ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედიასაშუალება არსებობდეს ქვეყანაში, რომ მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკული

„თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი – ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი – ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია, ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას”,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტელეკომპანია „იბერიას” ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან კითხვები უნდა დაისვას და თუ კონკრეტული პიროვნებების მხრიდან არის სადმე გადაცდომა, მას ხელს არავინ დააფარებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნება” ის პოლიტიკური ძალაა, რომლის პრინციპი არის მედიაპლურალიზმი.
„თუ სადმე არსებობს კითხვები, ეს არის გამოძიების საქმე, ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე და ჩვენთვის მთავარია, რომ ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. ჩვენ არანაირი სუბიექტური ინტერესი ამ მიმართულებით არ გვაქვს. უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. თუ სადმე არის გადაცდომა კონკრეტული პიროვნებების მხრიდან, ბუნებრივია, ამას ხელს არავინ არ დააფარებს, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, თქვენ იცით, ვისი ხელწერაც იყო ეს თავის დროზე – იმ ძალების, რომლებიც, სხვათა შორის, ცდილობენ ამ საქმის გამოყენებას საკუთარი პოლიტიკური ინტერესებისთვის. ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომლისთვისაც პრინციპი არის მედია პლურალიზმი, რომლისთვისაც პრინციპი არის ის, რომ კანონი უნდა იყოს ბოლომდე დაცული, აქედან გამომდინარე, თუ ვინმემ დაარღვია კანონი, თუ ვინმემ არასწორად იმოქმედა, უნდა დაისვას კითხვები სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან და ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და საჭიროების შემთხვევაში ამას უნდა ჰქონდეს სათანადო სამართლებრივი რეაგირება.
თუ ტელევიზიის დახურვას აქვს ობიექტური მიზეზი, ეს არის ერთი საქმე, თუ მას აქვს სხვა მიზეზი, ეს არის მეორე საქმე. ამიტომ ვამბობ მე, რომ თუ სადმე არის კითხვის ნიშნები, ჩვენს ინტერესშია ეს კითხვის ნიშნები მოიხსნას, ეს არის მთავარი. თუ მოიხსნება კითხვის ნიშნები, მაშინ, ბუნებრივია, სხვა მიმართულებით წავა პროცესები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი მედია საშუალება არსებობდეს ამ ქვეყანაში იმისათვის, რომ მაქსიმალურად ისმოდეს სხვადასხვა აზრი, მათ შორის კრიტიკული აზრი. ეს არის ჩვენს ინტერესებში და ბუნებრივია, ამ ინტერესიდან გამომდინარე ვმოქმედებთ”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები