შალვა თადუმაძე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმის“ თემაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო

საქართველოს მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე ,,საგამოძიებო სისტემის რეფორმის“ თემაზე მიმდინარე კონფერენციას დაესწრო.
კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შალვა თადუმაძემ საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობის ფუნქციებზე ისაუბრა.
მთავარმა პროკურორმა ღონისძიებაზე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ძალიან მცირე დროში ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა, თუ როგორ უნდა დადგინდეს მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობისა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის კანონმდებლობის საფუძველზე.
მისი თქმით, ორივე უწყების მთავარი მიზანი გამოძიების და საპროკურორო ზედამხედველობის ეფექტიანობაა.
„ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა დღეს მოქმედ კანონმდებლობაში არის ის, რომ არ არსებობს მკაფიო ზღვარი საგამოძიებო საქმიანობასა და საპროკურორო ზედამხედველობას შორის, რაც შემდგომში პასუხისმგებლობის გაურკვევლობას, ფუნქციების დუბლირებას იწვევს, რაც ცალსახად აისახება ხარისხზე. ერთადერთი მიზანი, რაც ორივე უწყებას გაგვაჩნია არის ის, რომ გამოძიება და საპროკურორო ზედამხედველობაც იყოს ეფექტური.
დღეს არსებული ანალიზით, ცალსახად ჩანს, რომ გამომძიებელსა და პროკურორს შორის კომუნიკაციის 98 პროცენტი არის სატელეფონო, შესაბამისად, უმჯობესია ეს დოკუმენტურ ფორმად იქცეს და საქმეში ჩანდეს თუ რა ნაწილში მონაწილეობდა გამომძიებელი და რა ღონისძიებებს ახორციელებდა პროკურორი საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელების ნაწილში“, – განაცხადა შალვა თადუმაძემ.
როგორც შალვა თადუმაძემ კონფერენციაზე აღნიშნა, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმის წამოწყება იმ კუთხით, რომ ზუსტად იყოს განსაზღვრული სად იწყება და სად მთავრდება გამომძიებლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა. ასევე საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების დროს საპროკურორო ზედამხედველობის რა ფორმები გამოიყენება და რა უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები გააჩნია პროკურატურას.
„ძალიან მნიშვნელოვანია საკანონმდებლო რეფორმის წამოწყება იმ კუთხით, რომ ზუსტად ვიცოდეთ – სად იწყება გამომძიებლის უფლებამოსილება და პასუხისმგებლობა და სად მთავრდება. ასევე, ზუსტად ვიცოდეთ საგამოძიებო ღონისძიებების განხორციელების დროს საპროკურორო ზედამხედველობის რა ფორმები გამოიყენება და ამ ფორმების ფარგლებში რა უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობები გააჩნია პროკურატურას. თუ ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაფიო და განჭვრეტადი იქნება და ჩამოაყალიბებს ორივე ძირითადი მოთამაშის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ბუნებრივია შედეგიც ცალსახად იქნება ხარისხიანი და ნდობის ხარისხი ამ მიმართულებით მაქსიმალურად იქნება გაზრდილი“, – განაცხადა მთავარმა პროკურორმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები