ქურდული „სხოდკა“ სტამბოლში – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ბათუმელი „კანონიერი ქურდები“?

გასულ კვირას „პრაიმტაიმში“ გამოქვეყნდა სტატია, სადაც საუბარი იყო იმაზე, რომ ქართველ „კანონიერ ქურდს“ მინდია გორაძეს, იგივე „ლავას ოღლის“ ქურდული სტატუსი შეუჩერეს. სტატიაში გამოცემა „პრაიმ კრაიმზე“ დაყრდნობით აღნიშნული იყო, რომ „ლავას ოღლისთან“ ერთად სტატუსის გარეშე დარჩნენ მერაბ ჯანგველაძის კლანის წევრი „კანონიერი ქურდები“, კერძოდ, რევაზ უბილავა, იგივე „რეზო ჯვარსკი“ და ლექსო ლოგუა, იგივე „ლექსო გალსკი“.

„ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ, ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ „ლავას ოღლის“ ინიციატივით სტამბოლში მასშტაბური ქურდული „სხოდკა“ გაიმართა, სადაც მინდია გორაძის წინააღმდეგ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში, ასევე, ბათუმელი „კანონიერი ქურდი“ ასლან ქობულაძე დაადანაშაულეს, რომელიც კრიმინალურ წრეებში „ასლან ბათუმსკის“ მეტსახელით არის ცნობილი.

წყარო „ლავას ოღლის“ გარემოცვიდან გვიყვება, რომ მინდია გორაძის წინააღმდეგ რუსულ საინფორმაციო საშუალებებს დეზინფორმაცია სწორედ ასლან ქობულაძემ მიაწოდა, რომელსაც „ლავას ოღლისთან“ დიდხნიანი დაპირისპირება აკავშირებს. კერძოდ, საუბარია აჭარაში გავლენის სფეროების გადანაწილებაზე“,- წერს „პრაიმტაიმი“.

„რეალურად მინდია გორაძისთვის სტატუსის შეჩერება არ მომხდარა. ასეთი ინფორმაცია შეგნებულად გაავრცელა ასლან ქობულაძემ, რომელიც ამ სტატიის გამოქვეყნების შემდეგ ქურდებმა „სხოდკაზე“ დაიბარეს სტამბულში, მაგრამ არ გამოცხადდა. ხომ ხვდებით ეს უკვე რას ნიშნავს? მას ჰქონდა სურვილი, რომ აჭარაში მის გარეშე არაფერი მომხდარიყო, მაგრამ მინდია მასზე გაცილებით დიდი ავტორიტეტითა და გავლენით სარგებლობს. ასე რომ, ქობულაძის ამბიციები მას სულ არ აინტერესებს. რაც შეეხება იმას, თითქოს მინდია გორაძე ვინმეს კლანის წევრია, ესეც სიცრუეა, რადგან თავად ისეთი წონა და ავტორიტეტი აქვს, რომ აქეთ ჰყავს საკუთარი კლანი. როგორ შეუჩერებდა სტატუსს ნადირ სალიფოვი, როცა „გულისთან“ შესანიშნავი ურთიერთობა აქვს“, – ჰყვება მინდია გორაძესთან დაახლოებული წყარო.

ასლან ქობულაძე 2011 წელს რუსეთში დააკავეს და ნარკოდანაშაულის ბრალდებით სასჯელს ვლადივოსტოკის ციხეში იხდიდა. ის მართლმსაჯულებისგან თავის დაძვრენას ფსიქიკური პრობლემების სიმულაციით ცდილობდა, თუმცა ორგზის ჩატარებულმა სამედიცინო ექსპერტიზამ ასლან ქობულაძე შეურაცხადად არ ცნო.

მიმდინარე წლის 16 თებერვალს მას სასჯელის ვადა ამოეწურა. იმავე დღეს შსს-ს თანამშრომლებმა ქობულაძეს შეატყობინეს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე მისი დარჩენა არასასურველად არის აღიარებული და დროებით არალეგალი მიგრანტებისთვის განკუთვნილ სპეციალურ ცენტრში გადაიყვანეს.

დეპორტაციის ერთ-ერთი ყველაზე რეალური მიმართულება საქართველო იყო, სადაც ასლან ქობულაძეზე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა მოულოდნელად ის საქართველოს ნაცვლად თურქეთში აღმოჩნდა, სადაც ბოლო დროს ქართველი „კანონიერი ქურდების“ არნახული კონცენტრაცია ფიქსირდება.

2016 წელს აჭარაში ქართველმა სამართალდამცველებმა ასლან ქობულაძის ვაჟი, ბადრი ქობულაძე დააპატიმრეს. ის ერთ-ერთ კლუბში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს აიყვანეს.

ირკვევა, რომ ბადრი ქობულაძე სამ პირთან ერთად დააკავეს. მათ ხულიგნობასა და ძარცვას ედავებიან, კერძოდ: „კლუბში მყოფ ერთ-ერთ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფისა და ძალის გამოყენებით ძეწკვი ჩამოჰგლიჯეს“, – ნათქვამია ბრალის დადგენილებაში, რომელიც პროკურატურამ სასამართლოში წარადგინა.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები