შვედეთი და დანია რუსული ტანკერების შემოწმებას იწყებენ
შვედეთმა და დანიამ, გერმანიის მსგავსად, ბალტიის ზღვაში, მათ ტერიტორიულ წყლებში გამავალი რუსული ტანკერებისგან დაზღვევის დოკუმენტები მოითხოვეს. ამგვარად, ქვეყნები ცდილობენ შეზღუდონ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის საქმიანობა,- ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
დადასტურებული დაზღვევის არმქონე გემები, შესაძლოა, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის შავ სიაში მოხვდნენ, რაც კიდევ უფრო შეზღუდავს კრემლის შესაძლებლობას, გვერდი აუაროს ენერგეტიკულ სანქციებს.
როგორც მედია იუწყება, რუსეთის ფედერაციის „ჩრდილოვანი ფლოტი” ძირითადად ძველი, საეჭვო დაზღვევის მქონე ტანკერებისგან შედგება. ისინი ხშირად ყალბ უცხოურ კომპანიებზე არიან რეგისტრირებულნი.
შვედეთი და დანია შიშობენ, რომ ასეთმა გემებმა, შესაძლოა, ბალტიის ზღვაში ნავთობის მასშტაბური დაღვრა გამოიწვიოს და ასევე ეჭვობენ, რომ მოსკოვი მათ დივერსიისთვის, მათ შორის წყალქვეშა კაბელების დაზიანებისთვის იყენებს.