ახალი დეტალები დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში – გამოძიება მიხეილ კალანდიას კვალზე გავიდა?!

ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეში ახალი დეტალები იკვეთება… როგორც ჩანს, გამოძიება 16 წლის დავით სარალიძის მკვლელობის ნაწილში მიხეილ კალანდიას კვალზე უკვე ოფიციალურად გავიდა. ეს ის მოზარდია, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა ხორავას ქუჩის ინციდენტში და რომელსაც გარდაცვლილის მამა ზაზა სარალიძე შვილის მკვლელობის თანამონაწილედ ასახელებს.

ის, რომ დავით სარალიძის მკვლელობაში გამოძიება მიხეილ კალანდიას ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობს, კარგად გამოჩნდა გასულ კვირას არასრულწლოვან დ.ღ-ს დაკავებით, რომელსაც ბრალი ცრუ ჩვენების მიცემისთვის წარუდგინეს.

გამოძიებით ირკვევა, რომ სწორედ დ.ღ. გახლდათ 51-ე სკოლის საპირფარეშოში დაწყებული ჩხუბის მთავარი ინიციატორი, რომელიც მოგვიანებით ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობით დასრულდა, მათ შორის ამ დაპირისპირებას შეეწირა დ.ღ-ს მეგობარი, 16 წლის დავით სარალიძე. მოგვიანებით, გარდაცვლილის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი მეგობრებმა გაყიდეს და, სავარაუდოდ, ზაზა სარალიძე მათ შორის სწორედ დ.ღ.-ს გულისხმობდა, რომელმაც წინასწარი გამოძიების ეტაპზე განაცხადა, რომ დავით სარალიძეს ფიზიკურად სხვებთან ერთად მიხეილ კალანდიაც გაუსწორდა, თუმცა სასამართლო განხილვაზე ფიზიკურ დაპირისპირებაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობა უარყო.

და თუ დღეს შსს გვეუბნება, რომ დ.ღ-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენება სიმართლეს არ შეესაბამება, გამოდის, რომ არსებობს მტკიცებულებები მიხეილ კალანდიას ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობის.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში დ.ღ., ასევე, ადასტურებდა, რომ დავით სარალიძის წინააღმდეგ დაპირისპირებაში მონაწილეობდა გ.ჯ-ც. ამ უკანასკნელს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მუხლით ბრალი თავიდანვე წარუდგინა, თუმცა სასამართლომ მას კვალიფიკაცია შეუცვალა და მხოლოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ. ანუ სასამართლოს განაჩენით დადასტურდა, რომ გ.ჯ-ს მიერ ადგილი ჰქონდა დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობას და არა მკვლელობას, შესაბამისად, პასუხგაუცემელი დარჩა, ვინ მოკლა 16 წლის არასრულწლოვანი? იყო თუ არა ეს მიხეილ კალანდია, რომელსაც დ.ღ. ჯერ წინასწარ გამოძიებაში, შემდეგ კი ზაზა სარალიძესთან პირად საუბარში, დავით სარალიძის წინააღმდეგ მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაში ადანაშაულებდა? ახლა ამ კითხვაზე საბოლოო პასუხი ისევ სასამართლომ უნდა გასცეს, მანამდე კი ვნახოთ, რა ინფორმაცია გაავრცელა შსს-მ დ.ღ-ს დაკავების შესახებ:

„გამოძიებით დადგინდა, რომ დ.ღ.-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტს, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა სასამართლოს და მისცა ცრუ ჩვენება.

კერძოდ, ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე გამოძიებაში მოწმის სახით გამოკითხვისას დ.ღ-მ განაცხადა, რომ გარდაცვლილ დავით სარალიძეს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ კონფლიქტში მონაწილე გ.ჯ. და მ.კ, რა დროსაც მ.კ. ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა დავით სარალიძეს, თუმცა, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მ.კ-ს ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობა უარყო.

გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასამართლო სხდომამდე დ.ღ. შეხვდა გარდაცვლილი დავით სარალიძის მშობელს და ესაუბრა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, თუმცა, სასამართლო განხილვის სტადიაზე მსგავსი შეხვედრა და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი უარყო.

შესაბამისად, მოწმე დ.ღ.-მ არასწორი ინფორმაცია არაერთხელ მიაწოდა სასამართლოს როგორც დანაშაულის, ისე შემდგომ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

აქვე გთავაზობთ ამონარიდს დ.ღ-ს მიერ სასამართლოსთვის მიცემული ჩვენებიდან, სადაც ის ფიზიკურ დაპირისპირებაში მიხეილ კალანდიას მონაწილეობის შესახებ უკვე აღარაფერს ამბობს.

„დავით სარალიძესა და გ.ჯ-ს შორის ურთიერთობა დაიძაბა, ხმამაღლა ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, იყო გაწევ-გამოწევა. გ.ჯ., სავარაუდოდ, ხელით მიედო დავით სარალიძეს, რაზეც ამ უკანასკნელმა უსაყვედურა. გ.ჯ-მ დავით სარალიძეს შეაგინა. დავით სარალიძემ მუშტი მოუქნია და დაარტყა, მერე მიეჯახა გ.ჯ-ს და შეაგდო იგი ფარდულში. ფარდულში იყო  მიხეილ კალანდიაც, რომელიც იდგა. გ.ჯ. და დავით სარალიძე იყვნენ მოხრილი, დავით სარალიძეს ქეჩოთი ეკავა გ.ჯ. მივუახლოვდი თუ არა მოჩხუბრებს, უკნიდან ვიღაცამ თავში ჩამარტყა და მას გავეკიდე. ამ დროს ცხვირში შემთხვევით მომხვდა დ.შ-ს მოქნეული იდაყვი და გავითიშე. როცა წამიყვანეს, ფარდულისაკენ გავიხედე და დავინახე დავით სარალიძე, რომელიც იყო მარტო და ბარძაყიდან მოსდიოდა სისხლი. დანის დარტყმის ფაქტი არ დამინახავს, თუმცა დავინახე, რომ ფარდულში იყვნენ მიხეილ კალანდია, გ.ჯ. და დავით სარალიძე“.

სასამართლო სხდომის ოქმებით, ასევე, ირკვევა, რომ სწორედ დ.ღ. იყო 51-ე სკოლაში დაწყებული დაპირისპირების მთავარი ინიციატორი. კერძოდ, მან სათამაშო იარაღიდან სკოლის საპირფარეშოში ესროლა მირზა სუბელიანის ვაჟს, რომელმაც შემდგომ დასახმარებლად თავისი დეიდაშვილი მიხეილ კალანდია მოიხმო, ამ უკანასკნელმა კი ხორავას ქუჩაზე თავისი მეგობრებიც მიიყვანა, მათ შორის დავით სარალიძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებული გ.ჯ.

აი, რა მოუყვა მირზა სუბელიანის ვაჟმა სასამართლოს სკოლის საპირფარეშოს ინციდენტზე:

„დ.ღ-მ ზურგსუკან რაღაც იარაღის მსგავსი გადატენა და მითხრა, რომ მესროდა, რადგან აინტერესებდა, მწარე იყო თუ არა. გავაფრთხილე, ასე არ მოქცეულიყო, მაგრამ დ.ღ-მ მაინც მესროლა, მერე კი დამემუქრა, რომ ტუალეტში ჩამაყოფინებდა თავს“.

ამის შემდეგ დაპირისპირებულმა მხარეებმა ხორავას ქუჩაზე გადაინაცვლეს, სადაც ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. აღსანიშნავია, რომ ეს უკანასკნელი არცერთ მხარეს არ წარმოადგენდა და როგორც მისი ოჯახის წევრები ამბობენ, ადგილზე სიტუაციის განმუხტვას ცდილობდა. დადუნაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან გ.ბ-ს სასამართლომ 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

და რა მოცემულობა გვაქვს ამ ეტაპზე ხორავას ქუჩაზე დატრიალებული ტრაგედიის ირგვლივ? გარდა იმისა, რომ გამოძიება დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში მიხეილ კალანდიას ბრალეულობის გამოკვეთას ცდილობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამავე საქმეზე მკვლელობის მცდელობისთვის მსჯავრი დაედო გ.ჯ-ს, რომელსაც სასამართლომ 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

დანაშაულის დაფარვისთვის პირველ ეტაპზევე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა თავად მიხეილ კალანდია, მისი ძმა და, ასევე, მამა. ამ ბრალდებით არასრულწლოვანი ძმები კალანდიების დაკავება არ მომხდარა, თუმცა საპატიმროში იმყოფება მათი მამა თენგიზ კალანდია. გამოძიების ინფორმაციით, კალანდიებისთვის ცნობილი გახდა  პირველ დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე გ.ჯ-ს მიერ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ, თუმცა მათ სამართალდამცველებს არ შეატყობინეს. როგორც ჩანს, მაშინ გამოძიება დავით სარალიძის მკვლელობაში თავად მიხეილ კალანდიას მონაწილეობას არც კი განიხილავდა.

ამავე საქმეზე მოწმის მოსყიდვის ბრალდებით დაკავებულია კალანდიების ახლობელი მერაბ მორჩაძე, დანაშაულის შეუტყობინელობის ბრალდებით კი – პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელსაც კალანდიებთან ახლო ნათესაური კავშირი აქვს. სწორედ მირზა სუბელიანის ვაჟმა მოიხმო დასახმარებლად მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე.

შს მინისტრის მოადგილის ნათია მეზვრიშვილის განმარტებით, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის დღეს, 2017 წლის 1-ელ დეკემბერს, მირზა სუბელიანი იყო ნათესავების, მკვლელობის საქმეში მოწმისა და ბრალდებულის სტატუსის მქონე კალანდიების ოჯახში, სადაც ასევე იმყოფებოდა მკვლელობაში ბრალდებული გ.ჯ. როგორც მეზვრიშვილი ამბობს, საუბრისას მირზა სუბელიანისთვის ცნობილი გახდა ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და მკვლელობაში გ.ჯ.-ს მონაწილეობის შესახებ, რაც მან არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს.

რაც შეეხება მერაბ მორჩაძეს, მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მორჩაძემ სასამართლოში ჩვენების შეცვლის მიზნით, გავლენა მოახდინა ბრალდებულ მიხეილ კალანდიაზე, რომელიც მკვლელობის ჩადენაში ამხელდა მერაბ მორჩაძის მეგობრის შვილს – ბრალდებულ გ.ჯ.-ს.

მისივე თქმით, მერაბ მორჩაძე არაერთხელ შეხვდა ძმებ კალანდიებს, ბრალდებულ გ.ჯ.-ს სასარგებლოდ ჩვენების შეცვლის მიზნით, გადასცა მათ გარკვეული თანხა. სანაცვლოდ მიხეილ კალანდიას მოსთხოვა სასამართლოში ცრუ ჩვენების მიცემა, რომ თითქოს მიხეილ კალანდია დანაშაულის ჩადენის მომენტში გ.ჯ.-ს ხელში არ დაუნახავს მკვლელობის იარაღი. მეზვრიშვილის განმარტებით, მერაბ მორჩაძე მიხეილ კალანდიას, ასევე, დაჰპირდა სამართალდამცავ ორგანოებთან ჩვენების შეცვლით გამოწვეული შესაძლო პრობლემების მოგვარებას და საკუთარი კავშირების გამოყენებას საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებისთვის.

როგორ და ვისი მეშვეობით აპირებდა მერაბ მორჩაძე სამართალდამცავ ორგანოებში მიხეილ კალანდიასთვის მოსალოდნელი პრობლემების მოგვარებას, ეს ჯერ უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ამის შემდეგ თავად მიხეილ კალანდიას სამართლებრივი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები