როგორ სძალავენ ფულს უცხოელ ტურისტებს ქართულ კლუბებში?

შავი ზღვისპირეთში, ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, ტრადიციულად გაიზარდა უცხოელი ტურისტებისთვის სხვადასხვა თაღლითური გზით ფულის გამოძალვის შემთხვევები… თაღლითური სქემები განსაკუთრებით აქტუალურია ღამის კლუბებსა და ბარებში, სადაც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს არარსებულ მენიუში კოლოსალურ თანხებს სძალავენ. ეს მეთოდი ახალი ნამდვილად არ არის და ბოლო წლებში მსგავსი ფაქტების გამო რამდენიმე პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაშიც მიეცა, თუმცა ფაქტია, რომ მსგავსი შემთხვევები მნიშვნელოვნად აზიანებს ქვეყნის ტურისტულ იმიჯს.

ერთ-ერთი ბოლო შემთხვევა 18 მაისს ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში მოხდა, როდესაც თურქეთის მოქალაქეს 2700 ლარის გადახდას აიძულებდნენ, მანამდე კი ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს მენიუში, რომელიც მას არ შეუკვეთია, 730 ლარი მოსთხოვეს.

ბოლოს საქმეში სამართალდამცველების ჩართვაც კი გახდა საჭირო და შედეგად ბათუმში არსებულ დისკო-კლუბებში მოქალაქეებისთვის გაწეულ მომსახურებასა და პროდუქტის ღირებულებასთან შეუსაბამოდ მაღალი თანხის გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

„პრაიმტაიმს“ შსს-ში განუმარტეს, რომ გამოძიების ფარგლებში, მტკიცებულებათა მოპოვებისა და დანაშაულის ჩამდენ პირთა მხილების მიზნით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელდა შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული მოქმედებები, მათ შორის, ფარული ვიდეო და აუდიოგადაღებები.

„სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, 1983 წელს დაბადებული რ.ი. და 1985 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ა. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით, ასევე, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული ა.შ., თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეები: 1980 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1986 წელს დაბადებული ჯ.თ“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

და როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არ არის პირველი შემთხვევა… ბოლო წლებში თბილისსა და აჭარის კლუბებში გამოძალვის ფაქტი საკმაოდ ხშირია. ჩვენ თვალი გადავავლეთ კონკრეტულ საქმეებს და ორიოდე სიტყვით გიამბობთ რამდენიმე მათგანის შესახებ:

გასული წლის აპრილში თბილისში, ლესელიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ღამის კლუბში ინდოელ ტურისტებს 2 ბოთლ ლუდში 3 ათასი ლარის გადახდა მოსთხოვეს და ფიზიკური შეურაცხყოფაც მიაყენეს. ტურისტები ჰყვებიან, რომ მათ თანხა იძულებით გადაახდევინეს და დაემუქრნენ, რის შემდეგაც წაართვეს ტელეფონიც.

„ცალკე ოთახში გაგვიყვანეს, მერე სამი ადამიანი მოვიდა. კლუბის უსაფრთხოების წარმომადგენლები არ იყვნენ. მაქსიმუმ, ათი წუთი გავატარე კლუბში, მივხვდი, რომ რაღაც რიგზე არ იყო. ვიფიქრეთ, ბარში ფულს გადავიხდიდით და წავიდოდით. ბარში 3600-ლარიანი ჩეკები მოგვიტანეს. ვუთხარით, რომ ჩვენ მხოლოდ 2 ბოთლი ლუდი გვქონდა დალეული, მაგრამ მათ გვითხრეს, შამპანურიც შეუკვეთეთო და ცალკე ოთახში გაგვიყვანეს. იმ დროს მხოლოდ 4 ადამიანი იყო და გვეუბნებოდნენ, რომ გადაგვეხადა. ვუთხარით, რომ ჩვენ ამდენი ფული არ გვქონდა. შემოგვეხვივნენ და ჯიბეებშიც გვიყოფდნენ ხელს “. – იხსენებს დეტალებს ტურისტი.

უცხოელი ტურისტები თაღლითობასა და თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ ლაუნჯ-ბარ „ოთახის“ პერსონალსაც. დაზარალებულთა შორის ბრიტანეთის მოქალაქეც არის, რომელმაც პოლიციას წარუდგინა 5000-ლარიანი ელექტრონული ქვითარი, რომელიც, მისი თქმით, ზემოხსენებულ ბარში არარსებული მენიუს სანაცვლოდ გადაახდევინეს.

ბრიტანელი ტურისტი ჰყვება, რომ ბარში მხოლოდ 15 წუთით შევიდა, თუმცა, იმის გამო, რომ გარემო არ მოეწონა, მისი დატოვება გადაწყვიტა და ანგარიში მოითხოვა. მისი კუთვნილი პლასტიკური ბარათიდან კლუბმა 1400-ზე მეტი გირვანქა სტერლინგი ჩამოჭრა. მას შემდეგ, რაც ღამის კლუბის სტუმარმა ანგარიშის ოდენობა გააპროტესტა, მისი მტკიცებით, ბარის ადმინისტრაციამ დაცვა გამოიძახა და დაემუქრა. ბრიტანეთის მოქალაქეს, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ჩამოართვეს მობილური ტელეფონიც.

„ოთახის“ მენეჯერი კი ამტკიცებდა, რომ ერთმა ბრიტანელმა 15 წუთში 5000 ლარის ღირებულების სასმელის დალევა მოასწრო, თუმცა, რომელი სასმელია ამ ღირებულების, ამის დასახელება უჭირს.

ახვლედიანის ქუჩაზე მდებარე აღნიშნულ ლაუნჯ-ბარში დაზარალდა ყატარის მოქალაქეც. მუჰამედ ნადიმი ჰყვება, რომ ბარში მეგობართან ერთად შევიდა, 5 ლუდი და 4 კოქტეილი შეუკვეთა, თან ისე, რომ მენიუში მათი ფასები წინასწარ ნახა. ყატარის მოქალაქე ამტკიცებს, რომ მან 290 ლარის ღირებულების სასმელი შეუკვეთა, თუმცა საბოლოოდ 1500 ლარის გადახდა მოუწია.

გასული წლის მაისში ბათუმში მდებარე ღამის კლუბ „ვოგში“ ერთ ბოთლ არაყში, ლუდში, ხილის ასორტში, შამპანურსა და კოქტეილში ტურისტების ერთ ჯგუფს – 9 800 ლარი, ხოლო მეორე ჯგუფს 17 500 ლარი გადაახდევინეს.

როგორც „ბათუმელები“ წერს, მას შემდეგ, რაც ტურისტებს ანგარიში მიუტანეს, ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, რის შემდეგაც მათ ბარის თანამშრომლებმა ჯერ სცემეს, შემდეგ ბარათები წაართვეს და ბარათიდან თანხა მუქარის ძალით მოუხსნეს.

ბათუმის ერთ-ერთ ღამის კლუბს თანხის გამოძალვაში ადანაშაულებდა ამერიკის მოქალაქეც. კალიფორნიის უნივერსიტეტის დოქტორანტი ჰყვება, რომ კლუბში ერთი ბოთლი ლუდი, ენერგეტიკული სასმელი და ხილი შეუკვეთა, რის შემდეგაც მოუტანეს ანგარიში, სადაც ასევე მითითებული იყო, თხილი და ვისკი, ღირებულებად კი – 450 ლარი.

ბათუმში პუშკინის ქუჩაზე მდებარე ღამის კლუბში ფული გამოსძალეს ომანელ ტურისტებსაც, რომლებიც ჰყვებიან, რომ კლუბში დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდნენ, ხილის ასორტი და „ბორჯომი“ შეუკვეთეს, რის შემდეგაც აცნობეს, რომ მათ ანგარიშზე 1035 ლარი იყო გადასახდელი.

„გავაპროტესტეთ, რაღაც შეგეშალათ-მეთქი. ხელმეორედ მოგვიტანეს ქვითარი, სადაც უკვე 770 ლარი იყო მითითებული, მაგრამ ესეც შეუსაბამო იყო იმასთან შედარებით, რაც შევუკვეთეთ. ვუთხარი, რომ ამას არ გადავიხდიდით. დაცვის ბიჭები მოვიდნენ, მკლავზე ხელი მომკიდეს და მითხრეს, რომ ცალკე ოთახში გაგვიყვანდნენ და გვცემდნენ. ფული გადავიხადეთ. ქვითარი დაცვის თანამშრომელმა იქვე დახია“, – ამბობს ეჰმედ ნ.

სოციალურ ქსელში საკმაოდ გახმაურებული აღმოჩნდა არაბი ბიზნესმენის ისტორია, რომელსაც ბათუმის ღამის კლუბში ერთ ფინჯან ჩაიში 500 ლარი გადაახდევინეს.

47 წლის ბიზნესმენი აბდულ აზიზი ჰყვება, რომ ბათუმში დასასვენებლად იყო ჩამოსული და პირველივე საღამოს ღამის კლუბში სტუმრობა ძვირი დაუჯდა:

„საღამოს ტაქსი გავაჩერე და ვუთხარი, კლუბში წავეყვანე. მან კლუბ „დუბაიში“ წამიყვანა. 10 წუთი ვიჯექი, ჩაი შევუკვეთე და ვუთხარი, ანგარიში მოეტანათ. მომიტანეს ჩეკი, რომელსაც 700 ლარი ეწერა, ვუთხარი, რომ შეცდომა იყო და მე მხოლოდ ჩაი შევუკვეთე, მაშინ ამაყენეს ადგილიდან და ოთახში შემიყვანეს, სამი კაცი შემომყვა, სამივე ძალიან დიდი იყო, მოვიდნენ და მეუბნებოდნენ, ან ფულს გადაიხდი ან მოგკლავთო. ვუთხარი, რომ მეგობართან დავრეკავდი, თუმცა ტელეფონიც არ ამომაღებინეს.

სულ, 500 ლარი მქონდა, ამიტომ ახალი ქვითარი მომიტანეს, სადაც 500 ლარი ეწერა, მივეცი ფული და ვუთხარი, ჩეკი ამოერტყა, რომ დამამტკიცებელი საბუთი მქონოდა. გადავიხადე თუ არა, უხეშად მითხრეს, რომ კაფე დამეტოვებინა“, – ჰყვება არაბი ბიზნესმენი.

„მომხმარებელთა უფლებების ასოციაციის“ ხელმძღვანელი გია ბურჯანაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ჰყვება, რომ უცხოელ ტურისტებს თაღლითური გზით ფულს სძალავენ არა მხოლოდ კლუბებსა და ბარებში, არამედ ტაქსის მძღოლებიც კი, რაც სერიოზულ ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს და საფრთხეს უქმნის ტურისტულ პოტენციალს.

მაგალითად, ბურჯანაძე იხსენებს ფაქტს, როდესაც ტაქსის მძღოლმა თბილისის აეროპორტში ჩამოსული ტურისტი, შავ ზღვის ნაცვლად, თბილისის ზღვაზე დატოვა.

გია ბურჯანაძე, „მომხმარებელთა უფლებების ასოციაცია“:

– ყოველწლიურად ტურისტულ სეზონთან ერთად ღამის კლუბებსა და სხვადასხვა გასართობ დაწესებულებებში აქტიურდება ასეთი სქემები. არსებობს სამი სახის მენიუ: ქართველი მომხმარებლისთვის, უცხოელი ტურისტისთვის და ნასვამი ტურისტისთვის. ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. მენიუში წერენ ჩვეულებრივ ფასებს, რეალურად კი ანგარიში მოდის შეუსაბამოდ მაღალი, შეიძლება ითქვას, კოლოსალური თანხებით.  ერთი თვის წინ გვქონდა შემთხვევა, როდესაც ინდოეთის მოქალაქეს 8-ლარიან შამპანურში 5000 ლარი გადაახდევინეს. შემდეგ ამ ადამიანმა მიმართა პოლიციას. გარდა ამისა, ძალიან დიდ თანხებს სძალავენ ტურისტებს ტაქსის მძღოლებიც.

– რას გულისხმობთ კონკრეტულად?

– მაგალითად, ცოტა ხნის წინ თბილისის აეროპორტში ჩამოვიდა ტურისტი, რომელიც მიემგზავრებოდა აჭარაში, შავი ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად. მძღოლმა ატარა რამდენიმე საათი თბილისის ტერიტორიაზე, ბოლოს აიყვანა თბილისის ზღვაზე და უთხრა, რომ ეს არის შავი ზღვა. 200 დოლარი გადაახდევინა. ზამთარში გვქონდა შემთხვევა, როცა ტაქსს ყაზბეგში სთხოვა ტურისტმა წაყვანა, რეალურად კი თიანეთთან ახლოს, თოვლიან ადგილზე დატოვა და უთხრა, ყაზბეგიაო. რაც შეეხება კლუბებში თანხის გამოძალვას, ამ მხრივ პირველ ადგილზეა თბილისი, მეორეზე – ბათუმი. ორივე ამ ქალაქში უკვე ათეულობით შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც უცხოელ ტურისტებს არარეალურ მენიუში კოლოსალური თანხების გადახდას აიძულებენ. ეს თაღლითური სქემა სახელმწიფომ რამენაირად თუ არ დაარეგულირა, მერწმუნეთ, ეს ხალხი აქ მეორედ ნამდვილად აღარ ჩამოვა და უფრო მეტიც, მაქსიმალურად გაავრცელებს ინფორმაციას, როგორ ექცევიან საქართველოში ტურისტებს. ეს ძალიან საზიანოა ქვეყნისთვის, რომლისთვის ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

წყარო: გაზეთი “პრაიმტაიმი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები