რა სახის კოღოები და ტკიპები გვხვდება საქართველოში და რა რისკები შეიძლება მოდიოდეს მათგან

ზაფხულის ცხელი დღეები და მაღალი ტემპერატურა ჯანმრთელობისთვის  ბევრ რისკს იწვევს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უკვე გასცა რეკომენდაციები მოსახლეობისთვის, როგორ ავირიდოთ იმ დაავადებების საფრთხე, რომელთა ალბათობა ზაფხულის თვეებში მატულობს. ეს ეხება როგორც ჰაერის მაღალი ტემპერატურით გამოწვეულ პრობლემებს, ისე მწვავე ინფექციურ დაავადებებს, რომელთა სტატისტიკა, სხვა სეზონებთან შედარებით, ზაფხულში საკმაოდ იზრდება.

 არის თუ არა საქართველოში  მალარიის საფრთხე, ტკიპების იშვიათი სახეობები, რაც ბოლო წლებში გაჩნდა და რეკომენდაციები სპეციალისტებისგან – გაზეთი “პრაიმტაიმი“  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეს პაატა იმნაძეს ესაუბრა: 

 – ზაფხულის ცხელი დღეები და  მაღალი ტემპერატურა, როცა ის  დღეების განმავლობაში გრძელდება, პირდაპირ გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე. იწვევს როგორც გარკვეული დაავადებების ჩამოყალიბებას, ისე უკვე არსებულის გამწვავებას. სიცხე განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისთვის, მოხუცებისა და ქრონიკული დაავადების მქონე პირებისთვის. მაღალი ტემპერატურით გამოწვეული მთავარი რისკებია: დეჰიდრატაცია, გაუწყლოვნება, ორგანიზმში წლის დეფიციტი;  გადახურება, რომელმაც შესაძლოა, გააუარესოს გულის დაავადებებისა და სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების მქონე პირთა ჯანმრთელობის მდგომარეობა; სითბური გამოფიტვა; სითბური დაკვრა. ვერ ვიტყვით, რომ საქართველოში გვქონია შემთხვევა, როდესაც მაღალი ტემპერატურის გამო ფატალური შედეგი დამდგარა, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როდესაც მაღალ ტემპერატურას გამოუწვევია ფატალური შედეგი, ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტისთვის. იმას ვერ ვიტყვით, მამაკაცები  უფრო იტანენ სიცხეს თუ ქალები, ბიოლოგიური თვალსაზრისით სპეციფიკური განსხვავება არ არსებობს, რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან ხანშიშესული ადამიანები და პატარა ბავშვები, მათ  ყველაზე მეტად სჭირდებათ მაღალი ტემპერატურისგან მორიდება. ჩვენ სამხრეთის ქვეყანა ვართ, ტემპერატურას 40 გრადუსამდე კარგად ვუძლებთ. აი, 42 გრადუს ტემპერატურაზე უკვე გვიჭირს. უფრო მაღალი ტემპერატურა ჩვენთან  იშვიათადაა, საღამოები მაინც გვაქვს გრილი. სამი დღე მაინც უნდა იყოს 42 გრადუსი, რომ სითბური დაკვრის ტალღამ მოიმატოს, მზის დაკვრა ჩვენთან უფრო ხშირია. მთავარი რეკომენდაციები, რასაც მუდმივად ვაძლევთ მოსახლეობას – უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე, არ დაველოდოთ მოწყურებას. ეცადეთ, საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. თუ ამისი საშუალება არ გაქვთ, შეეცადეთ, დღის რამდენიმე საათი გაატაროთ საზოგადოებრივ შენობებში, მაღაზიებში, სადაც ჰაერი კონდიციონერით გრილდება.

ზაფხულის ცხელი პერიოდის დადგომისთანავე მნიშვნელოვნად მატულობს მწვავე ინფექციური  დაავადებების რისკი. მაგალითად, ჩვეულებრივზე 25-ით იზრდება მწვავე დიარეული დაავადებების შემთხვევები. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დიარეული დაავადების 50%-ზე მეტი ზაფხულობით რეგისტრირდება, რაც დაკავშირებულია გარემოში მაღალ ტემპერატურაზე პათოგენური მიკრობების ცხოველმყოფელობის გაძლიერებასთან. დიარეით მიმდინარე დაავადებათა, საკვებისმიერი ინტოქსიკაციების მაღალი მაჩვენებლები ზაფხულის პერიოდში ფიქსირდება როგორც ერთეული, ისე ეპიდაფეთქებების, ჯგუფური შემთხვევების სახით. ეპიდაფეთქებები უმეტესად უკავშირდება დაბინძურებული სასმელი წყლის მოხმარებას და მასიურ სუფრებზე არასწორად მომზადებულ-შენახული საკვების მიღებას.  ასევე, საკმაოდ მაღალი რისკია ნაწლავთა ინფექციების – სალმონელოზი, კამპილობაქტერიოზი, ნოროვირუსული ინფექციები, რომელსაც ხშირად მოსახლეობაში ენტეროვირუსს უწოდებენ, თუმცა ეს არ არის კლასიკური ენტეროვირუსი, ამ   დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება ზაფხულში, როცა  ავადობა პიკს აღწევს. მოზრდილებში  დიარეა რთულად არ მიმდინარეობს, ის უფრო მწვავეა და მისი მიმღებლობა მაღალია პატარა ბავშვებში, 2-დან 3 წლამდე.

ნაწლავური ინფექციების გამომწვევი ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია ჰიგიენური ნორმები და მისი პრევენციაც ამ ნორმების დაცვაა. ზღვაზე, როცა დედები მზეს არიან მიფიცხებული და შვილისთვის ძირითადად არ სცალიათ, ბავშვმა შეიძლება პირში ჩაიდოს კენჭი და ინფექციური პრობლემაც გაჩნდეს. ბავშვს ზღვაზე ხელებს ვერ დავბანთ, მაგრამ ჰიგიენური ხელსახოცით ძალიან ხშირად უნდა გავუწმინდოთ. იგივე პრობლემა შეიძლება მოზრდილ ადამიანსაც გაუჩნდეს. პირადი ჰიგიენის წესების დაცვის გარდა, მნიშვნელოვანია პროდუქტების შენახვის პრობლემაც, რაც ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურია. თუ პროდუქტი მაცივარში არაა შენახული, საკმარისია მასში 1-2 მიკრობი მოხვდეს, ის მაღალ ტემპერატურაზე  აუცილებლად გამრავლდება. მწვანილს შეიძლება ყოველთვის ჰქონდეს   მიკრობი, მაგრამ მას თუ ცალკე მივიღებთ, არაფერს არ დაგვიშავებს,  მაგრამ, როგორც კი ის მოხვდება არაჟანში ან მაიონეზში საკვების მომზადების პროცესში, უკვე პრობლემად იქცევა. მწვანილის ერთი უსაფრთხო მიკრობი მაიონეზიან საკვებში 20 წუთში ერთხელ ორმაგდება. შესაძლოა, სუფრაზე მაიონეზიანი საჭმელი მიიტანონ, სუფრის დასაწყისში მჯდომმა შეჭამოს, არაფერი დაემართოს და სუფრის ბოლოში მჯდომი  ამ საჭმლით ავად გახდეს. მიკრობს უყვარს  მაიონეზი, სუფრაზე 4 საათის განმავლობაში საკვებში მიკრობები ისეთ რაოდენობას მიაღწევს, რაც სრულიად საკმარისია, რომ ადამიანი დაავადდეს. სწორედ ამიტომ სჭირდება ასეთი პროდუქტების შენახვისა და დამზადების წესებს განსაკუთრებული დაცვა, მაიონეზითა და არაჟნით მომზადებული სალათები უმჯობესია მაშინ მივირთვათ, თუ მაცივრიდან ახალი გამოღებული და ცივია.

– გარდა ნაწლავური ინფექციებისა, არის დაავადებები, რომელთაც მკვეთრად გამოხატული სეზონურობა ახასიათებთ, მაგალითად, მალარია,  კოღოს მიერ დაავადების გადაცემის პიკური პერიოდი  მაისიდან იწყება, არსებობს თუ არა ჩვენთან  ამ ეტაპზე მალარიის გავრცელების  საფრთხე?   

– საქართველო მალარიის მაღალი რისკის ქვეყანაა, რადგან ბევრია მალარიის გადამტანი კოღო. საბედნიეროდ, ოთხი წელია, არ გვქონია ადგილობრივი მალარიის შემთხვევა. ბოლო ასეთი  შემთხვევები იყო კახეთში. თავის დროზე ყველა ასეთი ადამიანი დროულად აღმოვაჩინეთ და ვუმკურნალეთ, შესაბამისად, ადგილობრივი მალარიის გავრცელების რისკი ამ ეტაპზე არაა. კოღო კვლავ ბევრი გვყავს, მაგრამ არ არის ავადმყოფი, ვისგანაც კოღომ შეიძლება მალარია გადაიტანოს. რაც შეეხება შემოტანილი მალარიის შემთხვევებს, ყოველწლიურად დაახლოებით ათი ასეთი შემთხვევა გვაქვს. ამ დროს მნიშვნელოვანია  შემთხვევა დროზე ვიპოვოთ და  ვიმკურნალოთ. მთავარია,  ადგილობრივი მალარიის საფრთხე არ გაჩნდეს. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან პარაზიტმატარებელი, მალარიის ბუნებრივი გადამტანია კოღო ანოფელესი. არსებობს  ეგზოტიკური დაავადებები: ზიკას ვირუსი, ლასა, ყვითელი ცხელება, ებალა, რომლებიც კოღოს გადააქვს. ამ დაავადებების გადამტანი კოღოები ჩვენთან არის, ძირითადად დასავლეთ საქართველოში, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოშიც გვხვდება. ამაზე მთელი წელი ვახორციელებთ მეთვალყურეობას, სად რომელი კოღოა ქვეყანაში გავრცელებული. ბუნებაში კოღოს ვერავინ გააქრობს, მასთან ბრძოლა ფრთხილად უნდა წარმართო, რომ კოღოსთან ბრძოლაში  ფუტკარი არ მოკლა. შავი ზღვისპირეთის საკურორტო ზოლში ანაკლიიდან სარფამდე უკვე მეოთხე წელია, ტარდება მთელი ზღვისპირეთის დამუშავება კოღოების საწინააღმდეგო  დეზინფექციის საშუალებებით.

– არის საქართველოში ახალი მწერების გაჩენის საფრთხე, რაც აქამდე არ ყოფილა? 

–  გლობალური დათბობის პრობლემებთან ერთად იცვლება გადამტანი მწერების გავრცელების არეალები. ევროპის სამხრეთ ქვეყნებში, როგორც ხმელთაშუა, ისე შავი ზღვისპირეთში, რამდენიმე წლის წინათ გაჩნდა კოღო აედეს ეჯიპტი,  რომელიც საერთოდ არ იყო. ეს კოღო საქართველოში ბოლოს ნაპოვნი იყო აფხაზეთში 80-იან წლებში. ხუთი წელიწადია, ეს კოღო ჩვენთანაც გამოჩნდა. მან შეიძლება გადაიტანოს ის ეგზოტიკური დაავადებები, რომელიც ტროპიკულ ქვეყნებშია გავრცელებული. მეორე ასევე იშვიათი ჯიშის კოღოა ალბოპიქტუსი, რომელიც საქართველოში არასდროს ყოფილა აღწერილი, მაგრამ ამ სახეობის კოღოც გამოჩნდა. ასეთივე სიტუაციაა ევროპის სამხრეთში. ზოგ კოღოს ერთი დაავადება გადააქვს, ზოგს – მეორე, მათზე მუდმივი მეთვალყურეობაა საჭირო, მუდმივად უნდა იყო ინფორმირებული, რომელი სახეობის კოღო გყავს და შესაბამისად, რა დაავადების გავრცელების საფრთხე გაქვს ქვეყანაში.

 – ჩვენთვის, ასევე, საინტერესოა ფლებოტომუსი, იგივე მოსკიტი, რომელთაც გადააქვთ ლეიშმანიოზი. ეს არის პარაზიტული დაავადება, მისი ერთ-ერთი ფორმა ხასიათდება ხანგრძლივი ცხელებით, ღვიძლისა და ელენთის გადიდებით. ადრე ფლებოტომუსი მარტო აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, ქვემო ქართლში, თბილისში გვხვდებოდა, ახლა ფლებოტომუსი ქუთაისშიც გაჩნდა. ბუნებაში ყველაფერი იცვლება, მათ შორის მწერების გავრცელების არეალებიც. ამას ემატება ტკიპები, რომლებიც ძალიან საშიში დაავადების გადამტანი შეიძლება იყოს. ის ტკიპი, რომელიც ცხოველებს, ძროხებს ჰყავთ, როგორც წესი, განსაკუთრებით საშიში არ არის. საქართველოში ტკიპის ძალიან ბევრი სახეობაა. მათ შორის 2-3 სახეობაა, რომელსაც შეუძლია გადაიტანოს ყირიმ-კონგო, ლაიმის ბორელიოზი. ყირიმ-კონგოს ცხელების  უმეტესი შემთხვევები დაფიქსირდა იმ ადამიანებში, ვინც ძროხებს უვლიან. როგორც მათ თქვეს, ხელით მოაცილეს ცხოველს ტკიპი.  ბორელიოზი, ანუ ლაიმის დაავადება აქტუალური ზაფხულის პერიოდში ჩნდება, მაშინ როდესაც მრავლდება ტილები და ტკიპები. მათი გადამტანი ტკიპები ბინადრობენ ბუნებაში, სიმწვანეში, პრაქტიკულად ყველგან არიან აღმოსავლეთ საქართველოში. ასევე, დაფიქსირდა თბილისშიც,  დასავლეთ საქართველოში ბორელიოზის გადამტანი ტკიპები ჯერ არ გვაქვს ნაპოვნი, მაგრამ ყირიმ-კონგოს გადამტანი ტკიპები იმერეთსა და რაჭაში არის.

– ზაფხულში, როცა აქტიურად გვიწევს  ბუნებაში ყოფნა, როგორ უნდა დავიცვათ თავი მათგან?

– სახლში რომ დაბრუნდებით, უნდა დაათვალიეროთ სხეული, ეცადოთ, ბუნებაში ჩაიცვათ დახურული ტანსაცმელი. მთელი მსოფლიო დადის ბუნებაში,  ჩვენ არ გვაქვს ისეთი პრობლემა, რაც აქვთ გერმანიაში. ეს არის ვირუსი – ტკიპის მერე ენცეფალიტი. ტყეში წავლენ, დაბრუნდებიან და ენცეფალიტი აქვთ. ჩვენ ამ დაავადების გადამტანი ტკიპი არ გვაქვს. ამის შიშით გერმანელები ტყეში  არ დადიანო, ვერ ვიტყვით. ჩვენ ეს შემთხვევა ადამიანებში არ გვქონია, ბუნებაში ეს ტკიპი არსებობს.

 – ვაქცინაცია არის თუ არა ამ პრობლემებისგან თავდაცვის გზა?   არის ეს დაავადებები მართვადი ვაქცინით?

– არის დაავადებები, რომელიც ვაქცინაციით მართვადია, მაგრამ ვერ ვმართავთ. მაგალითად, წითელა, რომლის შემთხვევები ახლა გვაქვს… ვეხვეწებით ხალხს, ვევედრებით, მაგრამ მაინც არ იცრებიან. თქვენ რომ იცოდეთ, ადამიანთა რა ნაწილს აქვს შავბნელი წარმოდგენები ვაქცინაციაზე, გაოცდებით. ერთი დახურული ჯგუფია, სადაც რამდენიმე ადამიანი მყავს ჯაშუშად შეგზავნილი. მათგან ვიცი, ამ ჯგუფში რეებს წერენ, დაახლოებით, ისეთს, ადამიანს ვაქცინაციის შემდეგ მეორე ცხვირი რომ ამოსდის, ამაზე ნაკლები არ  იწერება. გეტყვით ერთ რამეს –  კვლევები აჩვენებს, რომ სოციუმის დაბალი ფენა უფრო იცრება,  ყველაზე ნაკლებად იცრება ის  ხალხი, ვისაც ინტერნეტთან  აქტიური წვდომა აქვს და ახლობლობაში  ექიმები ჰყავს, მაგრამ არაპედიატრები. მეცხვარეების ბავშვებს საძოვრებზე ვეძებთ და იქ ვცრით ხოლმე. მიწვდომადობის პრობლემა არ გვაქვს, რაც არ უნდა მიყრუებულ ადგილას ცხოვრობდეს ადამიანი, თუ ის არ არის რაიმე სექტანტური რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელი, როგორც წესი, ვაქცინაციაზე უარს არ ამბობს. ეს პრობლემა ევროპაშიც არის. ჰოლანდიაში არის პროტესტანტებით დასახლებული სოფელი, რომლებიც მოსექტანტო პროტესტანტები არიან და მთელი სოფელი უარს ამბობს აცრაზე. საქართველოში, საბედნიეროდ, ასეთი კომპაქტური დასახლებები არ გვაქვს. აცრების მოცვის ყველაზე დიდი პრობლემა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, არის თბილისში და ქუთაისში, ყველაზე კარგი მდგომარეობა აჭარაში გვაქვს.

სტატისტიკა გვაქვს ასეთი – ვაქცინების უმრავლესობა, რაც ბავშვებმა უნდა გაიკეთონ, პირველ ჯერზე 90%-ის ფარგლებშია, მეორე ვაქცინაცია 80%-ის ფარგლებში მერყეობს, მაგრამ იმისთვის, რომ საზოგადოება დაცული იყოს, ეს მაჩვენებელი 95% მაინც უნდა იყოს, როგორც პირველი აცრის, ისე რევაქცინაციის შემთხვევაში. ყოველწლიურად რჩება ბავშვების 10%, რომელიც არ არის აცრილი. ბავშვები კიდევ უფრო დაცულები არიან, მეტ-ნაკლებად, არის 18-დან 30 წლამდე პოპულაცია და, ასევე, პოპულაცია 40 წლამდე, სადაც ბევრი პრობლემაა. ყველაზე მეტად ახლა წითელა ამ პოპულაციაში ემართებათ და მათთან უფრო მძიმედ მიდის. ყველაზე უარესი ისაა, რომ ეს ის პოპულაციაა, ვინც ბავშვებს აჩენს. თუ დედა არ არის იმუნური, ბავშვს არ ექნება თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს, სანამ პირველად აცრიან. თუ დედისგან იმუნიტეტი ვერ მიჰყვება, მას არ ცრიან, აქედან გამომდინარე,  ბავშვებში ერთ წლამდე წითელა ხშირია და საკმაოდ მძიმედ მიდის.

– იყო საუბრები აცრისგან  თავის არიდების დროს პასუხისმგებლობის დაკისრებაზე და იძულების წესით აცრებზე, ეს თემა კვლავ დღის წესრიგშია? 

– ამ თემაზე ვმუშაობთ, ოღონდ ჯერ საწყის ეტაპზე ვართ, წინასწარი კონსულტაციების დონეზე როგორც პარლამენტში, ისე სამეცნიერო დონეზე. მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ამ გზით ბევრი ქვეყანა წავიდა, მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, იტალია. ერთი წელი გახდება, რაც  მათ კანონმდებლობებში ცვლილებები შევიდა. იტალიაში, საერთოდაც, ბავშვს სკოლაში, ბაღში არ მიიღებენ, თუ აცრა არ აქვს გაკეთებული. არის მოდელი, სადაც მშობელი ფინანსური სანქციით ისჯება, თუ შვილს არ აცრის. ეს ქვეყნები წლების განმავლობაში მუშაობდნენ ამ თემაზე. სანამ ძალიან არ გაუჭირდათ, რეგულაციები ვერ მიიღეს. ვნახოთ, როგორ იმუშავებს ამ ქვეყნებში გამკაცრებული რეგულაციები და მერე მათ დანერგვაზე ვიფიქრებთ, სხვა გზა არ რჩება. თუ მშობელი არ ფიქრობს, ბავშვის ჯანმრთელობაზე, მაშინ ეს ვალდებულება თავის თავზე სახელმწიფომ უნდა აიღოს.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები