ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის დასკვნის ახალი ნაწილი გასაჯაროვდა

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილმა საპარლამენტო კომისიამ დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი გამოაქვეყნა.
როგორც საგამოძიებო კომისიის დასკვნაშია ნათქვამი, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობას წინ უძღოდა 51-ე საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს მომხდარი ჩაგვრის/ბულინგის საფუძველზე განვითარებული კონფლიქტი, მე-11 და მე-9 კლასელებს შორის,
“შესვენების დროს, სკოლის საპირფარეშოში, მე-11 კლასელების – დ.ღ.-ს და დ.ნ-ს მხრიდან თ.ჩ.-ს და ა.ს.-ს მიმართ ადგილი ჰქონდა ჩაგვრას/ბულინგს, რის გამოც მოხდა შელაპარაკება.
კონფლიქტური სიტუაცია გაგრძელდა დერეფანში, ერთი მხრივ, დ.ღ.-ს და ა.ს.-ს და მეორე მხრივ,  დ.ნ.-ს და თ.ჩ.-ს შორის. შელაპარაკებაში ასევე, მონაწილეობდა დავით სარალიძე“, -აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნაში მითითებულია, რომ ინციდენტი ამით არ ამოწურულა. მოსწავლეები (დ.ნ. და თ.ჩ.) შეთანხმდნენ, რომ გაკვეთილების შემდეგ შეხვდებოდნენ და გააგრძელებდნენ საქმის გარჩევას.
„ა.ს. დაუკავშირდა თავის მე-12 კლასელ დეიდაშვილს – მ.კ.-ს და სთხოვა დახმარება. სასწავლო პროცესის დამთავრებამდე, 13:40 საათისთვის, ისინი სკოლასთან შეიკრიბნენ. სკოლის წინ შეიკრიბა სულ დაახლოებით, 30-35 სკოლის მოსწავლე, რომლებიც წავიდნენ საქმის გასარჩევად ბაქრაძის ქუჩისკენ,”- ნათქვამია დასკვნაში.
დასკვნის მიხედვით, 51-ე სკოლის საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტი სკოლის ადმინისტრაციის და მანდატურების ყურადღების მიღმა დარჩა. მანდატურებს ასევე გამოეპარათ დავით სარალიძის, დ.ღ.-სა და ა.ს.-ს დაძაბული საუბარი სკოლის დერეფანში, მაგრამ ერთ-ერთმა მანდატურმა – ანა გუშარაშვილმა დააფიქსირა დ.ნ.-სა და თ.ჩ-ს შორის კონფლიქტი.
„მანდატურმა ფაქტი შეატყობინა სკოლის დირექტორის მოადგილეს, თინათინ ყენიას, რომელმაც დაიბარა როგორც თ.ჩ., ისე დ.ნ. და გაესაუბრა მათ კონფლიქტის თაობაზე. აღსანიშნავია, რომ გაკვეთილების დასრულების შემდეგ, 13:50-ზე, თინათინ ყენიამ სკოლის აივნიდან შეამჩნია ბაქრაძის ქუჩის მიმართულებით მოძრავ მოსწავლეთა დიდი რაოდენობა, მათ შორის, ინციდენტში მონაწილეებიც, ასევე, დავით სარალიძე და სავარაუდოდ, სხვა სკოლის მოსწავლე მოზარდიც. მან ინფორმაცია მანდატურებს მიაწოდა, რომელთაც ვერ აღმოაჩინეს კონფლიქტური სიტუაცია“, -აღნიშნულია დასკვნაში.
დასკვნის თანახმად, არც ერთი მანდატური არ აკონტროლებდა სკოლის პერიმეტრს, როგორც უშუალოდ, ისე სათვალთვალო კამერების მეშვეობით, რის გამოც, მათ ყურადღების მიღმა დარჩათ სასწავლო პროცესის შემდგომ, სკოლის წინ ათეულობით მოსწავლის შეკრება და მათი ჯგუფური გადაადგილება.
ამასთან, დასკვნაში წერია, რომ ორივე სკოლისთვის ცნობილი იყო ინციდენტში მონაწილე მოსწავლეებში გაზრდილი აგრესიული ფონის შესახებ. მათ მიმართ დისციპლინური გადაცდომებისთვის, სხვადასხვა დროს, გამოყენებული იყო შესაბამისი სახდელები, თუმცა სკოლამ არ გაატარა დამატებითი პრევენციული ღონისძიებები, არასასურველი ქცევის კორექციისა და მოზარდის პოზიტიური განვითარების მიზნით.
კომისიის წევრები აღნიშნავენ, რომ ინციდენტებზე არასათანადო რეაგირება მოსწავლეებში ქმნიდა დაუსჯელობის განცდას, რაც შეიძლება გამხდარიყო მათში არსებული აგრესიის კონკრეტული ქმედებით გამოვლენის მიზეზი.
„ნიშანდობლივია, რომ საპირფარეშოში მომხდარი ინციდენტის მონაწილე 4 მოსწავლეს ჩადენილი ჰქონდა არაერთი დისციპლინური გადაცდომა 2017 წელს,”- აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებმა მოამზადეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები