სკანდალური გზავნილები: ჩატაევი აბუ ჯიჰადს საქართველოს სთავაზობს, როგორც ტერაქტის მოწყობის ადგილს

აჰმედ ჩატაევის პირველი მუქარა საქარ­თველოში 2014 წლის ივლისში მოვიდა. წინა ხელისუფლებაზე განაწყენებული “ცალ­ხელა აჰმედი” ამჯერად ემუქრებოდა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. ერთ-ერთი ყველაზე საშიში ტერორისტის მუქარის მიზეზი კი შემდეგი იყო: 2015 წლის 14 ივნისს, სამართალდამცავებმა­ გომბორთან სოფელ ჯოყოლოს (პანკისის ხეობა) ყოფილი იმამი და საქართველოში “ისლამური ხალიფატის” წარმომადგენელი, აიუფ ბორჩაშვილი დააკავეს, რასაც იმავე დღეს პანკისში ანტიტერორისტული სპეცოპერაცია მოჰყვა. გაიჩხიკა “ისლამური ხალიფატის” მომხრეების სახლები. აიუფ ბორჩაშვილს ტერორიზმის ხელშეწყობა, ასევე 2014 წლის 4 აპრილს, 16 წლის მუსლიმ­ კუშტანაშვილის და 19 წლის რამზან­ ბაღ­აკაშვილის სირიაში საომრად გაგზავნა ედებოდა ბრალად (ორივე მოზარდი­ დაღუპულია). აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას დაკავებულების გათავისუფლებას სთხოვდა­ და ულტიმატუმს უყენებდა(?!).
“კვირის პალიტრამ” ექსკლუზიურად მოიპოვა ეს აუდიოგზავნილი, რომლის ტექსტსაც მკითხველს უცვლელად ვთავაზობთ:
“ისინი, რომლებიც თქვენ დააკავეთ და ციხეში ჩასვით, აიუფა და მასთან ერთად სხვებიც, საქართველოს წინააღმდეგ არაფერს­ აკეთებდნენ. ამიტომ აიუფი, თემო მოჭიდავე და სხვები გამოუშვით. ვიმედოვნებთ, რომ ჩვენს შესაძლებლობებს გაითვალისწინებთ, თქვენი ქვეყნის კომფორტისთვის, სად და როგორ მიგვიწვდება ხელი… ჩვენ შემდეგ პარასკევამდე დავიცდით, თუ ჩათვლით საჭიროდ, გვიპასუხეთ, თუ არადა, იმასაც გავიგებთ… ამის შემდეგ არამარტო თქვენი მოქალაქეების, არამედ მანდ მყოფი ტურისტების უსაფრთხოებაც დამთავრდება შემდეგი პარასკევიდან”, -აღნიშნულია გზავნილში.
„როგორც გზავნილიდან ჩანს, აჰმედ ჩატაევი ხელისუფლებას ერთკვირიან ვადას აძლევდა. მოგვიანებით გამოჩნდა, რომ ტერორისტის მიმართვას შედეგი არ მოჰყოლია. აიუფ ბორჩაშვილი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და დღემდე სასჯელს იხდის. თუმცა, მსოფლიოს ბევრი ქვეყნის სამწუხარო მაგალითზე ჩვენთანც ხვდებოდნენ (განსაკუთრებით სპეცსამსახურები), რომ იმ „პარასკევის“ შემდეგ საქართველოსთვის წამმზომი უკვე ჩართული იყო და „ხალიფატის“ მუქარა თავს კიდევ შეგვახსენებდა“, -წერს „კვირის პალიტრა“.
“კვირის პალიტრამ” ექსკლუზიურად მოიპოვა “ხალიფატის” იდეოლოგიის და ტერორისტული საქმიანობის ლოჯისტიკის ხელმძღვანელის აბუ ჯიჰადის გზავნილები, სადაც თანამებრძოლებს დავალებებს აძლევს. ამ მხრივ საინტერესოა მისი აუდიოგზავნილები აჰმედ ჩატაევთან, სადაც ის “ცალხელას” თურქეთში ტერაქტის მომზადებაზე ესაუბრება და დავალებასაც აძლევს…
ამასთან, აბუ ჯიჰადი ერთ-ერთ გზავნილში ჩატაევს კავკასიაში მობილური ჯგუფის ჩამოყალიბებაზე აზრს უზიარებს და ეუბნება, რომ ფული პრობლემა არ იქნება, თუმცა ამისთვის საჭიროა სუფთა ხალხი (და არა გამოცდილი მებრძოლები), ხალხი, რომელზეც ეჭვს არავინ მიიტანს.
ამასთან, ჩატაევის აუდიოგზავნილში დამაფი­ქრებელია ის ფაქტი, რომ ჩატაევი აბუ ჯიჰადს თავად სთავაზობს საქართველოს, როგორც ტერაქტის მოწყობის ადგილს და სავარაუდოდ, სამიზნედ ამერიკელებს ურჩევს, მიუხედავად იმისა, რომ “ხალიფატისთვის” იმ დროისთვის პრიორიტეტული თურქეთი და რუსეთის მოქალაქეებია. ჩნდება ეჭვი, რომ ჩატაევი პროვოკაციისთვის ემზადებოდა, რომლის უკანაც შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურები იდგნენ.
აჰმედ ჩატაევი: “რაც საჭიროა, ძმაო, გავაკეთებთ. მე უკვე აქ ვარ, სტამბოლში ყველაფერი – ფოტოები, გადაღებები გავაკეთეთ. ალბათ, ხვალ უკვე ანკარაში ვიწყებთ კეთებას, ანკარასა და ანტალიაში… მერე ვნახოთ… ეს არის საელჩო, ძმაო… კიდევ, ძმები შეათვალიერებენ ასეთ ადგილებს, საელჩოებს. კარგად არის დაცული, ამასფოტოებსა და ვიდეოებშიც ნახავ. ძმაო, ჩვენ ისეთი ადგილები უნდა მოვძებნოთ… რესტორნები, სადაც ისინი (რუსები. -ავტ) იკრიბებიან და მსგავსი ადგილები, რადგან ზამთარია… მოკლედ, ძმაო ამასთანავე, საქართველოშიც გავაკეთებ ამას, ეს საერთოდ აქვეა… ძმაო ვიცით, რომ სიცხე უფრო მოიმატებს, საქართველო… თურქეთის სასტუმროები უკვე აღარ იქნება ამერიკელებით სავსე… გადაღებები უკვე იქიდანაც…ეს ჯერჯერობით ჩვენ შორის დარჩეს. მოკლედ, ძმები უსაქმოდ რომ არ იყვნენ, ჩვენ იქ გვყავს ძმები, მოდი, იმათაც გადაიღონ, ფოტოები, ვიდეოები… მე უკვე ავუხსენი… იმის შესახებ, რაც მე აქ მითხრეს ვათვალიერებ რესტორნებსაც, ამასაც, იმასაც, საელჩოებს ანკარაში, ანტალიაში და სტამბოლში. ყველაფერს მოვივლი და გავაკეთებთ… ერთი უკვე გავაკეთე აქ, მე დავამთავრე, მაგრამ მათი (რუსების. ავტ) წერტილები ჯერ ვერ ვიპოვე… ძმები ათვალიერებენ ყველგან ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუშაობა დავიწყეთ, როგორც კი დავამთავრებ გამოგიგზავნი… (აუდიოგზავნილები, სავარაუდოდ, ჩაწერილია 2016 წლის ბოლოს -2017 წლის დასაწყისში)

წყარო: “კვირის პალიტრა”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები