აშშ-ის სასტუმროში სიგარეტის მოწევისთვის გიორგი მარგველაშვილი 750 დოლარით დააჯარიმეს – ჯარიმა საქართველოს ბიუჯეტმა დაფარა

გიორგი მარგველაშვილის ამერიკული სკანდალი – „პრაიმტაიმს“ საინტერესო დოკუმენტი ჩაუვარდა ხელში – ამ სათაურით გაზეთი „პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში სტატიას აქვეყნებს, რომელიც  გიორგი მარგველაშვილის  მიერ მარტში, აშშ-ში გამართულ ოფიციალურ ვიზიტს ეხება.

როგორც სტატიიდან ირკვევა, გიორგი მარგველაშვილი სერიოზულ სკანდალში გაეხვა, უფრო კონკრეტულად კი, აშშ-ის სასტუმროში, სიგარეტის მოწევისთვის,  საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს.

ამასთან, გამოცემა ყოფილ დეპუტატ კობა დავითაშვილზე დაყრდნობით წერს, რომ პრეზიდენტმა მარგველაშვილმა, იმავე სასტუმროს ნომერში, მეორე დღესაც მოწია სიგარეტი და მესამე დღესაც და ისევ და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა:

„სკანდალური ვოიაჟი ამერიკაში – დასავლური მედია ქვეყნის პირველი პირებისა და პოლიტელიტის უცხოურ ვიზიტებზე ძალიან აქტიურად წერს. პრეზიდენტების, პრემიერებისა თუ პოლიტიკოსების ვოიაჟების დროს გაკეთებული განცხადებები, საუბრები, ქცევები, ჟესტები დიდ ინტერესს იწვევს. ამიტომაც, ხშირად ფოტოები, აუდიოჩანაწერები თუ, უბრალოდ, ინფორმაცია სერიოზულ გამოცემებში ხვდება. CNN, BBC და სხვა გამოცემები დეტალურად იკვლევენ, მსჯელობენ პირველი პირების ამა თუ იმ ხმაურიან თუ სადავო ქცევებზე.

უკვე ყველამ იცის, რომ რეფერატები და პიარშიკები ნებისმიერისგან გამოძერწავენ თითქმის იდეალურ ფიგურას, ამიტომაც იხედება მედია კულისებში, ამიტომაც ცდილობს ის, მიაგნოს პირველი პირების რეალურ სახეს – საზოგადოებას უფლება აქვს, იცოდეს, ვინ არის მათი რჩეული, როგორ იქცევა ის და რა სისუსტეები აქვს.

ამ მხრივ, დასავლური მედიის უპირობო ფავორიტი ახლა ტრამპია, – ქალების მიმართ უხამსი გამონათქვამების აუდიოჩანაწერებით დაწყებული და ფლეიბოის მოდელისთვის გადახდილი თანხების შესახებ ჩანაწერით  დასრულებული, ეს საუბარი ტრამპსა და მის იურისტს შორის შედგა – მის შესახებ ყველაფერი შუქდება. სხვათა შორის, ისიც ცუდი პრეზიდენტების ჩამონათვალში მოხვდა.

მანამდე პრესა პრეზიდენტ კლინტონის სასიყვარულო ისტორიებზე წერდა მონიკა ლევინსკისთან. მედიის ხელში აღმოჩნდა ამ ურთიერთობის თითქმის ყველა დეტალი…

პრეზიდენტების სისუსტეები ხშირად მათ კარიერაზეც ძალიან უარყოფითად აისახება. ბილ კლინტონი თავისმა სექსუალურმა თავგადასავალმა ლამის იმპიჩმენტამდე მიიყვანა, ჰილარი კლინტონის პოლიტიკურ მომავალზე კი მნიშვნელოვნად აისახა. აღარაფერს ვიტყვით რუსეთის პრეზიდენტის, ბორის ელცინის ლოთობაზე, რომელმაც, საკუთართან ერთად, თავისი ოჯახის მომავალ პოლიტიკურ ამბიციებსაც დიდი წერტილი დაუსვა.

სკანდალური ფიგურა იყო, სხვათა შორის, მიხეილ სააკაშვილიც. ვრცელდებოდა სხვადასხვა ინფორმაციები მისი ქალებთან ურთიერთობისა თუ მასაჟისტების შესახებ. როგორც აღმოჩნდა, პრეზიდენტის უცხოურ გართობასა და მეგობრებისთვის შეძენილ საჩუქრებსაც კი ბიუჯეტი ფარავდა.

გიორგი მარგველაშვილიც სერიოზულ სკანდალში გაეხვია. თუმცა, როცა პრეზიდენტი საზღვარგარეთ ეხვევა სკანდალში, ეს ბუნებრივია, საქართველოს იმიჯზეც აისახება.

მარტში მარგველაშვილი ამერიკაში გაემგზავრა ვიზიტით. რა თქმა უნდა, ის ერთ-ერთი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს საპრეზიდენტო აპარტამენტებში გაჩერდა. თავისთავად, პრეზიდენტია და ნომერიც საპრეზიდენტო სჭირდება… მიღება-შეხვედრები, ოფიციალური სადილები მაღალ დონეზე, ისე, როგორც ამას პრეზიდენტები იმსახურებენ… მაგრამ პირად სივრცეში მარტო დარჩენილმა მარგველაშვილმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა.

ასეთი სასტუმროები აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიით. ნომრებში მოწევა კატეგორიულად იკრძალება და თუ მაინც მოუკიდე საკუთარ ნომერში, თუნდაც საპირფარეშოში, სასტუმროში უსაფრთხოების სისტემა ირთვება და განგაშის ზარი ირეკება. ასე მოხდა მაშინაც, განგაში დაიწყო, სისტემამ სიგარეტის კვამლი ხანძრის კერად აღიქვა, თუმცა უსაფრთხოების სამსახურმა ხანძრის ნაცვლად გიორგი მარგველაშვილს მიაგნო – ის საკუთარ ნომერში სიგარეტს ეწეოდა.

საქართველოს პრეზიდენტი 750 დოლარით დააჯარიმეს. ამის შესახებ ინფორმაციას ფლობს ყოფილი დეპუტატი კობა დავითაშვილიც. მისი თქმით, მიუხედავად ამისა, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა იმავე სასტუმროს ნომერში მეორე დღესაც მოწია სიგარეტი და მესამე დღესაც და ისევ და ისევ დააჯარიმეს. ჯარიმა კი ბიუჯეტმა დაფარა. ანუ ჩვენ“, -წერს გამოცემა.

ექსპერტ მამუკა არეშიძის თქმით, უცხოელმა დიპლომატებმა რამდენჯერმე, დიპლომატიური არხებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მარგველაშვილზე საგანგებო დოკუმენტები გადაუგზავნეს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის უცნაური თუ სკანდალური ქცევის შემცველია, თუმცა, უწყება, ამ დოკუმენტებზე კომენტარს არ აკეთებს.

მსუბუქ თუ მძიმე ნარკოტიკებთან კონტექსტში პრეზიდენტები თითქმის არ მოიხსენიებიან, ქალებსა თუ სასმელზე მეტად ისინი სწორედ ნარკოტიკებს გაურბიან. თუმცა, „პრაიმტაიმის“ წყაროს ინფორმაციით, მარგველაშვილი არა მხოლოდ სასტუმროში, თვითმფრინავის სალონშიც ეწევა, სადაც მოწევა ასევე კატეგორიულად აკრძალულია. ეწევა მათ შორის, მარიხუანასაც.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები