„მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას სექტემბრის ბოლოსკენ ელოდებიან“

„ქართული არჩევნებით რუსული მედიაც დაინტერესებულია. ისინი თითქმის ყველა ძირითად კანდიდატზე წერენ, თუმცა, „გირჩები“ ჯერ მათ ფოკუსში არ მოხვედრილან. საინტერესოა, ვინ რა ფრაზით მოხვდა ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის ყურადღების ქვეშ.

ლეიბორისტების ლიდერს შალვა ნათელაშვილს მედიამ ყურადღება მხოლოდ იმიტომ მიაპყრო, რომ ის ამომრჩევლებს დედაქალაქის თბილისიდან სოხუმში გადატანას დაჰპირდა. ცხინვალი კი საპარლამენტო ქალაქი გახდებაო, განაცხადა ნათელაშვილმა და მაშინვე მოხვდა რუსული მედიის ფურცლებზე. ასევე, ის ყველას, ვინც დღეს სამხედრო პირად ან დიპლომატად მსახურობს ცხინვალსა და აფხაზეთში, დაპატიმრებას შეჰპირდა.

გიორგი მარგველაშვილსა და ნინო ბურჯანაძეზე მხოლოდ ის დაწერეს, რომ მარათონს გამოეთიშნენ, თითქოს არაფერი ისეთი საინტერესო. პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეზე მხოლოდ ის აღნიშნეს, რომ ის რუსეთთან ურთიერთობების დალაგების მომხრედ აქტიურად გამოდიოდა, ახლა კი განაცხადა, მონაწილეობას სულაც არ მივიღებ არჩევნებშიო.

სალომე ზურაბიშვილზე პირველად მაშინ დაწერეს, როცა საფრანგეთის მოქალაქეობაზე თქვა უარი, ახლა კი ხშირად აქცევენ ყურადღებას მის 2008 წლის აგვისტოს ომზე პოზიციას. იქვე ამატებენ, რომ ინგლისურენოვანი გამოცემები თურმე მისი ამ პოზიციით არ ინტერესდებიან და არ ბეჭდავენ.

რა თქმა უნდა, ინტერესი მიხეილ სააკაშვილის მიმართაც არის, თუმცა, ის უკვე ეპატაჟურ ფიგურად ყალიბდება. ახლა წერენ, რომ ის საქართველოში ჩასასვლელად ემზადება. რა თქმა უნდა, ამის დასტურად თავად მიხეილ სააკაშვილის სიტყვებს აქვეყნებენ“,- წერს პრაიმტაიმი“.

როგორც გამოცემა წერს, საქართველოში ზოგიერთი ოპოზიციური ძალა მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩასვლას სექტემბრის ბოლოს ელოდა -„თუმცა, ექსპერტებსა და ჭკვიან პოლიტიკოსებს მის ასეთ გეგმებზე მხოლოდ ეცინებათ. 2016 წლის არჩევნებიდან ის მოდის და ჯერ ვერ ჩამოვიდა“.

ლევან ალაფიშვილი მიიჩნევს, რომ თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ სააკაშვილი საქართველოში გამოჩნდეს. გია ხუხაშვილის განმარტებით, ქუჩის აქციებით ხდებოდა იმის ტესტირება და მოსინჯვა, სად ააქვს სუსტი წერტილი ხელისუფლებას, თუმცა: „დღეს „ქართულ ოცნებას“ პრობლემები, თანაც სერიოზული, აქვს საკუთარი პარტიის შიგნით, ურჩხული თავის წიაღში ჰყავს, გარეთ მას პრობლემები არ აქვს“. შესაბამისად, ხუხაშვილს სააკაშვილის ჩამოსვლის პერსპექტივებზე მხოლოდ ირონიულად ეღიმება.

რაც შეეხება ოპოზიციაში მოარულ ხმებს იმის შესახებ, რომ სალომე ზურაბიშვილი, დიდი ალბათობით, წააგებს და ოპოზიციას გამარჯვების რეალური შანსები აქვს, აქაც ოპოზიციურ ოპტიმიზმს გია ხუხაშვილი სკეპტიკურად უყურებს:

„როგორიც არ უნდა იყოს მმართველი პარტიის აქტიურობა, დისტანცირება მათ სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურისგან არ გამოუვათ, ამ შემთხვევაში მოიგებს „ნაციონალების“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, ეს კი „ქართული ოცნებისთვის“ კატასტროფული იქნება. მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ სალომე ზურაბიშვილის არჩევის დიდი სურვილი არ აქვს, მაგრამ მან თავად ჩაიგდო თავი ასეთ ვითარებაში, ასე რომ, მოუწევთ“.

წყარო: “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები