მამუკა ბახტაძე: ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ საზოგადოებას არასწორი სურათი დაუხატონ

„საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობის მცდელობა არ არის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს პერსონიფიცირებული, პირიქით, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საქართველოში პოლიტიკა იყოს დეპერსონიფიცირებული და შეიქმნას ის ინსტიტუტები და განისაზღვროს ის პოლიტიკა, რომელიც საქართველოს მთავრობას მიაღწევინებს საერთო მიზანს.

„ჩვენმა პარტნიორებმა დააფიქსირეს პოზიცია, რომელიც არის ძალიან მკაფიო. სამწუხაროდ, ჩვენი ოპონენტები კვლავ განაგრძობენ მცდელობას, რომ არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას. თუმცა, მე ვფიქრობ, რომ საზოგადოება ყველაფერს ძალიან ნათლად ხედავს. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მმართველი პარტიის თავმჯდომარე. ჩვენ საქართველოში ვაშენებთ საპარლამენტო რესპუბლიკას, საპარლამენტო დემოკრატიას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
მისი თქმით, ოპონენტები განაგრძობენ მცდელობას, რომ არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით არასწორი სურათი დაუხატონ საზოგადოებას.
„საუბარი იმ ადამიანზე, რომელიც არის მმართველი პოლიტიკური ძალის და პარტიის თავმჯდომარე, რომ ის თურმე არაფორმალურად მართავს ქვეყანას, ეს ღიმილის მომგვრელია. გუშინ ბევრმა ჩვენმა პარტნიორმა ეს ღიად დააფიქსირა. ჩემი აზრით საზოგადოება ყველაფერს კარგად აფასებს და მე ვიტყოდი, ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისთვის არ არის ეს ის საკითხი, რომელიც მათ დამატებით პოლიტიკურ ქულებს მოუტანს. ყველა კარგად ხვდება, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში არაფორმალურ მმართველობაზე საუბარიც არ შეიძლება, მაშინ როდესაც ადამიანი არის მმართველი პოლიტიკური გუნდის თავმჯდომარე”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები