იემენის ჰუსიტურმა მთავრობამ შესაძლოა, ჰოდეიდადის პორტი გაეროს გადასცეს მმართველობაში
იემენის ჰუსიტურმა მთავრობამ სურვილი გამოთქვა, ჰოდეიდადის პორტის მენეჯმენტი გაეროს გადააბაროს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ექსპერტების განცხადებით, ხსენებული გადაწყვეტილება იემენში უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისს თავიდან აიცილებს.
საუდის არაბეთის კოალიციურმა ძალებმა კი პირობა დადეს, რომ იემენის უმსხვილესი პორტისა და აეროპორტისთვის ბრძოლები, უახლოეს დღეებში დასრულდება, მას შემდეგ, რაც ყველა საკვანძო პოზიციის აღება მოხდება. კოალიციის წარმომადგენლის განცხადებით, ბრძოლები არ გადაინაცვლებს ქალაქის ცენტრში მდებარე, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში, რათა მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი მინიმუმამდე იქნას დაყვანილი.
ცნობისათვის, საუდის არაბეთის კოალიციური ძალები იემენში მიმდინარე სამოქალაქო ომში 2015 წელს ჩაერთნენ. კოალიციური ძალების განცხადებით, ჰოდეიდადის პორტის აღება მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ამ პოზიციის დაკავებით, ჰუსიტების მთავრობა შემოსავლის ძირითადი წყაროს გარეშე დარჩება.