საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად კახა კახიშვილი დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას კახა კახიშვილი უხელმძღვანელებს. მთავრობის ადმინისტრაციის ახალი უფროსი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღევანდელ ბრიფინგზე წარადგინა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, შეიძლება, გადაუჭარბებლად ითქვას, რომ კახა კახიშვილიმინისტრთა კაბინეტის ყველაზე წარმატებული მინისტრი იყო.

„ის არის ადამიანი, რომელმაც ძალიან მნიშვნელოვანი და ფუნდამენტური რეფორმები გაატარა ერთ-ერთ ყველაზე რთულ მიმართულებაში, მაგრამ წარმატება და წარმატებული რეფორმები ერთ სექტორში არ არის საკმარისი. ჩვენ გვსურს წარმატებული და ფუნდამენტური რეფორმების გატარება ყველა მიმართულებით. მთავრობის ადმინისტრაციას რეფორმების კოორდინაციის საქმეში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ენიჭება, შესაბამისად, კახა დაიკავებს სწორედ მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ადგილს და ჩემთან ერთად ამ პოზიციიდან შეძლებს, კოორდინაცია გაუწიოს ჩვენს მიერ დაანონსებული ყველა რეფორმის დროულად დანერგვას. ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროგრამის მიხედვით, ყველა რეფორმა დაინერგება 2018-2019 წლებში. რა თქმა უნდა, განათლების რეფორმა განსაკუთრებული შემთხვევაა და ის გრძელვადიანია, მაგრამ ყველა სხვა რეფორმა, რომელიც ინიცირებულია ჩვენს მიერ და ის ახალი რეფორმები, რომლებსაც შემოდგომაზე გავაჟღერებთ, დაინერგება 2018-2019 წლებში. ამ რეფორმების კოორდინაციას და დანერგვას სჭირდება სისტემური მენეჯმენტი, ეფექტური კადრებით დაკომპლექტებული ეფექტური სამთავრობო რგოლები. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მთავრობის ადმინისტრაციას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და დარწმუნებული ვარ, კახა ამ ფუნქციას ღირსეულად შეასრულებს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

რეფორმების სწრაფი ეფექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კახა კახიშვილმა.

„უწყებებში იწყება და ზოგ შემთხვევაში დაწყებულია ძირეული რეფორმები, მაგრამ ამავდროულად, მოსახლეობას სჭირდება სწრაფი ეფექტი. ამიტომაც, ჩვენ მთავრობის ადმინისტრაციიდან, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად მაქსიმალურად გავაძლიერებთ კოორდინაციას იმისთვის, რომ სიკეთე, რომელიც მოაქვს დაგეგმილ და მიმდინარე რეფორმებს, ძალიან მოკლე დროში მიიღოს და იგრძნოს მოსახლეობამ”, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები