ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიის წევრებთან შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

 9-12 ივლისს, თბილისს სტუმრობს ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისია კულტურისა და სახელოვნებო განათლების პოლიტიკის საკითხებზე.
როგორც „კვირას“ კულტურის სამინისტროდან აცნობეს, მისიის მიზანია ფორმალური და არაფორმალური სახელოვნებო განათლების განვითარების ხელშეწყობა ქართული მხარისთვის ევროპული გამოცდილების და შესაბამისი რეკომენდაციების გაზიარების გზით. ამ თემასთან დაკავშირებით, ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ კატრინ მერკლის, ფილიპ კერნის, ბენიტო ბურგოს ბარანტესის, კიმო აულაკესა და სლაბომირ პიოტრ ზამუსკოს მონაწილეობით, უკვე არაერთი შეხვედრა გამართა განათლების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან.
11 ივლისს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროში ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
დაინტერესებულ მხარეებს ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიამ სახელოვნებო განათლების მიმართულებით ევროპული გამოცდილება გაუზიარა. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო, სახელოვნებო განათლების სფეროში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს.
შეხვედრების შედეგად, ევროსაბჭოს მისია ანგარიშს მოამზადებს, სადაც ასახული იქნება რეკომენდაციები საქართველოში სახელოვნებო განათლების სრულყოფისთვის.
აღნიშნულ თემაზე, ევროპის საბჭოს ექსპერტთა მისიის წევრებმა – კატრინ მერკლიმ, ფილიპ კერნმა, ბენიტო ბურგოს ბარანტესმა, კიმო აულაკემ და სლაბომირ პიოტრ ზამუსკომ უკვე გამართეს შეხვედრა საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრთან და მოადგილესთან. ვიზიტის ფარგლებში, მისიის წევრები კულტურისა და სპორტის სამინისტროს განათლებისა და სტრატეგიული დაგეგმვისა და მონიტორინგის სამსახურების ხელმძღვანელებს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენლებს, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული განათლების შესაბამის ექსპერტებს, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სკოლისგარეშე და უმაღლესი სახელოვნებო განათლების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდნენ.
გაიმართა ევროსაბჭოს მისიის შეხვედრა ასევე, თბილისის, თელავის, მარნეულის მუნიციპალიტეტების კულტურის და განათლების სამსახურებისა და სახელოვნებო სკოლების ხელმძღვანელებთან, აგრეთვე, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან/განათლების ექსპერტებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები