რა მოხდა უმრავლესობის ბოლო დახურულ შეხვედრაზე?

0

რა არგუმენტები ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს საპრეზიდენტო კანდიდატის არ დასახელებაზე, რომელზეც საჯაროდ არ საუბრობენ?
დიდი მოლოდინის შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა თავისი საპრეზიდენტო განზრახვის შესახებ განაცხადა. ცესკო მას სულ მალე დაარეგისტრირებს ოფიციალურ კანდიდატად. ამის მიუხედავად, ჯერ ისევ უცნობია, ექნება თუ არა ზურაბიშვილს მმართველი პარტიის სრული მხარდაჭერა ოქტომბრის არჩევნებში და რა სახის იქნება იგი. დაუჭერს პარტიის თავმჯდომარე მხარს ღიად სალომე ზურაბიშვილს და დაეხმარება საარჩევნო კამპანიაში, თუ დარჩება ისეთივე დისტანცირებული, როგორც ბოლო არჩევნებში იყო? ჯერ-ჯერობით ეს უცნობია.
მანამდე კი არ ცხრება ვნებათაღელვა “ქართული ოცნების” შიგნით. “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, ბოლო შეხვედრამ “ქართულ ოცნებაში” საკმაოდ მწვავედ ჩაიარა და შიდა დებატებმა რამდენიმე საათს გასტანა. შეხვედრას ესწრებოდა ბიძინა ივანიშვილი, რომლის მოსაზრებებიც საპრეზიდენტო არჩევნებთან ცნობილია და როგორც ინტერვიუში აღნიშნა, სურს, ამ თემასთან დაკავშირებით, პარტიას ერთიანი პოზიცია ჰქონდეს.
პოზიციის შესამუშავებლად კი განხილვები აქტიურ ფაზაშია. დეპუტატთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არ არის მზად ისეთი რთული ოპერაციის ჩასატარებლად, რასაც პარტიის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმა ნიშნავს. ისინი შიშობენ, რომ ელექტორატის მხრიდან ეს ნაბიჯი შეიძლება, სისუსტედ იყოს აღქმული. ამიტომ ისინი კლასიკური ქმედების მომხრენი არიან, როგორც ეს შემდგარ ევროპულ ქვეყნებშია – პარტია აყენებს კანდიდატურას და იმარჯვებს.
დეპუტატების ნაწილი კი ეთანხმება პარტიის თავმჯდომარის პოზიციას და მიიჩნევს, რომ “ქართულმა ოცნებამ” უფრო გრძელვადიანი გეგმა უნდა შეიმუშაოს. მათ მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების ყველა შტოში ისედაც “ოცნებაა” წარმოდგენილი და როგორც საერთაშორისო იმიჯისთვის, ისევე, დემოკრატიული პროცესისთვის ქვეყნის შიგნით, უმჯობესია, თუ ამ პოსტის დათმობით, მოხდება ძალაუფლების გარკვეული დაბალანსება. ამ იდეას ემხრობიან გია ვოლსკი, სხვა დეპუტატები და პარლამენტის თავმჯდომარეც.
“როგორც ირკვევა, პარტიის თავმჯდომარემ, კონსტიტუციის პრინციპებიდან გამომდინარე, მეორე მიზეზიც დაასახელა, თუ რატომაა სწორი პრეზიდენტობის კანდიდატის არ წარდგენა. ჯერ-ჯერობით უცნობია, რა არის ეს მეორე მიზეზი, თუმცა ცნობილია, რომ პარტიის თავმჯდომარის არგუმენტს ემხრობიან “ოცნების” ის დეპუტატებიც, რომლებიც ღიად ოპონირებდნენ პრეზიდენტ მარგველაშვილს რიგ საკითხებში და აკრიტიკებდნენ როგორც მის ცალკეულ გადაწყვეტილებებს, ასევე, მის სწრაფვას – გამოეყენებინა საპრეზიდენტო ინსტიტუტი პირადი ინტერესების შესაბამისად. საბოლოოდ, მარგველაშვილის ეს სწრაფვა მხოლოდ მის მიერ პოლიტიკური კაპიტალის დაგროვების მცდელობად შეფასდა. ერთი დეპუტატის თქმით, თვითონ მარგველაშვილიც კი რომ იყოს პრეზიდენტი შემდეგი 6 წელიწადი, ეს ვერაფერს დააკლებს ქვეყნის მართვას და “ქართულ ოცნებას”.
როგორც ჩანს, საკითხის განხილვა ჯერ არ დასრულებულა და პარტიის შიგნით ერთსულოვნებაზე საუბარი ნაადრევია. შესაძლებელია, პრეზიდენტის თემა არც დასრულდეს კონსენსუსით და ამ საკითხთან დაკავშირებით გაყოფილი აზრები საპარლამენტო ცხოვრებაზეც აისახოს.
აზრთა სხვადასხვაობა მმართველი პარტიის შიგნით სხვა საკითხებზეც არსებობს და არც ისაა გამორიცხული, რომ შემოდგომაზე “ოცნების” შიგნით ახალი ფრაქციები ვიხილოთ. “ოცნების” ყველა დეპუტატი ერიდება საჯაროდ თავისი აზრის დაფიქსირებას კატეგორიული ფორმით. ჯერ-ჯერობით უცნობია, რამდენად გაიზიარებს კანდიდატურის არ დაყენების მეორე მიზეზს პარტიის თავმჯდომარე და როგორ დაელაპარაკება იმ დეპუტატებს, რომლებიც ცალსახად ემხრობიან კანდიდატის დაყენებას. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარტია პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით, ვის დაუჭერს მხარს და როგორ გადაჯგუფდებიან დეპუტატები პარტიის შიგნით, ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ”,- წერს “პრაიმტაიმი”.

კომენტარები

კომენტარი