კრიმინალური ვენდეტა – რატომ არ თანამშრომლობს გამოძიებასთან პრეზიდენტის სიძე?

პრეზიდენტის ოჯახი მორიგ სკანდალში გაეხვია. გასულ კვირას, უფრო ზუსტად კი ექვს ივლისს გიორგი მარგველაშვილის სიძე, მინდია გოგოჭური კვლავ სისხლიანი გარჩევის ეპიცენტრში აღმოჩნდა, თუმცა მან გამოძიებასთან თანამშრომლობასა და ჩვენების მიცემაზე უარი თქვა. როგორც ჩანს, პრეზიდენტის ოჯახის წევრს საგამოძიებო ორგანოებისთვის ინფორმაციის მიწოდება არ სურს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი, სავარაუდოდ, შურისძიებას უკავშირდება, საქმის გახსნის შემთხვევაში კი წარსულში ჩადენილი შესაძლო დანაშაულის გამო, სამართლებრივი პრობლემები თავად მინდია გოგოჭურსაც შეექმნება. არ არის გამორიცხული, მისი მხრიდან ჩვენების მიცემაზე უარის თქმა სწორედ ამ გარემოებით აიხსნებოდეს, თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც მინდია გოგოჭური გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

„პრაიმტაიმმა“ თვალი გადაავლო სისხლის სამართლის იმ საქმეებს, სადაც მინდია გოგოჭურის სახელი ფიგურირებს, რიგ შემთხვევაში ბრალდებულის, რიგ შემთხვევაში კი დაზარალებულის სტატუსით, თუმცა მანამდე შეგახსენებთ, რა მოხდა ექვს ივლისს…

29 წლის მინდია გოგოჭურს თავს ლერმონტოვის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლთან დაესხნენ. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ბარძაყის, მუხლისა და ქუსლის არეში მიაყენეს ჭრილობები. გოგოჭურს თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა და იმავე დღეს უკვე ცნობილი იყო, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრებოდა.

მომხდარზე გამოძიება ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში დაიწყო, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ თავად მინდია გოგოჭურმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, საქმის გახსნის პერსპექტივა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.

„მინდია გოგოჭური მომხდართან დაკავშირებით გამოძიებასთან არ თანამშრომლობს და დაჭრის დეტალებზე არ საუბრობს. მიუხედავად ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ატარებს  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებს შემთხვევის ადგილზე  დანაშაულის ჩამდენი პირების დადგენა-დაკავების მიზნით“, – განუმარტეს „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გახარიას უწყებამ შემთხვევის თვითმხილველებს და მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციის მქონე ყველა პირს მოუწოდა, გამოიჩინონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და ითანამშრომლონ გამოძიებასთან, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ვინ არის მინდია გოგოჭური? ის პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას ქალიშვილის, მაშო ჩიჩუას მეუღლეა. პირველად კრიმინალურ სკანდალში 2006 წელს გაეხვია. მაშინ გოგოჭური ჯერ კიდევ არასრულწლოვანი იყო. ცხრა ძმის ქუჩაზე 23 წლის გიორგი ხელაშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს. გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ხელაშვილს გადაუდებელი ოპერაცია რესპუბლიკურ საავადმყოფოში ჩაუტარეს და, საბედნიეროდ, გადარჩა. იმავე დღეს საპატრულო პოლიციამ ეჭვმიტანილის სახით დააკავა მინდია გოგოჭური, რომელიც არსებული დაზიანებებით იმავე საავადმყოფოს რენტგენოლოგიურ განყოფილებაში იმყოფებოდა. მკურნალობის გასაგრძელებლად პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ის #1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ორ დღეში, რა დროსაც მინდია გოგოჭური საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მეთვალყურეობის გარეშე გაუშვეს საპირფარეშოში, ის საავადმყოფოდან გაიპარა.  ბრალდებულის გაქცევის ფაქტზე გამოძიება ცალკე, სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლით, დაიწყო, რაც ოთხ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების მიუხედავად, მაშინ გოგოჭურის ადგილსამყოფლის დადგენა და დაკავება ვერ მოხერხდა.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობასთან დაკავშირებით მინდია გოგოჭურს 30 დღის განმავლობაში ბრალი არ წარდგენია. საბოლოოდ ადეიშვილის უწყებამ ამ ფაქტზე სისხლის სამართლებრივი დევნაც შეწყვიტა. საქმე დღესაც გაუხსნელია.

მიმალვაში მყოფი მინდია გოგოჭური კი სამართალდამცველების ყურადღების ცენტრში უკვე 2008 წელს ხვდება. ივნისიდან ოქტომბრის ჩათვლით ის ნარკოტიკული დანაშაულისთვის პასუხისგებაში 4-ჯერ მიეცა და ყველა ჯერზე ჯარიმითა და პირობითი სასჯელით გაათავისუფლეს.

იმავე წელს კი კვლავ განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დააკავეს. საქმე ეხება 2008 წლის 30 ნოემბერს თბილისში კოჯრის ქუჩაზე მომხდარ ამბავს, რა დროსაც ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავალჯერადი გასროლით, კუთვნილი „მერსედესის“ მარკის ავტომობილში თავის, კისრისა და ფეხის არეში დაჭრეს 21 წლის გიორგი სიხარულიძე, ხოლო ბეჭის არეში დაჭრეს მისი მგზავრი, 22 წლის ბექა კვიტაიშვილი. მათთან ერთად მანქანაში იმყოფებოდნენ ელენე ჩხაიძე და თამაზ მეფისაშვილი. ეს უკანასკნელი რამდენიმე დღეში დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს, უშუალოდ განზრახ მკვლელობის მცდელობაში კი მინდია გოგოჭური და კიდევ ორი მისი მეგობარი ამხილეს, თუმცა დაკავებულები მოულოდნელად გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.

სამართალდამცველებმა მხოლოდ 2010 წელს „აღმოაჩინეს“, რომ მათ მიერ მრავალგზის დაკავებული და განთავისუფლებული მინდია გოგოჭური ჯერ კიდევ 2006 წლიდან იძებნებოდა, თავისუფლების აღკვეთის ადგილიდან გაქცევის გამო. ამ საქმეზე გოგოჭური 2010 წლის 16 ივლისს დაიკითხა მოწმის სტატუსით. მან დაადასტურა, რომ 2006 წლის 8 ივლისს, გიორგი ხელაშვილის მკვლელობის მცდელობაში უკანონოდ იყო ცნობილი ეჭვმიტანილად. მას შეეშინდა პასუხისმგებლობის და საავადმყოფოდან შეგნებულად გაიპარა, რის გამოც ინანიებდა ჩადენილ ქმედებას. ამის შემდეგ კი პროკურატურამ ბრალდებულ მინდია გოგოჭურს საპროცესო  შეთანხმება გაუფორმა, რის თანახმადაც გოგოჭური ცნობილი იქნა დამნაშავედ სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის ზომად განესაზღვრა 1 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც პირობითად ჩაეთვალა.

გოგოჭურის დაკავება-განთავისუფლებების ქრონიკა ამით არ დასრულებულა. უკვე ახალი ხელისუფლების დროს, ის 2013 წლის 30 ივნისს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქვემო ქართლის სამმართველოს მესაზღვრე-კონტროლიორისა და პატრულ-ინსპექტორების სიტყვიერი შეურაცხყოფისა და არდამორჩილების ფაქტზე დააკავეს. სამართალდამცველების შეურაცხყოფა გოგოჭურს, სულ რაღაც, 400 ლარი დაუჯდა. სასამართლომ ის სწორედ ამ ოდენობის ჯარიმით გაათავისუფლა.

იმავე წლის აგვისტოში მინდია გოგოჭური გამოძიებამ ბაჩო სირაძის დაჭრის ფაქტზე დაკითხა. შემთხვევა 2013 წლის 15 აგვისტოს ღამით, ჭონქაძის ქუჩაზე მოხდა. ანა მარგველაშვილის მეგობარი ბაჩო სირაძე ცეცხლსასროლი იარაღით მძიმედ დაჭრეს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, საქმეში მინდია გოგოჭური ურევია, თუმცა ის მხოლოდ მოწმის სტატუსით დაკითხეს და ამჯერადაც გაათავისუფლეს. საქმე დღესაც გაუხსნელია.

აღსანიშნავია, რომ მინდია გოგოჭური და მისი მეგობარი მიხეილ თათრიშვილი, გასულ წელს ვაკეშიც დაჭრეს. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარი სწორედ ბაჩო სირაძის შურისძიებას უკავშირდება. არ არის გამორიცხული, გასულ კვირას მომხდარი თავდასხმაც სწორედ ამ დაპირისპირების გაგრძელება იყოს.

და კიდევ ერთი საინტერესო დეტალი… 2014 წლის 4 იანვარს ყაზბეგის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს. ადგილზე მისულ ექიმებს გაურკვეველ კომაში მყოფი მინდია გოგოჭური დახვდათ. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, თუმცა ძიება მალევე შეწყდა. ექსპერტიზამ „ბიოს“ გადაჭარბებული მოხმარების ფაქტი დაადგინა.

ასევე, 2014 წლის 16 დეკემბერს მინდია გოგოჭურს პირადი ჩხრეკისას აღმოაჩნდა დანა, რაზეც 12 იანვარს დაჯარიმდა ადმინისტრაციული წესით, 200 ლარის ოდენობით.

პრესაში მინდია გოგოჭურის სახელი მის მეგობრებთან ერთად ფიგურირებს ზურაბ ტარყაშვილის მკვლელობის საქმეშიც. 2011 წლის 17 ოქტომბერს 23 წლის ტარყაშვილი რუსთაველის გამზირზე ჩაცხრილეს. მომხდარი ორ დაჯგუფებას შორის არსებულ დაპირისპირებას დაუკავშირდა, რომლის ერთ მხარეს სწორედ მინდია გოგოჭურის სამეგობრო იდგა, თუმცა ამ საქმეში თავად პრეზიდენტის სიძის როლი გამოძიებას არ გამოუკვეთია.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები