პაპუაშვილი – პოლიტიკოსების შეწყალებაზე ყაველაშვილის შეთავაზებაზე: არანაირ კავშირში არ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პოლიტიკოსების შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის შეთავაზება მიხეილ სააკაშვილს არ ეხება.

„უკრაინის მოქალაქეების მიმართ ეს შეთავაზება არ მოქმედებს. უკრაინას ისიც ეყოფა, რასაც მისი პოლიტიკური ელიტა მტრობს ქართველ ხალხს. უკრაინას, უკრაინის პოლიტიკურ ელიტას ეს ცოდვაც ეყოფა, რომ ახლა მისი მოქალაქე აქ არჩევნებში ჩართული იყოს. რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია. მის პარტიას რაც შეეხება, განაცხადოს მისმა პარტიამ, უნდა თუ არა მონაწილეობის მიღება. წინ არის ყველაფერი. ეს არანაირ კავშირში არ არის მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან. პრეზიდენტის შეთავაზებას აქვს კონკრეტული საფუძველი, ადრესატი კი არა, საფუძველი. რატომ არის საერთოდ ეს შეთავაზება გაკეთებული? ხედავთ, არის მცდელობა, მათ შორის უცხოური დაფინანსებით მოხდეს არჩევნების საბოტაჟი. „ლელომ“ განაცხადა, რომ სურს, მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. შემდეგ რომ არ იყოს საუბარი, თითქოს ლიდერებს სრულფასოვანი საარჩევნო კამპანიის წარმოების შესაძლებლობა არ ჰქონდათ, ვინაიდან კანონიერ სასჯელს იხდიდნენ, ამიტომ არის ეს შეთავაზება. სურვილი თუ არსებობს, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში, პრეზიდენტი მზად არის, შეიწყალოს ისინი, რათა საარჩევნო კამპანიაში სრულფასოვნად ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდეთ. მიხეილ სააკაშვილი გახლავთ უკრაინის მოქალაქე და მას არა თუ ჩართვის, წესით, ჩვენს არჩევნებზე საერთოდ საუბრის შესაძლებლობაც არ უნდა ჰქონდეს. ეს არის ჩარევა. განცხადება არის მკაფიო. რაც შეეხება რამდენიმე პოლიტიკოსს, რომლებმაც დაარღვიეს საქართველოს კონსტიტუცია, კანონმდებლობა, იცოდნენ, რა სასჯელი ემუქრებოდათ და მიიღეს ის სასჯელი. სხვათა შორის, უფრო მსუბუქი. ერთ წლამდე არის პატიმრობა და 7-8 თვე შეუფარდა სასამართლომ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ ყაველაშვილმა 4 ივლისს პატიმრობაში მყოფ პოლიტიკოსებს მიმართა, მიმართონ შეწყალების განცხადებით, დაადასტურონ არჩევნებში მონაწილეობის სურვილი და დაუყოვნებლივ გამოსცემს შეწყალების აქტს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები