიან, რომ ამ მოთხოვნებს მარტო ტაქსის მძღოლი კი არა, ყველა მძღოლი უნდა აკმაყოფილებდეს და ეს არ შედის ტაქსების ლიცენზიის სფეროში. მარტო ტაქსის მძღოლი უნდა იყოს ჯანმრთელი? ტაქსების ლიცენზირება ევროპაში არის საგადასახადო რეგულაცია, ყველა სხვა საკითხი, რაც უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული, არის სხვა მოთხოვნებით დარეგულირებული.   მერიას რომ განეცხადებინა, რომ ეს ბიზნესი გასულია საგადასახადო რეგულაციიდან და ეს უნდა მოწესრიგდეს ნელ-ნელა, ეტაპობრივად, აი, ეს იქნებოდა სწორი, მაგრამ არ თქვეს, ჩათვალეს, რომ ეს იყო პოლიტიკურად წამგებიანი.  სამწუხაროდ, ჩვენთან  ტრანსპორტის სფეროში პოლიტიკა უფრო დიდი დოზით არის ჩართული, ვიდრე  დარგის სხვადასხვა სპეციალისტების აზრი.

– რა ინფორმაცია გაქვთ, კერძო ტაქსოკომპანიებს რა დამოკიდებულება აქვთ ახალი რეგულაციების მიმართ, რომელსაც ისინიც უნდა დაექვემდებარონ?

– ამ მხრივაც ბევრი რამ არის გაურკვეველი. ტაქსების კომპანიებს აქვთ რამდენიმე პრობლემა. ისინი სამი მიმართულებით მუშაობენ-ტაქსოკომპანიები, რომლებსაც ჰყავთ ბრენდირებული ავტომობილები, სადაც ავტომობილის მფლობელი არის კომპანია; ტაქსოკომპანიები, რომლებშიც წევრიანდები შენივე ავტომობილით, რაც არის თვითდასაქმების ერთ-ერთი ფორმა და ასევე, აპლიკაციის ტაქსები.  წარმოუდგენელია, როგორ შეძლებს სახელმწიფო აპლიკაციის ტაქსების კონტროლს, ეს ამერიკაშიც კი ვერ შეძლეს. აპლიკაციის ტაქსის მფლობელი, არის უბრალოდ მძღოლი, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა ტიპის სერვისს სთავაზობს. ტაქსოკომპანიებს, რომლებსაც თავისი კომპანიები აქვთ, სხვა პრობლემა აქვთ. თუ მათ ავტომობილი გაუფუჭდათ, ტაქსოკომპანია მძღოლს გადასვამს სხვა ავტომობილზე. ამ შემთხვევაში მძღოლმა კიდევ უნდა აიღოს ლიცენზია? სალიცენზიო პირობებით ლიცენზია მოეთხოვება მძღოლს კონკრეტულ ავტომობილზე, რომელზეც ის არის დასაქმებული.

რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, რომლებიც საკუთარი ავტომობილებით და ლიცენზიებით მოემსახურებიან კომპანიებს, მათ მოუწევთ პასუხისმგებლობის განაწილება კომპანიასთან ერთად, რაც საკმაოდ ბევრ გაურკვევლობას  გამოიწვევს. ეს პროექტი ჰგავს გასული საუკუნის 50-60-იანი წლების პროექტს, ზუსტად იმ პერიოდში ხდებოდა ასე ტაქსებთან დაკავშირებით, ერთი განსხვავებით. მაშინ ხელისუფლება ეხმარებოდა ტაქსის მძღოლებს, აწვდიდა ზეთს, ბენზინს, ეხმარებოდა ავტომობილის შეკეთებაში. ეს იყო სახელმწიფო ბიზნესი, საბჭოთა ხელისუფლებაზე მეტად ტაქსის  კონტროლი, ალბათ არავის ნდომებია, მაგრამ სწორედ მაშინ გაჩნდა და მომრავლდა  არარეგისტრირებული ტაქსები,  ე.წ. ხიშნიკები. ავტომობილის მძღოლი დაგინახავს, რომ დგახარ გზის პირას, შეგიჩერებს და გეტყვის, რომ სადაც ტაქსი ათ ლარად მიდის, სამ ლარად წაგიყვანს. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ ასეთი პრობლემები აუცილებლად იქნება.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი