ვინ არის აჭარელი რუსლან შავაძე, რომელმაც აჰმედ ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა

ვინ არის აჭარელი რუსლან შავაძე, რომელმაც აჰმედ ჩატაევი საქართველოში შემოიყვანა – ამ სათაურით გაზეთი “პრაიმტაიმი” დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს. როგორც ცნობილია, ტერორიზმის მხარდაჭერასა და აჰმედ ჩატაევთან კავშირში მხილებული პირების მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლომ გასულ კვირას განაჩენი გამოაცხადა და ყველა ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

ყველაზე მაღალი სასჯელი, 13-13 წლით თავისუფლების აღკვეთა რუსეთის მოქალაქეს შოაიფ ბორზიევს და აჭარელ რუსლან შავაძეს ერგოთ, რომლებიც დამნაშავედ ცნეს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობაში, იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო ტარებაში, ტერორისტული აქტის მომზადებასა და საზღვრის უკანონო კვეთაში.

“ვინ არის რუსლან შავაძე, რომლის შესახებაც ინფორმაცია სხვა ბრალდებულებისგან განსხვავებით, საკმაოდ მწირია? „პრაიმტაიმმა“ მის შესახებ რამდენიმე საინტერესო დეტალის გარკვევა მოახერხა. აღმოჩნდა, რომ ის წარმოშობით აჭარელი გახლავთ, რომელიც უშუალოდ იბრძოდა სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეს. როდის წავიდა შავაძე სირიაში და კონკრეტულად როდის შეუერთდა ტერორისტული ორგანიზაციის რიგებს, უცნობია, თუმცა დახურულ სასამართლო პროცესზე პროკურატურამ წარადგინა ვიდეო- და ფოტომტკიცებულებები, რომლებიც შავაძის სირიის საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობის ფაქტს ადასტურებს. ჩვენი ინფორმაციით, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა აჰმედ ჩატაევთან, როდესაც ეს უკანასკნელი თურქეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდა. უფრო მეტიც, სწორედ მის მიერ შედგენილი რუკის მიხედვით შემოვიდა საქართველოში აჰმედ ჩატაევი. როგორც ჩანს, წარმოშობით აჭარელმა რუსლან შავაძემ ზედმიწევნით იცოდა, როგორ შემოეპარებინათ საერთაშორისო ტერორისტი საზღვრის მწვანე ზოლზე ისე, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდა.  ირკვევა, რომ სწორედ რუსლან შავაძემ უზრუნველყო კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე ჩატაევის და მისი დაჯგუფების უსაფრთხოდ ტრანსპორტირება და აჭარაში გადმოყვანა.

გავარკვიეთ ისიც, რომ რუსლან შავაძეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა გასული წლის დეკემბერში თურქეთის ქალაქ ტრაპზონში ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დროს დაკავებულ საქართველოს მოქალაქე გოჩა საღინაძესთან. შავაძე ჩატაევთან ერთად გარკვეული პერიოდი თურქეთში საღინაძის სახლში ცხოვრობდა, საიდანაც თურქმა სამართალდამცველებმა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული ატრიბუტიკა ამოიღეს.

21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ რუსლან შავაძის კვალი იკარგება. მასზე ქართველ სამართალდამცველებს ძებნა აქვთ გამოცხადებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი 13-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

იგივე ვადას საპატიმროში მოიხდის შოაიფ ბორზიევი. ის აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებიდან ერთადერთია, ვინც სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ცოცხალი გადარჩა. მანამდე კი, 1994 წელს დაბადებულ ბორზიევს ინტერპოლი წითელი ცირკულარით ეძებდა. საქართველოში ინტერპოლის სამდივნოდან გამოგზავნილი წერილით ირკვევა, რომ  შოაიფ ბორზიევმა 2012 წლის 25 დეკემბერს  დატოვა რუსეთის ტერიტორია და აზერბაიჯანის გავლით სირიაში გადავიდა, სადაც ტერორისტულ საწვრთნელ ბანაკში გაიარა მომზადება სროლის, სანაღმო საქმიანობის, ფიზიკური და საბრძოლო ტაქტიკის  დისციპლინებში, რის შემდგომაც შეუერთდა საერთაშორისო  ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთ უკანონო შეიარაღებულ ფორმირებას. ის აქტიურად მონაწილეობდა სირიაში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებში. აღნიშნული დადასტურდა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში მიღებული მასალებითაც, რომლის მიხედვითაც, შოაიფ ბორზიევი 2015 წელს რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონო შეიარაღებულ   ფორმირებაში მონაწილეობისთვის, კერძოდ კი „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში გაწევრიანებისთვის”,- წერს გამოცემა.

რუსლან შავაძისა და შოაიფ ბორზიევის გარდა, სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა  ტერორიზმის ხელშეწყობასა და სხვა მატერიალური საშუალებებით უზრუნველყოფაში ბრალდებულების მიმართაც. კერძოდ, რუსლან ალდამოვს და ანატოლი ბერძენიშვილს – 11-11 წლით, რამაზ მარგოშვილს – 12 წლით, ზურაბ იდოიძეს კი 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდათ. ცალკე წარმოებად არის გამოყოფილი ამავე საქმეში ბრალდებულ ბაადურ ჩოფანაშვილისა და ზურაბ გორნაკაშვილის საქმე, შესაბამისად, მათ მიმართ საბოლოო განაჩენი ჯერ არ გამოცხადებულა.

ტერორიზმის ხელშეწყობაში ბრალდებულები 26 დეკემბერს თბილისსა და პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში აიყვანეს. როგორც ცნობილია, ამ სპეცოპერაციას წინ უძღოდა 21-22 ნოემბერს თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე აჰმედ ჩატაევის დაჯგუფებასა და ქართველ სამართალდამცველებს შორის მასშტაბური შეიარაღებული დაპირისპირება, რომლის შედეგადაც ერთი სპეცრაზმელი ვანო გოლაშვილი გარდაიცვალა, ოთხი კი მძიმედ დაიჭრა. დაპირისპირების დროს მთლიანად განეიტრალდა ბინაში მყოფი შეიარაღებული დაჯგუფება, მათ შორის საერთაშორისო ტერორისტი აჰმედ ჩატაევი, ასევე, რუსეთის მოქალაქე იბრაგიმ ადაშევი და ასლანბეგ სოლტახმედოვი. სწორედ ამ სპეცოპერაციის დროს დააკავეს ინტერპოლის მიერ საერთაშორისო ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი შოაიფ ბორზიევი. ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინიდან კი სამართალდამცველებმა მთელი რიგი მტკიცებულებები ამოიღეს, მათ შორის აჰმედ ჩატაევის პირადი კომპიუტერი. სწორედ ჩატაევის კომპიუტერში დაცული მონაცემებისა და ბინიდან ამოღებული სხვა მტკიცებულებების საფუძველზე გამოიკვეთა კავშირი საქართველოში მცხოვრებ რამდენიმე პირთან, ძირითადად პანკისის ხეობიდან. პირველად ამ მასალებში ამოტივტივდა თემირლან მაჩალიკაშვილის გვარიც, რომელიც 26 დეკემბერს სხვა ბრალდებულებთან ერთად უნდა აეყვანათ, თუმცა სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მაჩალიკაშვილი მძიმედ დაიჭრა, მოგვიანებით კი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გამოძიების მტკიცებით, აჰმედ ჩატაევი და მისი თანამზრახველები ტერორისტული აქტების განხორციელებას გეგმავდნენ საქართველოსა და თურქეთში. მათ მიზანს კი დიპლომატიურ მისიებზე თავდასხმები წარმოადგენდა.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები