გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, IPC-ის ანგარიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ღაზაში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისი და მოსახლეობის შიმშილი „თავად კაცობრიობის მარცხია“.
„როგორც ჩანს, ღაზაში არსებული ჯოჯოხეთის აღსაწერად სიტყვები აღარ დარჩა და ახალი დაემატა: „შიმშილი.
ეს ადამიანის მიერ შექმნილი კატასტროფა, მორალური ბრალდება და თავად კაცობრიობის კრახია. შიმშილი მხოლოდ საკვებს არ ეხება, ეს არის ადამიანის გადარჩენისთვის საჭირო სისტემების განზრახ კოლაფსი“, – განაცხადა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, ისრაელს საერთაშორისო სამართლის მიხედვით ვალდებულებები აქვს, მათ შორის მოსახლეობის საკვებითა და სამედიცინო მარაგებით უზრუნველყოფის ვალდებულება.
„ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს სიტუაცია დაუსჯელად გაგრძელდეს. მოქმედების დრო ხვალ არ არის – ახლაა. ჩვენ გვჭირდება დაუყოვნებელი ცეცხლის შეწყვეტა, ყველა მძევლის დაუყოვნებელი გათავისუფლება და ჰუმანიტარული დახმარების სრული, შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა“, – დასძენს ის.