ბათუმის აეროპორტში დაბადებული ჩვილის დედა მოსკოვში გაემგზავრა – ახალშობილი საქართველოს მზრუნველობის ქვეშ დარჩა

ბათუმის აეროპორტში დაბადებული ჩვილის დედა მოსკოვში უკვე გაფრინდა, ახალშობილი საქართველოში დარჩა. რა პროცედურები დაიწყო და რა ვალდებულება აქვს სახელმწიფოს საერთაშორისო კონვენციით – ამ უჩვეულო ბედის მქონე ბავშვის ისტორიის შესახებ გაზეთი “პრაიმტაიმი“ დღევანდელ ნომერში წერს.

ყველაფერი ბათუმის აეროპორტში დაიწყო… ასეთ ექსტრემალურ ვითარებაში ძალიან იშვიათად იბადებიან და კიდევ უფრო იშვიათია შემთხვევები, როცა კრიზისს ახალშობილები დედის გარეშე ებრძვიან.

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ახალგაზრდა ქალმა თავი შეუძლოდ იგრძნო და აეროპორტის თანამშრომლებმა მორიგე ექიმს დაუძახეს. „ევექსის“ ექიმს ასეც უთხრეს, გასაფრენ დარბაზში მგზავრი თავს ცუდად გრძნობსო.

იმ ღამეს „ევექსის“ სამედიცინო კაბინეტში რუსუდან ცისკარაძე მორიგეობდა. დასახმარებლად პირველადი დახმარების ჩანთით გავიდა. იფიქრა, სტანდარტულ შემთხვევასთან ჰქონდა საქმე. როგორც წესი, აეროპორტში მგზავრები წნევას, თავის ტკივილს ან დაძაბულობით გამოწვეულ ნერვიულ შეტევებს უჩივიან ხოლმე.

მაგრამ ის, რაც მოხდა, რა სურათიც ექიმს დარბაზში დახვდა, საქართველოში აქამდე არასოდეს დაფიქსირებულა. ამის შესახებ ჩვენ მხოლოდ უცხოურ მედიაში თუ წაგვიკითხავს.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა გასულ წელს Lufthansa-ს რეისზე მოხდა. მგზავრმა თვითმფრინავში იმშობიარა. საბედნიეროდ, მგზავრებს შორის სამი ექიმი იყო – მშობიარობაც სწორედ მათ მიიღეს.

ბათუმის აეროპორტში კი „ევექსის“ მორიგე ექიმი პროფესიით გინეკოლოგი აღმოჩნდა, სერიოზული გამოცდილებითა და პრაქტიკით.

„პროფესიით გინეკოლოგი გახლავართ. ამდენად, ფეხმძიმე ქალბატონის დანახვაზე არ დავბნეულვარ, – განუმარტა მოგვიანებით „ევექსის“ ექიმმა „პრაიმტაიმს“, – პაციენტს მაშინვე გავესაუბრე. მითხრა, რომ მშობიარობამდე ერთი კვირა ჰქონდა დარჩენილი… ტკივილების ინტენსივობით მივხვდი, რომ მშობიარობის პროცესი დაწყებული იყო, ამიტომაც სამედიცინო ოთახში გადავიყვანე“.

რუსუდან ცისკარაძემ სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახა, ამასობაში პაციენტი გასინჯა: „მშობიარობა თითქმის დაწყებული იყო, – ამბობს ის, – ნაყოფის თავი ქვემოთ იყო ჩამოსული და ჩანდა კიდეც, ბავშვი ხუთ წუთში დაიბადა, არანაირი გართულება არ ყოფილა, თუმცა, მე მობილიზებული ვიყავი და პროცესს ვმართავდი, მზად ვიყავი გართულებებისთვისაც…“

მობილიზებულნი იყვნენ აეროპორტის თანამშრომლებიც:  ზოგს ყინული მოჰქონდა აეროპორტის ბარიდან, ზოგს – უხმარი ცელოფნის პარკები, ზოგს – ბავშვის შესაფუთად საჭირო სახვევები.

სასწრაფო სამედიცინო ბრიგადას ბავშვი უკვე დაბადებული დახვდა, მშობიარობის პროცესიც დასრულებული იყო.

„ეს ნაადრევი მშობიარობა გახლდათ. დაიბადა ბიჭი, 56სმ და 2კგ, 35-36 კვირის. ქალბატონმა ფიზიოლოგიურად იმშობიარა, არავითარ გართულებას ადგილი არ ჰქონია“. – ამბობს რუსუდანი.

ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ბათუმი-მოსკოვის რეისს გასაფრენ დარბაზში ელოდა და წუთი-წუთზე უნდა გაფრენილიყო, ბათუმის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბავშვის დაბადებისთანავე კლინიკამ შეტყობინება გაუგზავნა როგორც პოლიციას, ისე სოციალურ სააგენტოს. მორიგი ექიმის ხელიდან ბავშვი სწორედ სოციალური სააგენტოს ხელში გადავიდა. ახლა ბავშვი სწორედ მათი იურისდიქციის ქვეშ არის.

„პრაიმტაიმი“ სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროს სოციალურ მუშაკს ნინო ცეცხლაძეს დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ბავშვი სახელმწიფო ზრუნვაში იმყოფება.

– არა, დედას შვილი არ მიუტოვებია, მან მხოლოდ დროებით დატოვა ბავშვი. მიზეზი რამდენიმეა. პირველი, ბავშვი დღენაკლული გაჩნდა, ის 8 თვის არის და დღემდე „ევექსის“ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება; მეორე, ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად დავეხმარეთ დედას დაბადების მოწმობის გაკეთებაში და საბუთების მოწესრიგებაში, თუმცა, მხოლოდ დაბადების მოწმობით ბავშვს საზღვარზე ვერ გადაიყვან. საემიგრაციო სამსახურს დავუკავშირდით და საბუთების გამზადებას დრო დასჭირდება. მესამე, დედას მოსკოვში შვილი და დედა ელოდა. ასევე, თქვა, რომ აუცილებლად უნდა გამოცხადდეს სამსახურში.

როგორც გავარკვიეთ, დედამ მხოლოდ სამი თვით დატოვა ბავშვი საქართველოს ხელისუფლების მზრუნველობის ქვეშ. ნინო ცეცხლაძის განმარტებით, ქალმა დატოვა ყველა კოორდინატი და მხოლოდ სამი თვით გაემგზავრა მოსკოვში, შემდეგ ის დაბრუნდება, ბავშვის საბუთებიც გამზადდება და შვილს წაიყვანს.

ამ სამი თვის განმავლობაში ბავშვს ოჯახში გადაიყვანენ, სოციალური მომსახურების სააგენტოს 2 ოჯახი უკვე შერჩეული ჰყავს. ნინო ცეცხლაძის თქმით, ისინი ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგებიან, სააგენტოს ასეთ ბავშვები მხოლოდ შესაბამისი გამოცდილების მქონე ოჯახებში გადაჰყავს.

მაგრამ რამდენად შესაძლებელია, დედა არ დაბრუნდეს? ჩვენთან საუბარში ქალბატონი ნინო ასეთ შესაძლებლობას გამორიცხავს, თუმცა, ჩვენ მას მაინც ვთხოვეთ, აეხსნა, რა პროცედურებით ხელმძღვანელობს სახელმწიფო, როცა მისი მზრუნველობის ქვეშ უცხო ქვეყნის მოქალაქეა დატოვებული.

– მე გეტყვით, როგორია პროცედურა. საერთოდ, საერთაშორისო კონვენცია გვავალდებულებს, მივმართოთ იმ ქვეყანას, რომლის მოქალაქეც არის ახალშობილი. დიახ, გიდასტურებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით, დაბადებისთანავე ჩვილი იღებს იმ ქვეყნის მოქალაქეობას, ვისი მოქალაქეც არის დედა.

– ამ კონკრეტულ შემთხვევას არ განვიხილავთ, მაგრამ მაინც რუსეთის მაგალითზე რომ გვითხრათ, რადგანაც ჩვენ არ გვაქვს აქ საკონსულო…

– თუ დედა რუსეთის მოქალაქეა, ჩვენ მას შვეიცარიის საკონსულოს მეშვეობით ვუკავშირდებით, საკონსულო რუსეთის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დაუკავშირდება და საბოლოო გადაწყვეტილებასაც ის მიღებს. როგორც წესი, ქვეყნებს ასეთი ბავშვები საკუთარი ხარჯებით გაჰყავთ ხოლმე. შესაბამისად, სამი თვის ამოწურვის შემდეგ, თუკი  ბიოლოგიური მშობლები არ გამოჩნდებიან, ჩვენ მათ ვერ დავუკავშირდებით, კონტაქტზე არ გამოვლენ, შვეიცარიის საკონსულოს მივმართავთ.

ასეთი შემთხვევები ჩვენც გვქონია. საქართველოს მოქალაქეები ჩამოგვიყვანია თურქეთიდან,  უკრაინიდან, საბერძნეთიდან. ასეთ შემთხვევაში ყველა ხარჯს საქართველოს ხელისუფლება იღებს. სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაკი მიდის იმ კონკრეტულ ქვეყანაში და ჩვილი ჩამოჰყავს. შემდეგ ჩვენ აუცილებლად ვუკავშირდებით ბავშვის ოჯახს. ყოფილა შემთხვევა, როცა დედას მიუღია ბავშვი, ან ოჯახის რომელიმე წევრს – დას ან ძმას.

ასე რომ, ახალშობილი ამჯერად „ევექსის“ მეთვალყურეობის ქვეშ არის. როგორც კი  ექიმები სააგენტოს ბავშვის გაყვანის უფლებას მისცემენ, მას ოჯახში გადაიყვანენ, სამ თვეს სწორედ იქ გაატარებს. შემდეგ კი ბათუმში დედას დაელოდებიან…

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები