რა მომავალი აქვს საქართველოში კანაფის ინდუსტრიას და რა დაგიჯდებათ მარიხუანას სათბურის მოწყობა?

მალე პარლამენტში წლის ერთ-ერთი ხმაურიანი კანონპროექტის განხილვა დაიწყება, რომელსაც საზოგადოებაში უკვე დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. განსაკუთრებით სასულიერო წრეებში, ვინაიდან ქართველი მღვდელმთავრების ერთმა ნაწილმა მას უკვე „ბარიგების კანონი“ უწოდა. უფრო მეტიც, სასულიერო პირები ქუჩაში გამოსვლითა და ძალის დემონსტრირებითაც კი იმუქრებიან.

საინტერესოა, სინამდვილეში რა წერია კანონპროექტში? გაზრდის თუ, პირიქით, შეამცირებს ეს ცვლილებები კანაფის შავ ბაზარზე ბრუნვის მაჩვენებელს? კანონპროექტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა. უწყების პირველი პირი განმარტავს, რომ კანონი „კანაფის კონტროლის შესახებ“ სამართალდამცველებს უკანონო ბრუნვის მაქსიმალურად შეზღუდვის საშუალებას მისცემს.

ვნახოთ, რას ამბობს გიორგი გახარია, როგორც კანაფის ბიზნესის ლეგალიზაციაზე, ისე საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც მარიხუანის მოხმარება ლეგალურად გამოცხადდა და პარლამენტი უკვე ვალდებულია, შესაბამისი კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.

„საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან და სულისკვეთებიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი, მოხდეს შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება მარიხუანის მოხმარების. ამ ნაწილში, ჩვენ მთავრობის დავალებით გავატარეთ გარკვეული სამუშაოები და მივაღწიეთ კანონის ისეთ ხარისხს, რომელიც გვაძლევს ეფექტური რეგულირების საშუალებას, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი იქნება მაქსიმალურად შემცირებული. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთანავე, შს მინისტრის ინფორმაციით, მარიხუანის მოხმარების კონტექსტში მკაცრდება სანქციები 21 წლამდე ახალგაზრდებზე.

„ყველა სახის მარიხუანის მოხმარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე იქნება დასჯადი. 21 წლამდე ახალგაზრდების მიერ მარიხუანის მოხმარება, ყველა სახის სივრცეში, სადაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება დასჯადი. ასევე, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო და ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებაა, რომ მარიხუანის კლინიკური ზემოქმედების ქვეშ სატრანსპორტო საშუალებების მართვა გახდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით დასჯადი. გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ 21 წლამდე ახალგაზრდის ჩართვა მარიხუანის მოხმარებაში ასევე გახდება სისხლის სამართლის წესით დასჯადი“, – აღნიშნა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება ზემოხსენებულ კანონპროექტს, რომელიც კანაფის ლეგალურ წარმოებასა და ექსპორტს ითვალისწინებს, გახარია ამბობს, რომ „ეფექტური კონტროლის პირობებში სამედიცინო მიზნით კულტივაცია არ ეწინააღმდეგება შს სამინისტროს ნარკოდანაშაულთან ბრძოლის მკაცრ პოლიტიკას“.

„პირიქით, კონკრეტულ შემთხვევებში, თუ მოხდება სარეაბილიტაციო რესურსის გაძლიერება, სამართალდამცველებს ზემოაღნიშნული ცვლილებების განხორციელება მიეხმარებათ. იმ შემთხვევაში, თუ გვაქვს მკაცრი და ეფექტური რეგლამენტაციისა და კონტროლის საშუალება, სამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაცია არ შექმნის დამატებით რისკებს ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების წახალისებისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ეფექტური კონტროლის განხორციელებას შევძლებთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, შსს-ს შეუძლია, ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მარიხუანის მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მთელ რიგ ევროპულ ქვეყნებში მარიხუანის კულტივაცია სამედიცინო მიზნით ლეგალურია. ცნობილია, რომ მსოფლიოში ეს ბაზარი მზარდი ტენდენციით ხასიათდება და ქვეყნის ეკონომიკისთვის დიდ შემოსავლებთანაც არის დაკავშირებული.

„ჩაკეტილ სივრცეში არ ვცხოვრობთ, ვცხოვრობთ ღია სამყაროში, სადაც გარკვეული სულისკვეთებები იგრძნობა. არის მთელი რიგი ევროპული ქვეყნები, სადაც სამედიცინო მიზნით მარიხუანის კულტივაცია არის ლეგალური, ეს ქვეყნებია: დიდი ბრიტანეთი, საბერძნეთი, კანადა, გერმანია, ჩეხეთი და კიდევ არის რამდენიმე ქვეყანა, რომელმაც სრული დეკრიმინალიზაცია მოახდინა მარიხუანის მოხმარების არა მხოლოდ სამედიცინო, არამედ რეკრეაციული თვალსაზრისით. ეს ქვეყანაა, მაგალითად, კანადა, რომლის ძირითადი მიზანი იყო ეკონომიკური ფაქტორები. სულისკვეთებას, რაც ევროპაში იგრძნობა, ჩვენზე გარკვეული ზემოქმედება აქვს. ჩვენ ვამბობთ, რომ შსს-ს შეუძლია, ეფექტურად განახორციელოს კონტროლი არა მხოლოდ მოხმარებაზე, არამედ კულტივაციაზეც. ის მოძრაობა, რომელიც დღეს არის ევროპაში, გვაძლევს საშუალებას, მკაცრად დავარეგულიროთ და  მკაცრი რეგულირების ფარგლებში სამედიცინო მიზნებისთვის კულტივაციის საკითხი განვიხილოთ, რა თქმა უნდა, პარლამენტთან ერთად. ჩვენ აქ ვხედავთ შესაძლებლობას, რომელიც მოგვცემს საშუალებას, დავუბრუნდეთ მძიმე ნარკოტიკების კონტექსტში  რეგულაციების ეფექტურობის ამაღლებასაც“, – განაცხადა შს მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ დაგეგმილ ცვლილებებს… წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, კანონი „მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“ გამოიწვევს ცვლილებებს დაახლოებით 10-მდე სხვა კანონში, ესენია: „კანონი სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“, „კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“, „კანონი სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“, „კანონი საჯარო დაწესებულებებში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, „კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“, „კანონი საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“, „კანონი წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“, ასევე, დაგეგმილია ცვლილებები სისხლის სამართლისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსებში.

ყველა ეს კანონო თანხვედრაში უნდა მოვიდეს ახალ კანონთან, რომლის სახელწოდებაც იქნება „კანონი მცენარე კანაფის კონტროლის შესახებ“. ცვლილებების შედეგად საქართველოში კანაფის კონტროლის სააგენტო შეიქმნება, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი იქნება.

როგორც კანონპროექტშია აღნიშნული, სააგენტოს მიზანია მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის რეგულირება და კონტროლი.

სააგენტოს ამოცანებია: ა) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფა; ბ) მცენარე კანაფის ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე სალიცენზიო და სარეგისტრაციო საქმიანობის განხორციელება; გ) კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, მცენარე კანაფის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების პრევენციის, მათი გამოვლენისა და მათზე რეაგირების უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) ნარკომანიის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, საინფორმაციო კამპანიების, საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვა პრევენციულ ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობა.

კანონპროექტის თანახმად, სააგენტოს საპარლამენტო კონტროლს საქართველოს პარლამენტი განახორციელებს. მოკლედ, სწორედ ეს სააგენტო გასცემს ლიცენზიას, როგორც კანაფის კულტივაციაზე, ისე მის ექსპორტზე. თითოეული ლიცენზიის ფასი კი 25 ათას ლარით განისაზღვრება.

უფრო ზუსტად კი ამ მიმართულებით ცვლილებები „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომლითაც დგინდება აღნიშნული საქმიანობებისთვის სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობა, კერძოდ:

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამრეწველო მიზნით მცენარე კანაფის გადამუშავების ლიცენზია – 25 000 ლარი;

მცენარე კანაფის/გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მისგან დამზადებული პროდუქციის გადაზიდვის ლიცენზია – 25 000 ლარი;

მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;

მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამედიცინო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი ფარმაცევტული პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამრეწველო მიზნით გადამუშავებული მცენარე კანაფის ან/და მცენარე კანაფის შემცველი პარფიუმერიულ-კოსმეტიკური პროდუქციის ექსპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი;

სამრეწველო ან/და სამედიცინო მიზნით მცენარე კანაფის თესლის ან/და ნერგის იმპორტის ლიცენზია – 25 000 ლარი.

ლიცენზიის პირდაპირი წესით გაცემის წესს საქართველოს მთავრობა ადგენს და ის მხოლოდ 5 წლის ვადით გაიცემა.

აღსანიშნავია, რომ მცენარე კანაფის დათესვა, მოყვანა და კულტივაცია მხოლოდ დახურულ შენობა-ნაგებობებში იქნება დასაშვები შესაბამისი ლიცენზიით. გადამუშავებული მარიხუანის ან ამავე მცენარის შემცველი პროდუქტებიც ასევე დახურულ შენობა-ნაგებობაში უნდა ინახებოდეს. სავარაუდოდ, საუბარია სათბურებზე.

გარდა ამისა, მარიხუანის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, გადამუშავება, შენახვა, წარმოება ნებადართული იქნება მხოლოდ ისეთ შენობა-ნაგებობაში, რომელიც დააკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ უსაფრთხოების სტანდარტებს, მათ შორის, შენობა-ნაგებობა აღჭურვილი უნდა იყოს შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, როგორც შიდა, ისე გარე პერიმეტრზე. ამასთანავე, კანონპროექტი კრძალავს კანაფის ინდუსტრიაში 21 წლამდე ასაკის პირების ჩართვას/დასაქმებას.

წყარო: გაზეთი „პრაიმტაიმი“

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები