რა დანიშნულება აქვს მარიხუანას მედიცინაში? – ნარკოლოგის განმარტება

რა გამოყენება აქვს მარიხუანას მედიცინაში? – ამ საკითხთან დაკავშირებით “ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის“ ექიმმა, გვანცა ფირალიშვილმა მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მან ის დაავადებები ჩამოთვალა, რომელთა მკურნალობის პროცესშიც კანაბისის შემცველი პრეპარატები გამოიყენება.
„ძირითადი ჩამონათვალი დაავადებებისა, როდესაც კანაბისის შემცველი პრეპარატები გამოიყენება არის იმუნოდეფიციტით მიმდინარე დაავადებები, მათ შორის აივ-ინფექცია შიდსი, უფრო სწორად, შიდსის ბოლო სტადიები, როდესაც არის პირღებინება, უმადობა, კახექსია, წონაში მკვეთრი კლება, როდესაც არის ტკივილის სინდრომი სხვადასხვა ტიპის დაავადების დროს, როდესაც სხვა პრეპარატები არ მოქმედებს ეფექტიანად. გამოიყენება ნეიროდეგენერაციული ცვლილებების დროს, მათ შორის, ეფექტიანია გაფანტული სკლეროზის დროს, ეპილეფიის დროს, როდესაც არის სერიული კრუნჩხვები და არაეფექტურია სხვა ტიპის წამლები.
არის კვლევები იმის თაობაზე, როდესც პალიატიურ თერაპიაში გაცილებით უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტების მქონეა კანაბისის პროდუქცია, ვიდრე ოპიოიდური ჯგუფის პრეპარატები , მათ შორის მორფი და მისი ჯგუფის პრეპარატები. ამიტომ, სანამ ამ პრეპარატებზე გადავლენ, შესაძლებელია, უკეთესი ვარიანტი იყოს კანაბისის შემცველი პრეპარატების გამოყენება. განსაკუთრებით ერთ-ერთი შემცველი კომპონენტის შემთხვევაში აქვს როგორც სედაციური ეფექტი, ძლიერი ტკივილგამაყუჩებელია, ასევე იმუნური სისტემის გამააქტიურებელია“, – განაცხადა გვანცა ფირალიშვილმმა.
მანვე აღნიშნა, რომ კანაბისის შემცველი პრეპარატები საქართველოში არ გამოიყენება.
ნარკოლოგმა იმ უარყოფით გავლენებზეც ისაუბრა, რომელიც მარიხუანას ადამიანის ჯანმრთლობაზე აქვს. მისი თქმით, მარიხუანას მოხმარების თანმდევი რისკები შესაძლოა იყოს ნევროზები, ფსიქოზი, მეხსიერების დაქვეითება. მისი თქმით, მარიხუანა არ არის უწყინარი განსაკუთრებით მაშინ, როცა მას რეკრეაციული მიზნით მოიხმარენ.
„განსაკუთრებით ეს არის ძალიან სახიფათო 21 წლამდე. ამ ასაკში ხდება ფორმირება ტვინის გარკვეული სტრუქტურების საბოლოო ფორმირება. მარიხუანას ფსიქოაქტიური მოქმედების მიმართ განსაკუთრებით მოწყვლადია ტვინი. პირებს, რომლებსაც აქვთ გარკვეული გენეტიკური განწყობა, აქ შეიძლება იყოს როგორც უარყოფითი მოვლენების დამაჩქარებელი. მოზარდებისთვის მარიხუანას მიღება კატეგორიულად არ შეიძლება. ხშირად ალკოჰოლს ადარებენ ხოლმე, თუ ალკოჰოლის შემთხვევაში, ფსიქოზის ფორმირებისთვის შესაძლებელია სისტემატური მოხმარების ათწლეულები იყოს საჭირო, მარიხუანას ერთჯერადმა მოხმარებამაც კი ცალკეულ პიროვნებაში, შეიძლება, გამოიწვიოს ფსიქოზი, როგორც უკიდურესი ვარიანტი, ასევე მისი შერბილებული ვარიანტი, როგორიცაა პანიკური რეაქციები, პარანოიალური განწყობა, აზრები.
ასევე არის კვლევები, რომლის თანახმადაც, სისტემატური მოხმარების შემთხვევაში ინტელექტის კოეფიციენატი დაახელოებით 4-5 ქულით ჩამორჩება დანარჩენი მისი თანატოლების მონაცემებს“, – განაცხადა ექიმმა- ნარკოლოგმა.
ცნობისთვის, მთავრობა ექსპორტზე გასატანად სამედიცინო და კოსმეტიკური მიზნით, მარიხუანის მოყვანა-წარმოების საკითხს განიხილავს. სამედიცინო მიზნებისთვის მარიხუანას კულტივაციის ლიცენზირებისთვის სპეციალური სააგენტო შეიქმნება. როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, შს მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, ეს სააგენტო განსაზღვრავს ლიცენზიის საფასურს და კონკურსის პირობებს.

თამუნა შეყილაძე

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები