სომხეთში, ხუთსართულიან სახლში აფეთქება მოხდა
სომხეთის ქალაქ რაზდანში, 16 სექტემბერს, გვიან ღამით აფეთქება მოხდა.
შემთხვევის ადგილზე სპეციალისტებმა ელექტროდეტონატორი აღმოაჩინეს.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას სომხეთის საგანგებო სიტუაციების სამმართველოს პრესსამსახური ავრცელებს.
“16 სექტემბერს, საღამოს, ქალაქ რაზდანში, საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთ ბინაში, აფეთქება მოხდა, შედეგად არავინ დაშავებულა. მაშველებმა ტერიტორია შემოღობეს და 30 მოსახლის ევაკუაცია მოახდინეს”, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
უწყების ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაინგრა კედლები, ფანჯრები, კარები და დაზიანდა საცხოვრებელ სახლში არსებული ქონება.
“შემოწმების შედეგად ნაპოვნი იქნა საათი, რომელიც დაერთებული იყო ელექტროხაზებზე, 4 ელექტროდეტონატორი და დისტანციური მართვის პულტი”, – ნათქვამია შეტყობინებაში.
როგორც ცნობილია, კინოლოგებმა შენობაში სხვა ასაფეთქებელი საშუალება ვერ აღმოაჩინეს, ამ დროისთვის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.