262 ათასი ჯარისკაცი, 1000 თვითმფრინავი, 900 ტანკი და 300 ხომალდი-რუსეთი ბოლო ათწლეულების მანძილზე ყველაზე მასშტაბურ წვრთნებს იწყებს

რუსეთი მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს, „აღმოსავლეთი – 2018,” რომლის მსგავსი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ჯერ არ ყოფილა. სამხედრო წვრთნებში მონაწილეობას 262 ათასი ჯარისკაცი იღებს, სადაც ჩართულია 1000-ზე მეტი საფრენი აპარატი, 900 ტანკი, 300 სამხედრო ხომალდი და სხვა ტექნიკა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, „რეზონანსი” ანალიტიკოსს სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძეს ესაუბრა, რომელმაც განაცხადა, რომ 1981 წლის შემდეგ მსგავსი მასშტაბის წვრთნები არ ყოფილა.

„როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, 1981 წელს ჩატარებული სამხედრო წვრთნების შემდეგ, ეს ყველაზე მასშტაბური სწავლებაა საბჭოთა კავშირის და რუსეთის ისტორიაში. ოფიციალური ინფორმაციით, მონაწილეობს 262 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რაც ძალიან დიდი ციფრია. პირველად არის ასეთი რაოდენობა გაცხადებული, რომლის მსაგვსიც ჯერ არ შემხვედრია.

„რუსეთის ხელისუფლებასა და ზოგადად, დასავლეთი ლიდერებს შორის „დასავლეთი 2017″-ის რიცხოვნობასთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული შეხლა-შემოხლა იყო; რუსეთი მალავდა კონკრეტულ რიცხვს, – საუბარი იყო 15 ათას სამხედრო მოსამსახურეზე, რომელებიც ამ სწავლებაში მონაწილეობდნენ.

„რეალურად, მაშინაც დიდი რაოდენობა იყო, მაგრამ ახლა ოფიციალურადაა გაცხადებული, რომ მონაწილეობს ორი სამხედრო ოლქი, რომელთა ბაზაზეც იქნება ეს წვრთნები. ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთ სამხედრო ოლქები,” – აღნიშნა მან.

სალუქვაძის განცხადებით, აღნიშნული სამხედრო წვრთნები შესაძლოა უფრო მეტად დაუკავშირდეს იმ დაძაბულ ვითარებას, რაც დღეს მსოფლიოში არსებობს, – ამერიკის გამკაცრებული სანქციები და დაპირისპირება სახელმწიფოებს შორის.

„1000-ზე მეტი თვითმფრინავი, 900-მდე ტანკი, დამატებული ალტილერია, საბრძოლო მანქანები და 300-მდე სამხედრო ხომალდი. აღნიშნული სწავლება საკმაოდ მასშტაბურია. ასევე, რუსეთთან ერთად სწავლებაში ჩართული არის ჩინეთი და მონღოლეთის არმია.

„აღნიშნულ წვრთნებს მეტწილად ვუკავშირებ რუსეთ-ამერიკისა და ამერიკა-ჩინეთის დაძაბულ რიტორიკასა და დაპირისპირებას, მათ შორის სანქციებსა და სავაჭრო ომს. რა თქმა უნდა, ეს რიტორიკა გახსნა პუტინმა, როდესაც ამა წლის გაზაფხულზე დუმას მიმართა.

„ამას სულ ახლახანს ტრამპმა უპასუხა გაზრდილი ბიუჯეტით და იმ ტექნიკის ჩამონათვალით, რომელსაც ამერიკის არმია მიიღებს უახლოეს პერიოდში. ახლა, რასაც ვუყურებთ, ეს არის გაგრძელება, უკვე სწავლებების ფორმით. სახეზე გვაქვს გამალებული შეიარაღება და კუნთების თამაში. ამ სწავლებას ვუკავშირებ გლობალურ დაპირისპირებას, რაც დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის არსებობს,” – აცხადებს ის.

მისი თქმით, რუსეთი დაპირებას ასრულებს მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გააქტიურების შესახებ და აღნიშნული წვრთნები დაახლოებით ორი კვირა გაგრძელდება და დაძაბული ფონი, რასაც ამ მასშტაბის წვრთნები ქმნის, სიტუაციის დაძაბვას არ გამოიწვევს.

„მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ რუსეთი სამხედრო თვალსაზრისით გააქტიურდებას გეგმავდა და სწორედ, ერთ-ერთი მასშტაბური გამოვლინება არის სწავლება „აღმოსავლეთი-2018.”

„როგორც წესი, მსგავსი მასშტაბური სამხედრო სწავლებები ერთი-ორი კვირის განმავლობაში გრძელდება ხოლმე, რადგან ძალიან ბევრ ეტაპს შეიცავს. იქნება საბრძოლო სროლები სხვადასხვა პოლიგონებზე; უამრავი პოლიგონია ჩართული ამ სწავლებაში, რადგან რეალური მანევრები ზუსტად სხვადასხვა მასშტაბის და სხვადასხვა სახეობების პოლიგონებზე იქნება გამართული, მათ შორის საჰარეო თავდაცვისა და ავიაციის გამოყენებით.

„ფონი ყოველთვის დაძაბული იქმნება, როდესაც ასეთი მანევრები ტარდება, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულს და რაიმე ტიპის აგრესიას არ ველოდები, გარდა იმისა, რომ იქნება რიტორიკა, რაც ჩვეულებრივ ახლავს ხოლმე ამ სწავლებებს,” – განაცხადა ამირან სალუქვაძემ.    წყარო: //www.resonancedaily.com/mobile/index.php?id_rub=2&id_artc=54371

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები