ავღანეთში „თალიბანის“ მებრძოლებმა 16 პოლიციელი მოკლეს
“თალიბანის“ მებრძოლებმა ავღანეთის ბადღის პროვინციაში მომხდარი თავდასხმისას, სულ მცირე 16 პოლიციელი და ორი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს.
ქაბულში მდებარე უშიშროების უწყების წარმომადგენლის განცხადებით, „თალიბანის“ მებრძოლებმა პოლიციის რვა ბლოკ-პოსტის აღება მოახერხეს ხსენებულ პროვინციაში, თუმცა სამთავრობო ძალებმა ორ მათგანზე კონტროლის აღდგენა უკვე შესძლეს.
ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არავის აუღია, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ბადღის პროვინციაში ბოლო ორი დღეა, რაც „თალიბანი“ აქტიურობს, დიდი ალბათობით მომხდარში სწორედ მათი მებრძოლების ხელი ურევია.
შეგახსნებთ, რომ „თალიბანმა“, ავღანეთის ხელისუფლების წინააღმდეგ შეიარაღებული მოქმედებები 2 დღის წინ განაახლა მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ არსებული ზავის გაგრძელებაზე ქვეყნის მთავრობას უარი განუცხადა.