“ჩვენი ვალი იყო ქვეყნის წინაშე შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ”
„ჩვენი ვალი იყო ქვეყნის წინაშე შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციის დღეს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაციისას განაცხადა.
ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას სანდრო გირგვლიანის დედა, ირინა ენუქიძე გაიხსენა და განაცხადა, რომ ახალი კონსტიტუციის პრეზენტაცია სიმბოლურად დაემთხვა ირინა ენუქიძის გარდაცვალების თარიღს.
„დღეს აღინიშნება საქართველოს კონსტიტუციის მიღების დღე. ამ დღეს ჩვენ სიმბოლურად დავამთხვიეთ კონსტიტუციის ახალი რედაქციის პირველი გამოცემის პრეზენტაცია. კონსტიტუცია არის სახელმწიფოს ქვაკუთხედი. კონსტიტუცია განსაზღვრავს სახელმწიფოს განვითარების შინაარსს. სისტემური უსამართლობა როგორც წესი სათავეს იღებს უსამართლო კონსტიტუციაში. ხოლო სადაც კონსტიტუცია სამართლიანია, სისტემური უსამართლობის მიერ სახელმწიფოში ფეხის მოკიდება შეუძლებელია.
დღეს შესრულდა 11 წელი ქალბატონ ირინა ენუქიძის გარდაცვალებიდან. ირინა ენუქიძე იყო სამართლიანობისთვის თავგანწირული ადამიანი, რომელიც სწორედ იმ უსამართლობას შეეწირა, რომელმაც 2004 წელს თავი უსამართლო კონსტიტუციით დაიმკვიდრა, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში.
ჩვენი ვალი იყო თუნდაც ირინა ენუქიძის ხსოვნის წინაშე, ჩვენი ვალი იყო ჩვენი ქვეყნის წინაშე შეგვემუშავებინა ისეთი კონსტიტუცია, რომელიც თავიდან აგვარიდებდა ყოველგვარ სისტემურ უსამართლობას სამომავლოდ. ეს იყო ჩვენი ვალი ქვეყნის წინაშე და მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს მისია საქართველოს პარლამენტმა პირნათლად შეასრულა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.