ჩაკვეტაძე მუსელიანცის განაჩენზე: ვნახეთ, როგორ ლეწავდა ვიდეოკამერებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არ განხორციელებულიყო იმ გეგმის ხელშეშლა, რაც გულისხმობდა ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას
პირდაპირ ეთერში ვნახეთ, როგორ ლეწავდა ეს ადამიანი ვიდეოკამერებს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ან განხორციელებულიყო იმ გეგმის ხელშეშლა ქართული პოლიციის მიმართ, რომელიც არსებობდა და რაც გულისხმობდა ქვეყანაში ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას, – ასე ეხმაურება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, არჩილ მუსელიანცისთვის გამოტანილ განაჩენს.
„ყველა კარგად ვხედავდით როგორ აგრესიულად იქცეოდნენ აქციის მონაწილეების უმრავლესობა, როდესაც ახორციელებდნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყების გადაწვას, პოლიციელებისთვის ცეცხლის წაკიდებას, ვიდეოკამერების დაზიანებას, ეს ყველაფერი არის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ხელწერა, დესტრუქციული გეგმის ნაწილი, რომელიც ჩაფლავდა“, – აღნიშნა გიორგი ჩაკვეტაძემ.
სასამართლოს გადაწყვეტილებით არჩილ მუსელიანცს ოთხი წლით პატიმრობა შეეფარდა.
პროკურატურა მას რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა, რაც სამიდან ექვს წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.