თეა წულუკიანი: ჩემს თავს ავუკრძალე სისხლის სამართლის საქმეებში ჩარევა

მე ჩემს თავს ავუკრძალე ის, რომ ჩავრეულიყავი რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში“, – ამის შესახებ გადაცემაში “პირისპირ” იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ ტრაგედია, რომელიც გასული წლის 1 დეკემბერს ხორავას ქუჩაზე დატრიალდა, დღესაც პოლიტიზებულია.
“2013 წლის მაისში ძალაში შევიდა პროკურატურის შესახებ კანონში ცვლილება. ჩემი და სხვა ჩემი კოლეგების მონაწილეობით ვთქვით, რომ იუსტიციის მინისტრი აღარ იქნება მთავარი პროკურორი და მას ავუკრძალეთ, ანუ მე ჩემს თავს ავუკრძალე ის, რომ ჩავრეულიყავი რომელიმე სისხლის სამართლის საქმეში,- განაცხადა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისიის წევრებს ეს კანონი წაკითხული არ ჰქონდათ და კომისიაზე მისი დაბარების შემდეგ წაიკითხეს.
3 აგვისტოს პარლამენტის საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის გამოკითხვა რეკორდულად სწრაფად დასრულდა.
7 სექტემბერს თეა წულუკიანმა საგამოძიებო კომისიის მუშაობა შეაფასა და “ევროპულ საქართველოს” კომპეტენცია დაუწუნა. მან კომისიის წევრებს მიმართა, დაასახელონ მკვლელის გვარი, რომელსაც საზოგადოებას ჰპირდებოდნენ.
ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე პარლამენტში შექმნილმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ ხელისუფლებას 32 რეკომენდაციით მიმართა. კომისიის თავმჯდომარემ სერგი კაპანაძემ რამდენიმე დღის წინ სამთვიანი მუშაობა შეაჯამა.
პარლამენტში ხორავას ქუჩაზე მოკლული ორი მოზარდის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია 6 ივნისს შეიქმნა. პარლამენტის საგამოძიებო კომისიის პარალელურად, გამოძიებას ხელახლა აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო. მკვლელობის საქმეზე ახალი გარემოებების დადგენის მიზნით, გამოძიებას უშუალოდ გიორგი გახარია ხელმძღვანელობს.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის 1 დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.
2018 წლის 31 მაისს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე მოსამართლემ განაჩენი გამოაცხადა, რასაც დაზარალებული ზაზა სარალიძის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. მან ქუჩის გამოსვლების ორგანიზება დაიწყო.
მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, რომლის უწყების პოზიციაც სასამართლომ ბოლომდე არ გაიზიარა, თანამდებობიდან გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები