“პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, საუბარი რომ არ იყოს საბაბებზე, თითქოს, არ ჰქონდათ საარჩევნო კამპანიის წარმოების საშუალება” – პაპუაშვილი
“საქართველოს პრეზიდენტმა მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობა, რომ არ იყოს საბაბებით საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლის მცდელობები.
„მიხეილ ყაველაშვილის განცხადებაში იყო არგუმენტაცია ამასთან დაკავშირებით. ვხედავთ, რომ უკვე დაწყებულია თავდასხმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ვხედავთ, არის მცდელობა, ჩაიშალოს. მათ შორის იყო უცხოური დაფინანსების მცდელობები, რომ დაეფინანსებინა, მაგალითად, ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზაციები, რომლებსაც პირდაპირ თავის მიზნად აქვთ გამოცხადებული არჩევნების ჩაშლა. შემდეგ, სპეკულაციები რომ არ იყოს, პრეზიდენტის განმარტებით, მისცა შესაძლებლობა იმ პოლიტიკოსებს, რომლებსაც სურთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. რომ არ იყოს საბაბებით საუბარი, თითქოს არ ჰქონდათ შესაბამისი შესაძლებლობა, საარჩევნო კამპანია ეწარმოებინათ. თუკი აქვთ სურვილი, მათი შეწყალების მზაობა გამოთქვა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.